ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში არ შევიდა პატრიოტთა ალიანსის "რუსული შემადგენელი".

"მნიშვნელოვანია, რომ პატრიოტთა ალიანსის რუსული შემადგენელი არ შემოვიდა პარლამენტში და მე-10 მოწვევის პარლამენტი იქნება ისეთი პარლამენტი, სადაც არცერთი ღიად პრორუსული პარტია არ იქნება წარმოდგენილი", — განაცხადა კობახიძემ.

ვის გულისხმობს პატრიოტთა ალიანსის "რუსულ შემადგენელში" კობახიძეს არ დაუკონკრეტებია.

მისი თქმით, პარლამენტში არ უნდა შევიდნენ არც ღიად ანტიდასავლური პარტიები. ამ შემთხვევაში კობახიძემ პირდაპირ განაცხადა, რომ გულისხმობს ნაციონალურ მოძრაობას.

"საქართველოს პარლამენტში არ უნდა ვიხილოთ ჩვენ არც ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც არიან ღიად ანტიდასავლურები. აქ ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ნაციონალურ მოძრაობას, შესაბამის ფრთას", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღეს საქართველოს პარლამენტმა პატრიოტთა ალიანსის სამი ყოფილი წევრის, დავით ზილფიმიანის, ფრიდონ ინჯიასა და გელა მიქაძის სადეპუტატო მანდატები სცნო, ისინი პარლამენტში უკვე შევიდნენ.

გუშინ, 4 იანვარს პატრიოტთა ალიანსის საარჩევნო სიის პირველ სამ წევრს — ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიას და გოჩა თევდორაძეს — პარლამენტმა სადეპუტატო უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა. სწორედ მათ ნაცვლად შევიდნენ მიქაძე, ინჯია და ზილფიმიანი პარლამენტში.

თუ გინდა გაიგო, როგორ მუშაობს ან ვერ მუშაობს მე-10 მოწვევის პარლამენტი, რა ინიციატივები აქვთ დეპუტატებს და ზოგადად, როგორ მიიღება გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურობას განსაზღვრავს, შემოგვიერთდი ჯგუფში — რა ხდება პარლამენტში.

გაიგეთ მეტი: