7 იანვრის საშობაო ალილოს ფეხით მსვლელობა აღარ მოეწყობა. ამის ნაცვლად სამების საკათედრო ტაძრიდან სამი მიმართულებით ექვსი ავტომობილი დაიძრება, მთელ ქალაქს შემოივლის და სასულიერო პირებიც ხალხსა და ქალაქს ავტომობილებიდან აკურთხებენ.

"როგორც იყო ტრადიციულად, მსვლელობა ფეხითა და ხარ-კამეჩით ურმებზე შემოსაწირის შეგროვება, ისე აღარ იქნება. ორი ავტომობილიდან ერთზე იქნება დამაგრებული ბაირაღები, ხატები და საგალობლების გახმოვანება, ხოლო მეორე ავტომობილიდან ორი სასულიერო პირი ნაკურთხ წყალს ასხურებს და დალოცავს. ტაძარში გათვალისწინებული იქნება რა რეკომენდაციებიცაა, რომ დაიცვან დისტანცია, ეკეთოთ პირბადე, ბავშვებმა და მოხუცებმა მისვლისგან თავი შეიკავონ", — განუცხადა On.ge-ს მამა ზაქარიამ.

რაც შეეხება საშობაო შეწირულობებს, მამა ზაქარიას განმარტებით, სამების ახალგაზრდულ ცენტრში და სხვა ტაძრებში შეგროვდება, ასევე, რესპუბლიკის მოედანზე იქნება კარავი 7 იანვარს სადაც მსურველებს საკვების ან სამოსის მიტანა შეუძლიათ. მამა ზაქარიას თქმით, მიტანილი შეწირულობები გადახარისხდება და 9-10-ში მოხუცთა თავშესაფრებს, მიუსაფარ ბავშვებსა და პენიტენციური დაწესებულების პატიმრებს დაურიგდებათ.