ტვიტერმა აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ვიდეომიმართვაზე ინტერეაქციის ფუნქცია შეზღუდა და ის ძალადობის რისკის შემცველად მონიშნა. ამ ვიდეომიმართვაში დემონსტრანტებს, რომელთა ნაწილი კაპიტოლიუმში შეიჭრა, ტრამპმა "განსაკუთრებულები" უწოდა და უთხრა, რომ ისინი უყვარს.

"მაგრამ ახლა სახლში წასვლის დროა. ჩვენ უნდა გვქონდეს მშვიდობა. ჩვენ უნდა გვქონდეს კანონიერება და წესრიგი", — განაცხადა მან.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ტრამპის პოსტებზე ფეისბუქსა და ტვიტერს შესაბამისი რეაქცია აქვთ და მას მონიშვნას უკეთებენ.

ტრამპის ვიდეომიმართვას წინ უძღოდა არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გამოსვლა, რომელმაც ტრამპს მოუწოდა, ამომრჩევლებისთვის მიემართა.

ვაშინგტონში, კაპიტოლიუმთან მიმდინარე ტრამპის მხარდამჭერების აქცია დაპირისპირებაში გადაიზარდა. დემონსტრანტებმა ბარიერი გაარღვიეს და შენობაში შეიჭრნენ. კონგრესში ევაკუაცია გამოცხადდა, ქალაქში კი კომენდანტის საათი.

შეწყდა სხდომა, რომელზეც არჩევნების შედეგები უნდა დაემტკიცებინათ. სწორედ ამას აპროტესტებდნენ ტრამპის მხარდამჭერები, რადგან მოქმედ პრეზიდენტს სჯერა, რომ მან გაიმარჯვა და არჩევნები გაყალბდა.

ამ ეტაპზე ვრცელდება ინფორმაცია ერთ დაჭრილ მოქალაქესა და რამდენიმე დაშავებულ პოლიციელზე.

გაიგეთ მეტი: