შესწორება: მასალის თავდაპირველი სათაური იყო: შაქარაშვილის საქმის პირველ ეპიზოდში ბრალდებულებს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს. აღნიშნული ინფორმაცია მოგვიანებით პროკურატურამ არ დაადასტურა.

19 წლის ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფებისთვის სასამართლო პატიმრობას უფრო მსუბუქი სასჯელით შეუცვლას ელოდებიან. რუსთავი 2-ის ცნობით, სამ ბრალდებულს, რომელთაც ძალადობასა და ვახტანგ ჩიქოვანისთვის განზრახ მსუბუქი დაზიანებების მიყენებას ედავებიან, პროკურატურა კონკრეტული პირობებით გაურიგდა, რასაც პროკურატურაში უარყოფენ. საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე თანახმაა დაზარალებული მხარეც.

"არანაირ შემხებლობაში ისინი არ არიან გიორგის გარდაცვალებასთან, ეს იყო პირველი კონფლიქტი, რომელიც მოხდა წვეულების დარბაზში, გიორგის არც კი მიუღია მონაწილეობა," — აცხადებს გიორგი შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე რუსთავი 2-თან.

ფეხბურთელის მკვლელობის საქმეს 17 ბრალდებული ჰყავს, აქედან 3 საბურთალოელია, რომლებიც მხოლოდ საქმის პირველ ეპიზოდში ფიგურირებდნენ. საქმის მასალების მიხედვით, ისინი ნარეკვავში მდებარე აგარაკზე წვეულების დროს მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ.

გიორგი შაქარაშვილის საქმე

19 ივნისს ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი გაუჩინარდა. მისი ცხედარი მდინარე არაგვში, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს.

რამდენიმე დღეში საქმეზე 17 ბრალდებული დააკავეს, ყველა მათგანს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. თავდაპირველად, მათ ბრალი ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ამავე ძალადობაში მონაწილეობისა და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე წარედგინათ. როგორც ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ უწყებაში განაცხადეს, საქმე გადაკვალიფიცირდა და გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლითაც გაგრძელდა.

სწორედ ექსპერტიზის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი ასფიქსია, წყალში დახრჩობა გახდა. ამავე დასკვნის თანახმად, გარდაცვალებამდე მას მკვრივი/ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აღენიშნებოდა.

გიორგი შაქარაშვილი მცხეთაში, დაბადების დღეზე იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა. ჩხუბში მონაწილე ერთმა ჯგუფმა თბილისიდან "დახმარება გამოიძახა". გიორგი შაქარაშვილმა აგარაკი 5 პირთან ერთად მათ მოსვლამდე დატოვა. პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ არაგვის ხიდთან მყოფ ახალგაზრდებს მანქანიდან გადმოსული 6 პირი თავს დაესხა, რის შემდეგაც შაქარაშვილი და მასთან ერთად მყოფი პირები გაიქცნენ. ფეხბურთელის კვალი აქედან იკარგება, მასთან ერთად მყოფი 5 ადამიანი კი თბილისში ცალ-ცალკე, სხვადასხვა დროს დაბრუნდა.