ინგლისელმა კომიკოსმა, ედი იზარდმა, ჯოან როულინგის შესახებ ისაუბრა. მან დაიცვა ბრიტანელი მწერალი, რომლის მიერ ბოლო თვეების განმავლობაში ტრანსთემის მისამართით გაკეთებული კომენტარები არაერთგზის იქცა განხილვის საბაბად.

გაზეთ The Telegraph-სთვის მიცემულ ინტერვიუში იზარდმა აღნიშნა, რომ მიმდინარე პროცესებს თვალს ადევნებდა, თუმცა, არ მიაჩნია, რომ როულინგი ტრანსფობია.

"არ ვფიქრობ, რომ ჯ. კ. როულინგი ტრანსფობია", — აცხადებს იგი, — "ჩემი აზრით, ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ საკითხებს, რომელზეც მან საკუთარ ესეში ისაუბრა. მთელი ისტორიის განმავლობაში ქალებმა ასეთი ჯოჯოხეთი გამოიარეს. ტრანსადამიანებიც უჩინარნი იყვნენ. არ მომწონს ერთმანეთთან ბრძოლის იდეა, თუმცა ეს ყველაფერი ჯოხის მოქნევით არ მოგვარდება. ყველაფერზე პასუხი არ მაქვს. თუ ხალხი არ მეთანხმება, არა უშავს, მაგრამ ამით თავს რატომ ვიტანჯავთ?"

იზარდმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ თავს გენდერფლუიდ (ცვლადი გენდერული იდენტობა) პიროვნებად აიდენტიფიცირებს, თუმცა მასთან მიმართებაში ითხოვს მდედრობითი გრამატიკული სქესის ნაცვალსახელების, she/her, გამოყენებას.

როულინგი და ტრანსფობია

ჯოან როულინგი

ჯოან როულინგი

ფოტო: Featureflash Photo Agency / Shutterstock

რაც შეეხება როულინგს, ცნობილი მწერლის და ჰარი პოტერის წიგნების ავტორის სახელი ბოლო პერიოდში ბევრჯერ მოექცა ტაბლოიდების სათაურებში, თუმცა, არა მისი შემოქმედების გამო.

მწერალი ტრანსფობიაში თავდაპირველად 2019 წელს დაადანაშაულეს, როცა ტვიტერზე მან ტრანსფობიური პოსტი მოიწონა. მოგვიანებით, იმავე წელს, მან საჯაროდ დაიცვა ტრანსფობიური განცხადების ავტორი და მკვლევარი, მაია ფორსტეიტერი, რის გამოც კვლავ იქცა კრიტიკის ობიექტად.

მინელებული ცეცხლი ისევ გაღვივდა, როცა გასულ წელს როულინგი ტვიტერზე ერთ-ერთ სტატიას სარკასტული კომენტარით გამოეხმაურა: "'ადამიანები, რომელთაც მენსტრუაცია აქვთ'. ვფიქრობ, მსგავსი ადამიანებისთვის შესაფერისი სიტყვა უკვე გვქონდა, დამეხმარეთ გახსენებაში". ამ შენიშვნისთვის, იგი კიდევ ერთხელ გააკრიტიკეს და ტრანსფობიური განწყობების მხარდაჭერაში დასდეს ბრალი.

თუმცა ეს ყველაფერი არ ყოფილა — როცა 2020 წლის შემოდგომაზე ბრიტანელმა ავტორმა ახალი წიგნი და დეტექტიური ჟანრის სერიის მეხუთე რომანი გამოსცა, იგი კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს ტრანსფობიაში. ამჯერად საბაბად წიგნის სიუჟეტი იქცა, სადაც მკვლელი ქალის სამოსში გამოწყობილი ცისგენდერი კაცია. კვლავაც The Telegraph-ში გამოქვეყნებულ რეცენზიაში აღნიშნული იყო, რომ "წიგნის მორალი ასე გამოიყურება: არასდროს ენდო კაბიან კაცს". მიუხედავად ამგვარი შეფასებისა, წიგნი ბესტსელერად პირველივე კვირაში იქცა.

იზარდის ნახსენები ესე, რომელიც 2000-სიტყვიანი ტექსტია და გასული წლის ივნისში გამოქვეყნდა, ეხება როგორც გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე ქალებზე ძალადობის თემას და როულინგის პირად გამოცდილებას. მასში ავტორი აღნიშნავდა, რომ "უარს აცხადებდა, ქედი მოეხარა იმ მოძრაობისთვის, რომელიც, მისი რწმენით, თანდათანობით ცდილობა 'ქალის', როგორც პოლიტიკური და ბიოლოგიური კლასის გაქრობას და ხელს აფარებდა მოძალადეებს".

"მე მსურს, ტრანსგენდერი ქალები უსაფრთხოდ იყვნენ. თუმცა, იმავდროულად, არ მინდა, გოგოებად და ქალებად დაბადებული ადამიანები ნაკლებად უსაფრთხოდ იყვნენ. როცა სააბაზანოს კარებს აღებ და ოთახებს უცვლი ნებისმიერ კაცს, რომელსაც სჯერა ან გრძნობს, რომ ქალია... მაშინ კარს უღებ ყველას და იმ კაცებს, ვისაც შემოსვლა უნდა".

მიუხედავად ვრცელ ესეში გაშლილი თემისა, როულინგის პოზიცია მაშინ დაგმეს ცნობილმა ადამიანებმა, მათ შორის ჰარი პოტერის ფილმის ვარსკვლავებმა, დენიელ რედკლიფმა და ემა უოტსონმა. განცხადებები უარყოფითად შეაფასა ქვიარ ორგანიზაცია GLAAD-მაც. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის, სარა კეიტ ელისის თქმით, ესე "ტრანსგენდერი ადამიანების შესახებ არაზუსტ და სახიფათოდ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას ავრცელებდა.

მიუხედავად კრიტიკის დიდი ქარცეცხლისა, როულინგი, იზარდის მსგავსად, ზოგიერთმა ცნობილმა ადამიანმა დაიცვა, მათ შორის იყო ჯადოსნური არსებების ფილმების სერიაში მთავარი როლის შემსრულებელი, ედი რედმეინი, რომელიც, როგორც ტრანსგენდერი ქალის შემსრულებელი ცისგენდერი კაცი ფილმ დანიელ გოგოში, თავადაც იქცა კრიტიკის სამიზნედ.