ქუთაისის ე.წ. კეტჩის ბაზრობის მოვაჭრეები დღეს დილიდან, საკუთარი პროდუქციის გაყიდვას გარევაჭრობით ცდილობენ. ეს გადაწყვეტილება მათ მას შემდეგ მიიღეს, რაც სავაჭრო ცენტრების დაკეტვის შესახებ შეზღუდვა კვლავ ძალაში შევიდა. ფორმულას გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მათი ნაწილი ავტომანქანების იყენებს დახლებად.

"ჩვენ დამოკიდებული ვართ ყოველდღიურ ვაჭრობაზე, ოჯახებს ვარჩენთ და აქედან გამომდინარე, იძულებული გავხდით, რომ ქუჩაში გამოვიდეთ და ქუჩაში ვივაჭროთ", — ამბობს დავით არსენიძე ფორმულასთან კომენტარში.

მოვაჭრეების ნაწილი ითხოვს, მიეცეთ ერთი კვირით მუშაობს უფლება, როგორც ამის საშუალება ჰქონდათ სავაჭრო მოლებს საახალწლო დღეებში.

"მოლები ხომ გააღეს, ყველაფერი გააღეს, ესენი არ გააღეს. ერთი კვირა აცალონ ამ გაჭირვებულ ხალხს", — ამბობს ბაზრობის ერთ-ერთი მოვაჭრე.

კორონავირუსის პანდემიის გამო, ქვეყანაში სხვადასხვა შეზღუდვები მოქმედებს, მათ შორისაა სავაჭრო ცენტრებისა და ბაზრობების მუშაობის შეჩერება.

ახალ წელთან დაკავშირებით, 24 დეკემბრიდან 3 იანვრის ჩათვლით შეზღუდვები შემსუბუქდა. კერძოდ, დიდ ქალაქებში დაშვებული იყო სავაჭრო ობიექტთა ნაწილის მუშაობა დამატებითი რეგულაციების პირობებში, თუმცა, შეზღუდვის შემსუბუქება არ შეეხოთ ბაზრობებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, ამის მიზეზი ისაა, რომ მოლებისგან განსხვავებით, ბაზრობებზე კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო რეგულაციების დაცვა გაჭირდებოდა.

გაიგეთ მეტი: