არსებობს სიყვარული და არსებობს ხორციელი ლტოლვა. სადღაც ამ ორს შორის კი იპოვით ჟანა დიუვალს — შარლ ბოდლერის, დიდი ფრანგი პოეტის ცნობილ სატრფოს. ის პარიზელი მეამბოხე ხელოვანის მუზა იყო — სწორედ ჟანა დიუვალის შთაგონებით შეიქმნა ბოდლერის ყველაზე ცნობილი და ლიტერატურის ისტორიაში რევოლუციური ლექსები — ოდები ქალისთვის, რომელიც ბოდლერს უყვარდა სიყვარულით და უყვარდა სიძულვილითაც. კრეოლ ქალბატონს (ასე მოიხსენიებენ ხოლმე ევროპელი კოლონიზატორების შთამომავლებს კოლონიური ქვეყნებიდან) ფრანგული და ჰაიტური წარმომავლობით, საშუალება არასდროს მისცემია, მათი წინააღმდეგობრივი ურთიერთობის შესახებ თავისი თვალთახედვით მოეთხრო და მონეტის მეორე მხარე დაენახებინა ჩვენთვის.

ერთი რამ კი ცხადია: მისი შთაგონებით შექმნილი ლექსები იმდენად ვულგალურად მიიჩნია მეცხრამეტე საუკუნის ფრანგულმა საზოგადოებამ, რომ ბოდლერის უმნიშვნელოვანესი პოეტური ნაშრომის ბოროტების ყვავილების გასასამართლებლად, საფრანგეთის ყველაზე სამარცხვინო პროცესიც კი გაიმართა. "ჟანა დიუვალმა ბოდლერის საიდუმლოება ამოხსნა", — ამბობს ისტორიკოსი ჯეიმს მაკმენუსი, — "ის ბოდლერში არსებულ პოეზიას ჩასწვდა, მის ხელოვნებას შეეხო. ეს ყველაფერი კი ძლიერი ინტუიციით შეძლო". ამის მიუხედავად, დიუვალი თავის სიცოცხლეში არც ისე შესაშური რეპუტაციით სარგებლობდა პარიზში და მასზე დღეს არც ბევრი ინფორმაცია მოგვეპოვება — ქალი ისევე იყო იდუმალებით მოცული, როგორც ეს ედუარდ მანემ უკვდავყო, როცა დიუვალი უშველებელ კაბაში გამოწყობილი დახატა.

ბოდლერის ქალბატონი (ჟანა დიუვალი) ედუარდ მანეს ნახატში (1862).

ფოტო: Public Domain

მანეს ნახატი თავის დროზე რადიკალური იყო იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ის გვაჩვენებს ქალს, რომელიც თამამად და უსირცხვილოდ იკავებს დიდ სივრცეს. დიუვალს ახასიათებდნენ, როგორც ძალიან თავდაჯერებულ ქალს, რომელსაც უბრალო წარმოშობის მიუხედავად, თავი სიამაყით ეჭირა, თითქოს სამეფო ტიტულს ატარებსო. ალბათ, სწორედ ეს იყო ის თვისება, რომელმაც 21 წლის შარლ ბოდლერი მიიზიდა, როცა პირველად იხილა ახალგაზრდა დიუვალი პარიზის სამოყვარულო თეატრის სცენაზე. მაშინ ის მშობლიური ჰაიტიდან ახალგადმოსული იყო პარიზში და იმისთვის, რომ სამსახიობო კარიერა დაეფინანსებინა, თავს კაბარეს სცენაზე გამოსვლებითა და პროსტიტუციით ირჩენდა. გადმოცემის თანახმად, ბოდლერი უხალისო დადგმის დატოვებას აპირებდა, როცა სცენაზე ჟანა დიუვალი გამოჩნდა — მოულოდნელი სიყვარულით შეპყრობილი ბოდლერი სკამზე მიესვენა და მთელი დარჩენილი დრო იქ გაატარა, ხოლო მეორე საღამოს კვლავ ესტუმრა თეატრს, ამჯერად წითელი ვარდებით. ასე დაიწყო რომანი, რომელიც ათწლეულები გაგრძელდა.

23 წლის ბოდლერი, დახატული ემილ დერუას მიერ.

ფოტო: Public Domain

თუ შარლ ბოდლერს კარგად არ იცნობთ, გეტყვით, რომ ის ფრანგული პოეზიისთვის ისეთივე მნიშვნელოვანი ფიგურაა, როგორც Rolling Stones როკენროლისთვის. როგორც მაშინ ახლადწარმოქმნილი კულტურული მოძრაობის დენდიზმის მიმდევარს, ბოდლერს სწამდა, რომ მისი როლი საზოგადოებაში სხვების განცვიფრება იყო. ის თავისი ხელოვნების სრულყოფისთვის არ ერიდებოდა "პირადი ჭუჭყის" გამჟღავნებას, როგორც ეს პოეტმა ჟიულ ლაფორგიმ შეაფასა. ამგვარი თამამი და გულწრფელი მიდგომით შექმნილი ნაშრომებით კი ბოდლერმა გზა გაუკვალა მის "შთამომავალ" პოეტებს, როგორებიც არიან, მაგალითად, ტომას სტერნზ ელიოტი, უოლტ უიტმენი და კიდევ სხვა მრავალი ხელოვანი. გარდა ამისა, მას დამსახურებულად ანიჭებენ ევროპული სიმბოლიზმისა და დეკადანსის ფუძემდებლის ტიტულს. ბევრი მიიჩნევს, რომ 1857 წელს გამოცემული პოეტური შედევრით ბოროტების ყვავილები (Les Fleurs du Mal) შარლ ბოდლერმა ფრანგულ მოდერნიზმს ჩაუყარა საფუძველი.

ამგვარად, შარლ ბოდლერის სახით არსებობდა ხელოვანი, რომელიც გადასწვდა ადამიანური გრძნობების ყველა ასპექტს, ემოციების სიღრმეები იკვლია და უფლება მისცა საკუთარ თავს, მისივე პიროვნების "ცოდვილ" ნაწილში გადახლართულიყო, რათა ხორციელი და სულიერი მხარეები ერთმანეთთან დაეკავშირებინა, თუნდაც ეს მცდელობა ამაო აღმოჩენილიყო. პოეტმა ჟიულ ლაფორგმა ბოროტების ყვავილები დაახასიათა, როგორც "ხორციელი შფოთვა, რომელიც მწვავე ტანჯვად გარდაიქმნება". ამასთანავე, მადამ ბოვარის ავტორმა, გუსტავ ფლობერმა, ამ პოეტური ნაშრომის გაცნობის შემდეგ ბოდლერს "მარმარილოსავით მტკიცე და ინგლისის ნისლივით ძლიერი" უწოდა. ვიქტორ ჰიუგომ კი კრებული "nouveau frisson"-ად, ანუ თრთოლის მომგვრელად დაახასიათა.

რა თქმა უნდა, გულჩათხრობილი საზოგადოება განაცვიფრა იმან, თუ როგორ ჩამოშორდა ბოდლერი ბოროტების ყვავილებში ქრისტიანულ ღირებულებებს: პოეტურად გადმოცემული ბაბილონის გოდოლის ისტორიის ან სხვა მსგავსი სიუჟეტური ხაზის გამოყენების ნაცვლად, კრებულის ფურცლებზე "ბინძური, საზარელი არსებები" ცოცხლობენ. კრებულში ბოდლერი წერს, რომ "წყვდიადი თავადვეა სურათი-ტილო” და მართლაც, მისი ლექსები უმღერიან ვამპირებს, "სისხლის სურნელებასა" და "აჩრდილისებურ ავხორცობას". სხვადასხვა გამოცემის ილუსტრაციები ზუსტად წარმოაჩენს ამ პოეტური კრებულის განწყობას. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, იმდროინდელ ფრანგულ საზოგადოებაში წიგნი იმდენად დიდ მკრეხელობად მიიჩნიეს, რომ მასში შესული 6 ლექსი სასამართლოზეც კი გაიტანეს, რის შედეგადაც ისინი აიკრძალა და ასევე დარჩა მეორე მსოფლიო ომამდე.

კარლოს შვაბეს ილუსტრაცია ბოდლერის პოეტური ნაშრომის 1900 წლის გამოცემისთვის.

კარლო ფარნეტის ილუსტრაცია ბოროტების ყვავილების 1935 წლის გამოცემისთვის.

სწორედ ასე გადატყდა ფრანგული პოეზიის კრიტიკისა და აგრესიის ჯოხი ბოროტების ყვავილებზე, რომლის მთავარი მუზა და შთაგონება ავტორის სატრფო — ჟანა დიუვალი იყო. უფრო კონკრეტულად, სწორედ დიუვალის ამპარტავნულმა ხასიათმა და მასთან გაბმულმა წინააღმდეგობრივმა ურთიერთობამ განაპირობა კრებულში ქალის სახის მსგავსად წარმოჩენა. კერძოდ, ქალი კრებულში ორსახოვანია: თან მშვენიერია, თან მაცდური; თან ბედნიერების მომნიჭებელია და თან გამანადგურებელი ძალის მატარებელი. სწორედ საფრთხის შემცველი სიამოვნება იზიდავდა ბოდლერს დიუვალში, ეს კი ბოროტების ყვავილებშიც აისახა. მაგალითად, ერთ-ერთ ლექსში მოცეკვავე გველი (Le Serpent qui danse) აღწერილია ის მათრობელი, მაგრამ ამავდროულად მავნე სიამოვნება, რომელსაც ლირიკული გმირი სატრფოს ამბორისას განიცდის:

როგორც ლღვებიან ყინულის კლდენი

და ზღვა დიდდება —

ოდეს, კოცნისას, ღრძილების წვენი

ბაგეს მიგწვდება.

ვსვამ, ბოჰემიურს, მგონია, ღვინოს,

მათრობელს, მწარეს,

მას ვარსკვლავები ძალუძს მოჰფინოს

გულ-მკერდის არეს!

შარლ ბოდლერი, მოცეკვავე გველი (დათო აკრიანის თარგმანი)

ბოდლერი უფრო შორსაც მიდის: ის არ ერიდება სიყვარულის ბნელი, მტკივნეული მხარის წარმოჩენას. ჟანა დიუვალის მომაჯადოვებელი, მტანჯველი და დამმონებელი ძალა მძაფრადაა გადმოცემული ლექსში ვამპირი:

ო, შენ, რომელიც — ვით დანის წვერი —

ხარ ჩემს საბრალო გულში ჩამჯდარი,

შენ, ვინც დემონზე უფრო ძლიერი,

მოხველ, მორთული და გონწამცდარი.

შარლ ბოდლერი, ვამპირი (დათო აკრიანის თარგმანი)

გარდა დიუვალის შთაგონებით შექმნილი ლექსებისა, ბოდლერი შეპყრობილივით ხატავდა ქალს თავისი ესკიზების რვეულებში. მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტში ქალის რამდენიმე სავარაუდო ფოტოს პოვნა შესაძლებელია, დღეს ჟანა დიუვალის გარეგნობაზე საუკეთესო წარმოდგენას სწორედ ეს ჩანახატები გვიქმნის, რადგან არცერთი ფოტოს ავთენტურობა არ არის დადასტურებული.

შარლ ბოდლერის ჩანახატები — ჟანა დიუვალი

და მაინც, რატომ იყო მათი ურთიერთობა ასეთი ბობოქარი და წინააღმდეგობრივი? ისტორიას ფავორიტის არჩევა სჩვევია — ამჯერად ის ჟანა დიუვალს იმ ადამიანად გვაცნობს, რომელიც "ნებისმიერ შესაძლებლობას იყენებდა, რომ ოღონდაც ბოდლერისთვის ფული გამოეძალა". თვითონ ბოდლერი კი, რომელსაც ახალგაზრდა ასაკიდან ხშირად ჰქონდა ურთიერთობა პროსტიტუციით დასაქმებულ ქალებთან, დიუვალს "ქალბატონების ქალბატონს" უწოდებს. რა თქმა უნდა, დასაშვებია, რომ დიუვალი, როგორც მე-19 საუკუნის საფრანგეთში მცხოვრები მარტოხელა კრეოლი ქალი, მათ ოცწლიან ურთიერთობას პირადი სარგებლის მისაღებად იყენებდა, მაგრამ ერთი რამ კი ფაქტია: მან ბოლომდე შეძლო ბოდლერის მოჯადოვება და პოეტის შთაგონებად ქცევა. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ, თავის მხრივ, არც ბოდლერი ყოფილა იდეალური პარტნიორი — ის რთული კაცი იყო, თავისებური ჩვევებით:

ბოდლერი ტოსტის პურს დაკეპილ ხორცსა და ჟელესთან ერთად მიირთმევდა. როგორც ტიპური პარიზელი დენდი, საზოგადოებაში იმ ადამიანად ახასიათებდნენ, რომელსაც "ელეგანტურობის გარდა სხვა პროფესია არ აქვს... ვინც, წესით სარკის წინ უნდა ცხოვრობდეს და ეძინოს". მეამბოხესა და მფლანგველს, ნახევრად ბურჟუაზიულ შოპაჰოლიკს, მდიდრული გემოვნება ჰქონდა, ამაზე მისი უამრავი ვალიც მეტყველებს. მიუხედავად ამისა, 1848 წელს ბოდლერი საფრანგეთის რევოლუციას შეუერთდა და მონარქიის დამხობაშიც მიიღო მონაწილეობა.

რაც შეეხება თავად დიუვალს, როგორც ჩანს, ის თავისუფალი ქალი იყო, რომელიც არავის ეკუთვნოდა. "პოეტის გრძნობები დიუვალის მიმართ ღრმა ვნებასა და ძლიერ სიძულვილს შორის მერყეობდა" — წერს ხელოვნების ისტორიკოსი დოლანი. სამწუხაროდ, დროთა მსვლელობამ ქალი იდუმალების კიდევ უფრო დიდ ბურუსში გახვია.

ჟანა დიუვალის დაუდასტურებელი სურათები

გადმოცემის თანახმად, ჟანა დიუვალი განსაცვიფრებლად ლამაზი, მაღალი და დამოუკიდებელი ქალი იყო. შესაძლოა, ამის გამო გრძელვადიანი ურთიერთობისთვის შესაფერის პარტნიორად ვერ გამოდგებოდა, მით უმეტეს ბოდლერისთვის, რომელიც უზომოდ ერთგული იყო თავისი ძვირფასი დედის. ეს ფაქტორი კი კიდევ უფრო ართულებდა დიუვალისა და ბოდლერის ურთიერთობას, რადგან პოეტის დედას დიუვალი გულზე დიდად არ ეხატებოდა. თავად ბოდლერს ნათქვამი აქვს, რომ მის ცხოვრებაში დედამისის მერე ჟანა იყო ის ქალი, რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა, მშობლის მიმართ შეუცვლელი სიყვარულის დასტურად კი 36 წლისამ დედას წერილში შემდეგი რამ მისწერა: "დარწმუნებული იყავი, რომ მთლიანად შენ გეკუთვნი, მხოლოდ შენი ვარ".

ბოდლერი მშფოთვარე, ჩაუცხრომელი და პრობლემატური კაცი იყო. მამა, რომელმაც ხელოვნება შეაყვარა და იდეალად ჰყავდა ქცეული, პატარა ასაკშივე დაკარგა, ხოლო, რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ზოგადად ქალებთან სიძულვილიანი სიყვარულის (და პირიქით) ტიპის ურთიერთობები ჰქონდა გაბმული. ეს მით უფრო თვალნათელია ჟანა დიუვალის შემთხვევაში, რომლის წარმომავლობაც კიდევ უფრო ართულებდა სიტუაციას. დიუვალით შთაგონებული ლექსები სავსეა ეგზოტიკური ფეტიშების შემცველი ფრაზებით. "შავი ვენერა" — ასე უწოდებდა თავის აბეზარ ქალბატონს ბოდლერი. რთული წარმოსადგენი არ არის, როგორი ცხარე განხილვის საგანი გახდებოდა შერეული წარმომავლობის მქონე შავკანიან ქალთან გაბმული რომანი 200 წლის წინ.

ურთიერთობისთვის დიდი წნეხი იყო ისიც, რომ ბოდლერი მას თავისი შემოქმედების საწვავად იყენებდა. საინტერესოა, როგორ უყვარდა დიუვალი ბოდლერს: როგორც ქალი, თუ როგორც მუზა? თუ პოეტის მიერ დედასთან გაგზავნილ წერილებს წაიკითხავთ, რომელშიც ის თავის რჩეულზე საუბრობს, აუცილებლად გაგიჩნდებათ კითხვა, როგორ შეძლო ბოდლერმა ამდენი არასახარბიელო თვისებისა და განსხვავებების მიუხედავად, ამ ქალის სიყვარული. 1852 წლის წერილში ის დიუვალს ასე ახასიათებს:

"იცხოვრო არსებასთან, რომელიც შენს შრომას ოდნავადაც არ აფასებს; რომელიც წყალში ყრის ყველა ძალისხმევას მისი მუდმივი დაუდევრობის ან სისულელის გამო; რომელიც შენ მხოლოდ მსახურად და საკუთრებად აღგიქვამს; რომელთანაც შეუძლებელია საუბარი პოლიტიკაზე ან ლიტერატურაზე; არსება, რომელსაც არაფრის სწავლა სურს, მიუხედავად იმისა, რომ თავად შესთავაზე დახმარება; არსება, რომელსაც საერთოდ არ აღაფრთოვანებ; რომელიც არც კი ინტერესდება ჩემი ნაშრომებით — ვინც ცეცხლს მისცემს ჩემს ხელნაწერებს, თუკი ეს იმაზე უფრო მეტ ფულს მოუტანს, ვიდრე მათი გამოქვეყნება...”, — 1852 წელი, 27 მარტი.

მათი ურთიერთობის დამადასტურებელი ერთ-ერთი არტეფაქტი ჟანა დიუვალისადმი დაწერილი წერილია, რომელიც ბოდლერმა თვითმკვლელობის წარუმატებელი მცდელობის წინ დატოვა. 2018 წელს წერილი აუქციონზე 267 ათას დოლარად გაიყიდა.

ფოტო: AFP

თუმცა, როგორც ჩანს, რამდენადაც დიდ ტკივილს აყენებდა ბოდლერს ჟანა დიუვალთან ურთიერთობა, იმდენადვე ანიჭებდა სიხარულსაც. ბოდლერმა სატრფოსთან ერთ-ერთი განშორების შემდეგ დედას მისწერა:

"აზარტულ მოთამაშესავეთ მასზე ჩემს უკანასკნელ იმედებს ვამყარებდი. ერთადერთი მეგობარი, სიამოვნების წყარო და რეალობისგან თავის დასაღწევი საშუალება იყო. მიუხედავად მშფოთვარე ურთიერთობის მთელი ტანჯვისა, ამის საბოლოოდ დასრულება არასდროს მიფიქრია. ახლა მართალია, თითქოს მშვიდად ვუმკლავდები ამ ამბავს, მაგრამ როცა რაიმე ლამაზ ნივთს, მომნუსხველ პეიზაჟს ან სასიამოვნო სანახაობას ვხედავ, უნებურად ვფიქრობ: ”რატომ არ არის ის აქ ჩემთან, რათა ერთად დავტკბეთ ამ სილამაზით? ” ალბათ, ხედავ, რომ არ ვცდილობ ჩემი ჭრილობები დავმალო." — 1856 წელი, 4 ნოემბერი.

თავიანთი სიყვარულის ოცწლიანი ურთიერთობის განმავლობაში, რაც წყვილს შორის პინგ-პონგის დაძაბულ თამაშს ჰგავდა, როგორც ჩანს, დიუვალი მაინც ყოველთვის გამარჯვებული რჩებოდა: კვლავ დედისთვის მიწერილ ერთ-ერთ წერილში ბოდლერი შემდეგ რამეს წერს: "რაოდენი იღბალი, სიამოვნება, ფული ან დიდებაც არ უნდა მქონდეს, ვიცი, რომ ეს ქალი ყოველთვის დამაკლდება".

საინტერესოა, რომ მათ ურთიერთობას უკავშირდება ხელოვნების ისტორიაში მომხდარი ერთ-ერთი ყველაზე ღვარძლიანი და არაკეთილსინდისიერი ფაქტიც: ბოდლერის ცხოვრებიდან ჟანა დიუვალი სიმბოლურადაც ამოიშალა მისი მეგობრის — გუსტავ კურბეს წყალობით, რომელმაც ქალი თავისი ერთ-ერთი ნახატიდან "გააქრო".

მხატვრის სახელოსნო: ნამდვილი ალეგორია, რომელიც აჯამებს ჩემი მხატვრული და ზნეობრივი ცხოვრების შვიდ წელს (L’Atelier du peintre, 1855) — გუსტავ კურბე

ფოტო: Public Domain

უფრო ახლოდან თუ დავაკვირდებით კურბეს ნახატს, ბოდლერის (მარჯვნივ) თავთან დიუვალის მოჩვენებისეული ფიგურა ჩანს:

ურთიერთობის სამუდამოდ გაწყვეტა დიუვალის გადაწყვეტილება იყო — ჟანას რწმენით, ბოდლერი ზედმეტად ჯიუტი იყო იმისთვის, რომ შეცვლილიყო, ამიტომ 1861 წელს ისინი საბოლოოდ დაშორდნენ. ამის მიუხედავად, პოეტი მაინც აგრძელებდა ქალის ფინანსურ მხარდაჭერას და ეს იქამდე გრძელდებოდა, სანამ სიფილისიით არ დაავადდა და 46 წლის ასაკში, 1867 წელს, არ გარდაიცვალა. დედამისმა ისე განიცადა შვილის დაკარგვა, რომ დიუვალისა და ბოდლერის პირადი წერილები მთლიანად გაანადგურა. რა ბედი ეწია ჟანას? არავინ იცის. როგორც პოეტის პარტნიორი, ისიც დაავადდა სიფილისით — ზოგი ამბობს, რომ ბოდლერის გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე შეეწირა ამ დაავადებას, ხოლო სხვები ირწმუნებიან, რომ 1867 წლის მერეც შეუნიშნავთ ის პარიზში, ოღონდ დაავადების გამო ძლიერად მისუსტებული, ყავარჯნებით ხელში.

"დაშლილ სატრფოს ჩემი ლექსით მე კვლავ მოვმადლი ღვთაებრივ სულს და ღვთაებრივ სხეულს" — შარლ ბოდლერმა მართლაც მოახერხა ხელოვნების საშუალებით ჟანა დიუვალის, მისი აბეზარი ქალბატონის, უკვდავყოფა. შესაძლოა, დიუვალზე ბევრი ცნობა არ მოგვეპოვება და არც მათი ურთიერთობის დეტალებია ცნობილი, მაგრამ ის კი ცხადია, რომ პოეტმა იმგვარი ფარული ენერგია, ეგზოტიკური ეშხი და ვნება შენიშნა მასში, რომ მთლიანად მოინუსხა და შეიპყრო ქალის სახებით. რაც არ უნდა ვუწოდოთ ამ გრძნობას: სიყვარული, სიძულვილი, ხორციელი ლტოლვა თუ აკვიატება, ერთი რამ ფაქტია — ის ძალიან ძლიერი და მძაფრი იყო. იმდენად ძლიერი, რომ მისი წყალობით ლიტერატურის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოეტური კრებული ბოროტების ყვავილები შეიქმნა. სწორედ ასე მოახერხა მათმა იდუმალებით მოცულმა და წინააღმდეგობრივმა რომანმა ისტორიის შექმნა.