სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ტელევიზიასა და კინოში ქალთა ჩართულობის შემსწავლელი ცენტრის თანახმად, ჰოლივუდის დიდი კინოპროექტების წარმოებაში ქალთა ჩართულობა 2020 წელს რეკორდულად მაღალი იყო.

100 ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმის 16%-ის რეჟისორი ქალი იყო, რაც 2019 წლის 12-%-იანი მაჩვენებლის მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა და 2018 წლის 4%-იანი წარმომადგენლობიდან დიდი ნახტომია. ეს იმის მანიშნებელია, რომ კინოსტუდიებზე ზეწოლამ შედეგი გამოიღო.

ეს წელი ყველასგან გამორჩეული იყო, პანდემიის გამო კინოთეატრები ვირტუალურმა სივრცემ ჩაანაცვლა. ამან მაღალბიუჯეტიანი ფილმების ნაწილის პრემიერა 2021 წლამდე გადაავადა, მაგალითად ქლოი ჟაოს The Eternals თუ ქეით შორთლენდის Black Widow. ჟაოს Nomadland-ს ოსკარის ნომინაციებს უწინასწარმეტყველებენ, კეტი იანის Birds of Prey და პეტი ჯენკინის Wonder Woman 1984 კი წლის ყველაზე განხილვადი ფილმების სიაში ლიდერობენ.

კვლევა ორი ათწლეულია ტარდება, ცენტრის დირექტორმა, მართა ლოზენმა სცადა კინოინდუსტრიის ახლანდელი გამოწვევებიც გაეთვალისწინებინა. კვლევის ისტორიაში პირველად, Digital Entertainment Group-ის სახლში ყველაზე ხშირად ნახვადი ტოპ 20 ფილმის მონაცემებიც დათვალეს. ტოპ 20 ფილმის რეჟისორი, სცენარისტი, აღმასრულებელი პროდიუსერი, ოპერატორი, მემონტაჟე ქალების ოდენობამ 19% შეადგინა, ეს მაჩვენებელი მცირედით ნაკლებია ყველაზე უხვშემოსავლიანი ფილმების წარმოებაში ჩართულ ქალებზე, რაც საერთო რაოდენობის 21%-ით განისაზღვრა. სახლში ნანახი ფილმების 10%-მდე ქალი რეჟისორების არის, მაღალშემოსავლიანი ფილმების 16% ქალი რეჟისორის გადაღებულია.

კეტი იანი, ქეით შორთლენდი, პეტი ჯენკინსი

"ქალი რეჟისორების 2-წლიანი სტაბილური მატება გვაქვს, რაც კარგი სიახლეა", — განაცხადა ლოზენმა — "მონაცემები ყოველთვის მერყეობდა, რაც შეიცვალა. ცუდია ის, რომ ტოპ ფილმების 80%-ის წარმოების მთავარი ღერძი ქალებით არ არის დაკომპლექტებული".

ქალი რეჟისორების მდგომარეობა პოზიტიურად იცვლება, თუმცა ფილმის წარმოებაში ჩართულობის მატება მაინც არ შეინიშნება. ქალები 100 ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმის 28%-ის პროდიუსინგში არიან ჩართული, აღმასრულებელი პროდიუსერის როლი 21%-ს ერგო, ეს წინა მონაცემების 2%-იანი ზრდაა. მემონტაჟეთა 18%-ია ქალი, 12% — სცენარისტი და სულ რაღაც 3% ოპერატორი, ეს მაჩვენებელი 1%-ით გაიზარდა, თუმცა სცენარისტთა და მემონტაჟეთა რიცხვი 8 და 5 პროცენტით დაეცა.

კვლევის თანახმად, ფილმები, რომელთა რეჟისორიც ქალი იყო, მეტად ასაქმებდნენ ქალ მემონტაჟეებს, ოპერატორებსა თუ სხვა საკვანძო პროფესიონალებს. ქალი რეჟისორების ფილმების 53%-ზე ქალი სცენარისტი მუშაობდა, ხოლო კაცი რეჟისორების ფილმებზე — 8%. ქალი რეჟისორების ფილმთა 39%-ის მემონტაჟე იყო იმავე სქესის, ხოლო კაცი რეჟისორების შემთხვევაში — 18%. იგივე შეიძლება ითქვას კომპოზიტორების ჩართულობაზეც — 13% და 4%.

ინდუსტრიაში მნიშვნელოვანი ძვრები ხდება, თუმცა წარმოებული ფილმების 67%-ის შექმნაში საკვანძო როლს ნულიდან 4 ქალამდე ასრულებს, ხოლო 70%-ზე მეტის სამუშაო ჯგუფი 10-ზე მეტ ტოპ პოზიციაზე მყოფ კაცს მოიცავს.