პარლამენტის კულტურის, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, თეა წულუკიანის თქმით, საფრანგეთის სახელმწიფომ ბიძინა ივანიშვილი სათანადოთ დააფასა.

"ძალიან სასიხარულოა, რომ პრეზიდენტ მაკრონის მიერ პანდემიასთან ბრძოლის საქმეში და 40-წლიანი, როგორც თავად ფრანგები უწოდებენ, უზადო და ღირსეული სამოქალაქო საქმიანობისთვის საპატიო ლეგიონის ორდენი გადაეცა თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მეცენატს და ჩვენი ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ჩვენ ვკითხულობთ პრეზიდენტ მაკრონის დეკრეტში, რომ ამ ჯილდოს გადაცემა მოხდა საფრანგეთის ევროპულ და საგარეო საქმეთა მინისტრის და საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის წარდგინებით და ინიციატივით.ეს ჯილდო, როგორც ვიცით, ნაპოლეონ ბონაპარტის მიერ იქნა შექმნილი და მას შემდეგ გადაეცემა კაცობრიობის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილისთვის როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო პირებს", — ამბობს წულუკიანი.

წულუკიანის თქმით, ეს საქართველოსთვის დიდი აღიარება და გამარჯვებაა. საქართველოსა და ივანიშვილის ოჯახს ულოცავს ამ ჯილდოს. წულუკიანი აღნიშნავს, რომ ივანიშვილის ოჯახმა, როგორც საქართველოს, ისევე მსოფლიოს განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა და ეს წვლილი დღეს საფრანგეთის სახელმწიფომ ღირსეულად დააფასა.

დღეს, 6 იანვარს ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განკარგულებით, ქართული ოცნების თავმჯდომარესა და ყოფილ პრემიერმინისტრ, ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერის ტიტული მიენიჭა. განკარგულების თანახმად, რომელიც 2020 წლის 31 დეკემბრით თარიღდება, ივანიშვილის გარდა ორდერი ათეულობით პირს მიენიჭა.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ბოლო ერთი წლის განმავლობაში საფრანგეთი და სხვა ქვეყნები ჯანდაცვის სფეროში სერიოზულ კრიზისს წააწყდნენ. სწორედ ამიტომ ორდენით დაჯილდოებულთა დიდი ნაწილი სწორედ პანდემიასთან ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის შეირჩა. განკარგულებაში ნათქვამია, რომ ივანიშვილი საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელი და საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრია.

აღნიშნული ორდენი მეცხრამეტე საუკუნიდან გაიცემა და მას 92 ათასზე მეტი წევრი ჰყავს. ორდენი გადაცემული აქვთ სადაო რეპუტაციის მქონე პოლიტიკოსებსაც, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, მიანმარის ლიდერს აუნ სან სუ ჩის, რუმინეთის დიქტატორს ნიკოლაე ჩაუშესკუ (ანულირებული), კუბის დიქტატორს ფულხენსიო ბატისტას, ჰონგ-კონგის მმართველ კერი ლამსა და ა.შ