ქართული ოცნების დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ შრომის კოდექსში არსებული რამდენიმე მუხლი ერთი და იმავე შინაარსისაა, ამიტომ უნდა ამოიღონ, ხოლო ნაწილი უკეთ უნდა განიმარტოს.

"საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი, რეალურად, დუბლირებას ახდენს ამავე კოდექსის მე-4 მუხლისა. ორივე არსებული მუხლისა და პუნქტის რედაქცია რეალურად არეგულირებს შრომითი დისკრიმინაციის ცნებას. მოგეხსენებათ, გასული წლის განმავლობაში რამდენიმე ცვლილება განხორციელდა საქართველოს შრომის კოდექსში, რომელთა შედეგადაც ტექნიკური ხარვეზი აღმოჩნდა კოდექსში და რამდენიმე სხვადასხვა მუხლი არეგულირებს ერთსა და იმავე საკითხს. ამოცანაა, რომ ეს ტექნიკური ხარვეზი აღმოვფხვრათ, რათა პრაქტიკაში დამსაქმებელსა და დასაქმებულს არ შეექმნათ რაიმე სახის ინტერპრეტაციის რისკი და პრაქტიკაში არ გაჩნდეს კანონის განსხვავებულად განმარტების რისკი", — განაცხადა მიხიელ დაუშვილმა.

ამასთან, დაუშვილმა აღნიშნა, რომ შრომის კოდექსის 50-ე მუხლის მე-11 პუნქტი განსხვავებულად ჩამოყალიბებას საჭიროებს.

"რაც შეეხება 50-ე მუხლის მე-11 პუნქტის განსხვავებულად ჩამოყალიბებას, ეს მუხლი არ ვრცელდება რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ საქართველოს კანონის ფარგლებში გადახდის უუნარობისას საწარმოს გადაცემის შემთხვევაზე. მოგეხსენებათ, 2021 წლის 1-ლი აპრილიდან ამოქმედდება ამავე საკითხების მარეგულირებელი ახალი კანონი, რომლის სახელწოდებაა რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ კანონი და შესაბამისად, ამ ცვლილების მიზანი არის ის, რომ შრომის კოდექსის არსებული რედაქცია სწორ მითითებას აკეთებდეს საქართველოს სხვა კანონზე", — აღნიშნა დაუშვილმა.

დაუშვილის ამ ინიციატივას არ დაეთანხმნენ ქართული ოცნების დეპუტატები. კერძოდ, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განმარტა, რომ ჩამოთვლილი მუხლები ერთმანეთს არ ფარავს, მათან ერთი არეგულირებს ზოგად შემთხვევას, ხოლო მეორე — კონკრეტულს. დაუშვილის პროექტს არ ეთანხმება განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, თეა წულუკიანიც, რომლის აზრითაც, ამ მუხლების კოდექსიდან ამოღება უკან გადადგმული ნაბიჯია.

გარდა ამისა, დაუშვილმა წარადგინა კიდევ ერთი პროექტი, რომელიც ეხება შშმ პირთა დასაქმებას და ამ შემთხვევაშიც განმარტა, რომ შრომის კოდექსში არსებობს ორი სხვადასხვა მუხლი, რომელიც იდენტურია და ამ საკითხის რეგულირებას ემსახურება. დაუშვილის თქმით, 2020 წლის 14 ივლისის საქართველოს ორგანული კანონი ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს.

"ეს კონკრეტული კანონი, რომელიც უკვე ძალაშია და ამოქმედებულია, ითვალისწინებს მე-13 მუხლისთვის სამი სეკუნდა პუნქტის დამატებას. აღნიშნული პუნქტი ითვალისწინებს შემდეგს — დამსაქმებელი ვალდებულია, ხელი შეუწყოს დასაქმების ადგილზე შშმ პირთა უფლებების რეალიზებას, მათ შორის, გონივრული მისადაგების ფარგლებში შშმ პირთა უფლებების შესახებ საქართველოს კანონის 36-ე მუხლით გათვალისწინებული სავალდებულო სტანდარტების, ნორმატივების დაცვისა და შესრულების გზით. ეს კანონი უკვე ამოქმედდა 1 იანვრიდან, ხოლო რეალურად, თუ ვნახავთ მოქმედი შრომის კოდექსის 23-ე მუხლის მე-5 ნაწილს, აღნიშნული ნაწილით უკვე გათვალისწინებულია იდენტური შინაარსის დებულება. ამ შემთხვევაშიც ტექნიკური ხარვეზია, როცა ერთი კანონის ორმა სხვადასხვა დებულებამ იდენტურად ჩამოაყალიბა დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ურთიერთობა", — განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

დაუშვილის თქმით, ამ ცვლილებით დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ურთიერთობებს ზიანი არ ადგება. ასევე, მისი განმარტებით, დაჩქარებული წესით განიხილება იმიტომ, რომ კანონთა ნაწილი უკვე ამოქმედებულია და თუ შეთანხმებას მიაღწევენ წარდგენილ პროექტებზე, სასურველია, ტექნიკური ხარვეზი, როგორც ამას თავად დაუშვილი უწოდებს, დროულად აღმოიფხვრას.