ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ვაქცინის მიმართ მოსახლეობის ნდობა სერიოზული პრობლემაა. მისი ინფორმაციით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ნოემბერში საქართველოში ჩაატარა კვლევა, რომლის მიხედვითაც მოსახლეობის ნახევარიც კი არ არის დადებითად განწყობილი ვაქცინაციის მიმართ.

"ვაქცინის მიმართ ნდობა და სურვილი, რომ გაიკეთოს ვაქცინა, იქნება ძალიან სერიოზული პრობლემა. ჩვენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გვეხმარება, რეგულარულად ტარდება გამოკითხვა მოსახლეობის კოვიდთან დაკავშირებულ სხვადასხვა ასპექტებზე. ვაქცინასთან დაკავშირებითაც ჩატარდა სადღაც ნოემბრის ბოლოს და დაახლოებით 47% იყო მოპასუხეების, რომლებმაც თქვეს, რომ აქვთ სურვილი, ანუ გაითვალისწინებდნენ ვაქცინის ჩატარების [რეკომენდაციას], ანუ, თუ მათ ასეთი შეთავაზება ექნებოდათ", — განაცხადა გაბუნიამ პალიტრანიუსის ეთერში.

გაბუნიას ინფორმაციით, ვაქცინის მიმართ სანდოობის გასაზრდელად საინფორმაციო კამპანიები იგეგმება.

"ამას დასჭირდება ძალიან სერიოზული საინფორმაციო კამპანია, ისევე, როგორც ეს ბევრ სხვა ქვეყანაში ტარდება. ასევე, მაგალითების გაცნობა. კიდევ მეტი ინფორმაცია სჭირდება როგორც სამედიცინო სფეროს, ასევე მოსახლეობას ვაქცინაზე, გვერდით მოვლენებზე და ყველაფერზე, რაც შეიძლება დღეს ასე მკაფიოდ გამოხატული და გაჟღერებული არ არის. ესეც დაიწყება ძალიან მალე. ამაზეც მიდის უკვე მუშაობა და მზადება ამისთვის", — განაცხადა თამარ გაბუნიამ.

თამარ გაბუნიას თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ქვეყანაში გაზაფხულზე შემოვა.

გაიგეთ მეტი: