ადამიანების ინტერესი კოსმოსის მიმართ მუდმივად იზრდება. ჯერ კიდევ არ ვიცით ზუსტად, თუ როგორ ჩამოყალიბდა ჩვენი მზის სისტემა, როგორ მოხდა არაორგანული ნივთიერებებიდან ორგანულის წარმოქმნა, დედამიწის გარდა სად და რა ფორმით არსებობს სიცოცხლე და ა.შ. სწორედ ამ და კიდევ უამრავ სხვა კითხვაზე პასუხის გაცემას ემსახურება კოსმოსური მისიები, რომლებსაც სხვადასხვა კოსმოსური სააგენტოები 2021 წელს გეგმავენ, ან რომლებიც უკვე გაშვებულია და ამ წელს მიაღწევენ დანიშნულების ადგილს. ამ სტატიაში გთავაზობთ 14 კოსმოსურ მისიას, რომლებიც მეცნიერებს მზის სისტემის შესწავლაში დაეხმარება და შესაბამისად, ჩვენც მეტ ინფორმაციას შეგვძენს კოსმოსის შესახებ.

1. იანვარი — Q-PACE — NASA-ს მისია, რომელიც ნაწილაკების შეჯახებებს შეისწავლის

CubeSat

CubeSat

ფოტო: www.universetoday.com

კოსმოსის საკვლევი მინიატურული სატელიტის ნაწილაკების აგრეგაციისა და შეჯახების ექსპერიმენტი (Q-PACE) მიზნად ისახავს მიკროგრავიტავიის პირობებში, პატარა მოცულობაში ნაწილაკების შეჯახებებისა და შეერთების შესწავლას. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ამ ექსპერიმენტების შედეგებით ისინი შეძლებენ ადრეული ნაწილაკების კოაგულაციის შესწავლას, რამაც მოგვიანებით პლანეტების ფორმირება გამოიწვია.

2. 9 თებერვალი — Hope — არაბთა გაერთიანებული საამიროების მისია მიაღწევს მარსს და მის გარშემო დაიწყებს მოძრაობას

ფოტო: spaceflight101.com

არაბთა გაერთიანებული საამიროების მარსის მისია ჯერ პლანეტას მიაღწევს, შემდეგ კი მის გარშემო დაიწყებს მოძრაობას. მისიის მიზანია, შეისწავლოს მარსის ატმოსფეროს დინამიკა, მისი ურთიერთქმედება გარე კოსმოსთან და მზის ქარებთან. მისი საშუალებით მეცნიერები ასევე ეცდებიან აღმოაჩინონ კავშირი მარსის ამჟამინდელ ამინდსა და პლანეტის უძველეს კლიმატს შორის, ისევე, როგორც მარსის ატმოსფეროს ქვედა და ზედა ფენებს შორის. მისიის კიდევე ერთი მიზანია, შექმნას გლობალური სურათი იმისა, თუ როგორ იცვლება მარსის ატმოსფერო ყოველდღიურად, თუ მთელი წლის მანძილზე.

ასევე იხილეთ: არაბთა გაერთიანებული საემიროების პირველი მარსის მისია

3. თებერვალი — Tianwen 1 — ჩინეთის ორბიტერის, დამშვები მოდულისა და მოხეტიალის გაშვება მარსზე

ფოტო: images.firstpost.com

Tianwen 1 ჩინეთის კოსმოსური მისიაა, რომელიც ქვეყანამ 2020 წლის 23 ივლისს გაუშვა. აღნიშნული ორბიტერი, დამშვები მოდული და მოხეტიალე მარსს 2021 წლის თებერვალში მიაღწევენ. მისიის ფარგლებში, ამ მოწყობილობებმა უნდა შეძლონ სამიზნე პლანეტის ტოპოგრაფიისა და გეოლოგიის, მისი ნიადაგის, მასში არსებული წყლისა, თუ ყინულის მოცულობის კვლევა. გარდა ამისა, მისიის მიზანია, პლანეტის ზედაპირული მასალის შემადგენლობის განსაზღვრა, მისი იონოსფეროს, კლიმატის, გარემო-პირობებისა და გრავიტაციული და მაგნიტური ველების შესწავლა.

ასევე იხილეთ: ჩინეთის მარსის როვერმა Tianwen-1-მა დედამიწა დატოვა

4. 18 თებერვალი — Mars 2020 — NASA-ს მოხეტიალე და შვეულმფრენი მარსის კრატერ იეზეროზე დაეშვებიან

ფოტო: mars.nasa.gov

Mars 2020 მისიის ფარგლებში, NASA მარსზე განათავსებს დიდ მოხეტიალესა და შვეულმფრენს. პროექტში ძირითადი აქცენტი გაკეთდება იმის კვლევაზე, თუ რამდენად ხელსაყრელია ეს პლანეტა სიცოცხლისთვის და როგორია მისი წარსული. გარდა ამისა, იგეგმება ნიმუშების შეგროვება მომავალი მისიებისთვის. Mars 2020-ის მთავარი მიზანია, მარსის წარსული გარემოს შესწავლა და მასზე მიკრობული სიცოცხლის არსებობის ნიშნების ძიება. რაც შეეხება შვეულმფრენს, მის დანიშნულებას წარმოადგენს პლანეტის ატმოსფეროზე დაკვირვებების წარმოება.

ასევე იხილეთ: ნასამ ახალი როვერის, Mars 2020-ის ციური ამწე გამოსცადა

5. 20 თებერვალი — Parker Solar Probe — NASA-ს კოსმოსური ხომალდი მეოთხედ ჩაუფრენს ვენერას

ფოტო: cdn.sci-news.com

Parker Solar Probe-ს მთავარ მიზანს მზის გარშემო მოძრაობა და მისი ენერგიის ნაკადის, მზის გვირგვინისა და მზის ქარების შესწავლა წარმოადგენს. ამ მისიის ძირითადი მიმართულებებია: 1. ენერგიის ნაკადის შესწავლა, რომელიც იწვევს მზის გვირგვინის გათბობასა და მზის ქარების აჩქარებას; 2. პლაზმისა და მაგნიტური ველების სტრუქტურისა და დინამიკის შესწავლა, რომლებიც იწვევენ მზის ქარების წარმოქმნას; 3. იმ მექანიზმის აღმოჩენა, რომელსაც გადააქვს ენერგეტიკული ნაწილაკები. რა თქმა უნდა, ეს მისია ორიენტირებულია მზეზე, და არა პლანეტა ვენერაზე. გარდა ამისა, მისი აღჭურვილობა განსხვავდება იმ ინსტრუმენტებისგან, რომლებსაც მეცნიერები პლანეტების შესასწავლად იყენებენ: რადარი, სპექტრომეტრი და ა.შ. თუმცა, ვინაიდან ხომალდი საკმაოდ ახლოს ჩაუფრენს ვენერას, ის მაინც შეძლებს მეცნიერებისთვის გარკვეული სახის ინფორმაციის მიწოდებას ამ ჯოჯოხეთური პლანეტის შესახებ.

ასევე იხილეთ: Parker Solar Probe-მა მზიური ქარის ხმა ჩაწერა

6. ივნისი-ივლისი — Peregrine Mission 1 — NASA-ს მთვარის დამშვები მოდულის გაშვება

ფოტო: www.americaspace.com

Peregrine 1, სავარაუდოდ, მთვარის ზედაპირზე 2021 წლის ივლისში დაეშვება. მას NASA კომერციულ პარტნიორთან - Astrobiotic-თან ერთად გაუშვებს. იგი თავისი პირველი მისიის დროს მთვარეზე 35 კგ მასის ტვირთს ჩაიტანს, მომავალში კი ეს მაჩვენებელი 265 კილოგრამამდე გაიზრდება.

7. 22 ივლისი — DART — NASA-ს იმპაქტორის გაშვება დიდიმოსისა და დიმორფოსის ასტეროიდებზე

ფოტო: www.futurity.org

DART (ორმაგი ასტეროიდის მისამართის შეცვლის ტესტი) შექმნილია იმისთვის, რომ შეაფასოს ასტეროიდზე ხომალდის მაღალი სიჩქარით დაჯახების შედეგად გამოწვეული კინეტიკური გავლენა და დააკვირდეს მისი ორბიტის ცვლილებას. მისიის მთავარი მიზანია, შეისწავლოს, თუ რა გავლენას ახდენს ეს დაჯახება ასტეროიდზე და რამდენად უცვლის იგი მას მიმართულებას. კვლევის შედეგებს მომავალში გამოიყენებენ იმ ასტეროიდების მიმართულების შესაცვლელად, რომელთა ტრაექტორიაც დედამიწისკენაა მომართული.

8. 8 აგვისტო — Solar Orbiter — ევროპის კოსმოსური სააგენტოს კოსმოსური ხომალდი მეორედ ჩაუფრენს ვენერას

ფოტო: nssdc.gsfc.nasa.gov

მისიის მთავარი მიზანია, მზის შიდა ჰელიოსფეროსა და მზის ქარების დეტალური შესწავლა, ამ ვარსკვლავის პოლარულ რეგონებზე დაკვირვება. მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე კი პასუხი გაეცემა კითხვას: "როგორ ქმნის და როგორ მართავს მზე თავის ჰელიოსფეროს?" აღნიშნული დაკვირვებების ჩატარება დედამიწიდან არ ხერხდება. მისიის პროცესში ხომალდი ვენერას მეორედ ჩაუფრენს და პლანეტიდან ახალ გამოსახულებებს მოგვაწვდის.

ასევე იხილეთ: Solar Orbiter-ის კოსმოსურმა ხომალდმა პირველად ჩაუფრინა ვენერას

9. 11 ოქტომბერი — IM-1 — NASA-ს მთვარის დამშვები მოდულის გაშვება

ფოტო: static.wixstatic.com

IM-1 (ინტუიციური მანქანა-1)-ს NASA კომერციულ პარტნიორთან - Intuitive Machines-თან ერთად გაუშვებს. მისიის მთავარი მიზანია დამშვები მოდულის — Nova-C-ს განთავსება შროტერის ხეობაში, მთვარეზე.

10. 16 ოქტომბერი — LUCY — NASA-ს მისია ტროას ასტეროიდების შესასწავლად

ფოტო: www.americaspace.com

Lucy-ს მისიის ფარგლებში დაიწყება დაკვირვებები შვიდ ასტეროიდზე, რომელთა შორის ერთი მთავარ სარტყელს ეკუთვნის, დანარჩენი ექვსი კი — ტროის ასტეროიდების ჯგუფს.

მიიის მთავარი მიზანია, ამ ციური სხეულების ზედაპირის შემადგენლობის, აგებულების, ფორმის, ზომებისა და მასის შესწავლა. ამ მისიამ ოთხ ფუნდამენტურ შეკითხვას უნდა გასცეს პასუხი: 1. რა იყო მზის სისტემის ჩამოყალიბების საწყისი პირობები, რა ეტაპები გაიარა მან და როგორ მიმდინარეობდა ეს პროცესი? 2. როგორ გაერთიანდნენ გიგანტური პლანეტები და არსებობს თუ არა იმის მტკიცებულება, რომ მათ ორბიტა შეიცვალეს? 3. რამ გამოიწვია მათი გაერთიანება? 4. რა იყო საწყისი ორგანული ნივთიერებების წყარო?

ასევე იხილეთ: LUCY – პირველი მისია, რომელიც სატურნის ასტეროიდებს, ტროიანებს გამოიკვლევს

11. 2021 ნოემბრის ბოლო — LunaH-Map — NASA-ს მინიატურული სატელიტის მისია მთვარეზე არსებული პოლარული წყალბადის რუკის შესადგენად

ფოტო: wikimedia.org

LunaH-Map არის მინიატურული სატელიტის მისია. სატელიტი იმოძრავებს მთვარის გარშემო და დაადგენს ყინულის რაოდენობას მთვარის პოლარულ კრატერებში.

12. 2021 წლის ბოლო — NEA Scout — NASA-ს მისია დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდის შესასწავლად

ფოტო: nssdc.gsfc.nasa.gov

მისიის ფარგლებში NASA ასტეროიდის მიმართულებით გაუშვებს მინიატურულ სატელიტს, რომელიც ერთხელ მაინც მიუახლოვდება ასტეროიდს აპოლოს ასტეროიდების ჯგუფიდან და მის ფოტოებს დედამიწაზე გამოგზავნის. მისიის მიზანია, 1991 VG ასტეროიდის ფორმის, ბრუნვითი თვისებების, კოსმოსში მდებარეობის, სპექტრული კლასისა და მორფოლოგიის შესწავლა.

13. 2021 წლის ბოლო — OMOTENASH — JAXA-ს მინიატურული სატელიტის მთვარეზე დაშვების მისია

ფოტო: pbs.twimg.com

OMOTENASH JAXA-სა (იაპონიის აეროკოსმოსური კვლევის სააგენტო) და ტოკიოს ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საერთო მისიას წარმოადგენს. მისი მიზანია, მინიატურული სატელიტის დაშვებისას ისეთი ტექნოლოგიებისა და მანევრების გამოყენება, რომლებითაც შემოწმდება მომავალში ასეთი დაშვების შესაძლებლობა. იგი ასევე გაზომავს რადიაციულ ფონს დედამიწის დაბალი ორბიტის მიღმა.

14. 2021 წლის ბოლო — EQUULEUS — JAXA-ს მინიატურული სატელიტი L2-ის გაშვება მთვარის მიმართულებით

ფოტო: dl.airtable.com

EQUULEUS არის იაპონიის აეროკოსმოსური კვლევის სააგენტოსა და ტოკიოს ტექნოლოგიების უნვიერსიტეტის კიდევ ერთი საერთო პროექტი, რომლის ფარგლებშიც ისინი მთვარის რყევის ორბიტაზე გაუშვებენ მინიატურულ სატელიტს.

ოდესღაც კარლ სეიგანმა თქვა, სადღაც რაღაც დაუჯერებელი ხდება, რაც ჯერ კიდევ არ ვიცითო. სამყარო ჩვენთვის ისევ იდუმალებითაა მოცული და უამრავი საინტერესო რამ გვაქვს აღმოსაჩენი.