1962 წლის 2 მარტს ჰერში სპორტ-არენას ვარდისფერი კადილაკი მიადგა, რომლიდანაც 216 სანტიმეტრის სიმაღლის, ათლეტური აღნაგობის ახალგაზრდა გადმოვიდა და დარბაზს მიაშურა. იმ მომენტში მან, უილტონ (უილტ) ნორმან ჩემბერლენმა, ჯერ არ იცოდა, რომ ეს დღე საყოველთაო დიდებას მოუტანდა. თუმცა, თამაშამდე ცოტა ხნით ადრე, როცა ტირის თოფის სროლით ერთობოდა და მისმა ყველა ნასროლმა მიზანს მიაღწია, 25 წლის კალათბურთელს ეს შესაძლო წარმატების მომტან ნიშნად მოეჩვენა.

უილტის ფილადელფია უორიორსი, რომელიც კარგ სეზონს ატარებდა, ნიუ-იორკ ნიქსს ნეიტრალურ ტერიტორიაზე უნდა დაპირისპირებოდა. ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის, NBA-ის 1961-62 წლის სეზონში ფილადელფია მხოლოდ ბოსტონ სელტიკსს ჩამორჩებოდა და ფლეი-ოფის კარი მათთვის ღია იყო. ერთი შეხედვით, აუთსაიდერ ნიქსთან გასამართი მატჩი არაფრით გამორჩეული უნდა ყოფილიყო, რომლის შედეგიც სატურნირო ცხრილში სიტუაციას არ შეცვლიდა.

იმ პერიოდის NBA დღევანდელთან შედარებით თვალშისაცემად განსხვავებული გახლდათ: ორი დივიზიონი მხოლოდ 9 გუნდს აერთიანებდა (დღეს ეს მაჩვენებელი 30-ია); ამასთან, არ არსებობდა სამქულიანი სროლა და მოთამაშეები ძირითად აქცენტს ფარზე უკეთ თამაშზე აკეთებდნენ. ეს წესები შემდგომში მნიშვნელოვნად დაიხვეწა, თუმცა ჩამოთვლილი ფაქტორები ხელს არ უშლიდა ლეგენდარულ დაპირისპირებებს გუნდებსა და ისეთ კაშკაშა მოთამაშეებს შორის, როგორებიც ბილ რასელი, ელჯინ ბეილორი, ოსკარ რობერტსონი, ბობ პეტეტი და უილტ ჩემბერლენი იყვნენ.

ჰერში სპორტ-არენა.

ფოტო: HersheyPA

ამ მხრივ არც 2 მარტის შეხვედრა იქნებოდა გამონაკლისი. როცა მოთამაშეები პარკეტზე გამოვიდნენ, მათ არენაზე თავმოყრილი 4 ათასზე ოდნავ მეტი მაყურებელი მქუხარე ტაშით შეხვდა. გაისმა მსაჯის სასტვენი და დაიწყო თამაში, რომელმაც კალათბურთის ისტორია სამუდამოდ შეცვალა.

ვინ იყო უილტი?

კალათბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ეპატაჟური და წარმატებული პერსონა, უილტ ჩემბერლენი 1936 წლის 21 აგვისტოს ფილადელფიაში დაიბადა. დაწყებითი სკოლის პერიოდში ის განსაკუთრებული ათლეტიზმით არ გამოირჩეოდა და ლამის პნევმონიასაც კი ემსხვერპლა.

17 წლის უილტი.

ფოტო: Public Domain

თავდაპირველად უილტი კალათბურთის მიმართ სიმპათიებს არ ავლენდა, მიუხედავად იმისა, რომ არანორმალური ფიზიკური მონაცემებით გამოირჩეოდა: მისმა სიმაღლემ 10 წლის ასაკში 1.83 სანტიმეტრს მიაღწია. თუმცა შემდგომ წლებში მან აზრი შეიცვალა და კალათბურთის თამაში დაიწყო, რასაც ხელი ფილადელფიამ შეუწყო, რომელიც სპორტის ამ სახეობის მაღალი კულტურით გამოირჩეოდა.

ოვერბრუკის საშუალო სკოლაში შესვლისას ჩემბერლენის სიმაღლე 213 სანტიმეტრს უტოლდებოდა. თამაშისას მას ყველასთან დიდი უპირატესობა ჰქონდა და ერთ-ერთ მატჩში 90 ქულაც კი დააგროვა. თუმცა სკოლა არ იყო ის ასპარეზი, სადაც უილტს რეკორდები უნდა მოეხსნა. მას ბევრად დიდი გამოწვევები ელოდა წინ.

მართლაც, ასეთი ნიჭის მქონე ახალგაზრდა შეუმჩნეველი დიდხანს არ დარჩენილა. 1955 წელს მან კანზასის უნივერსიტეტში დაიწყო თამაში, თუმცა, მიუხედავად რიგიანი პირადი სტატისტიკისა, სტუდენტური სპორტის ნაციონალური ასოციაციიის, NCAA-ის ჩემპიონატის ვერმოგების მერე მალევე დატოვა გუნდის რიგები.

ამ იმედგაცრუების შემდეგ ჩემბერლენმა პროფესიონალური კარიერა 1958 წელს ჰარლემ გლობტროტერსში დაიწყო. თავისი მონაცემებით მას NBA-ში თამაშიც შეეძლო, თუმცა იმ რეგულაციამ შეუშალა ხელი, რომლის თანახმადაც, ორგანიზაციაში მოხვედრა მხოლოდ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იყო შესაძლებელი.

ჰარლემში თამაშისას უილტი წელიწადში $50 ათასს გამოიმუშავებდა (დღევანდელი კურსით, დაახლოებით $450 ათასს).

ახალგაზრდა უილტი ვარჯიშისას.

ფოტო: Bettmann / Getty Images

1959 წელს ჰარლემმა მატჩი, არც მეტი არც ნაკლები, მოსკოვის დინამოს წინააღმდეგ, ლენინის ცენტრალურ სტადიონზე გამართა. ეს ისტორიული მოვლენა იყო აშშ-სა და საბჭოთა კავშირის ურთიერთობებში — ცივი ომისა და "რკინის ფარდის" არსებობის პირობებში. მატჩი ამერიკელთა უდიდესი უპირატესობით, 98-ით 42 დასრულდა.

როცა ჩემბერლენმა იმავე წელს ნანატრ NBA-ის ასაკს მიაღწია, დრაფტის შემდეგ მისი დებიუტი ფილადელფია უორიორსის რიგებში 24 ოქტომბერს შედგა. პირველივე სეზონში ცენტრის პოზიციაზე მოთამაშე "გოლიათმა" საშუალოდ 37.6 ქულა და 27 მოხსნა დააგროვა, რაც ახალწვეულისთვის საოცარი შედეგია. მან ასევე All Star-შიც მიიღო მონაწილეობა და სეზონის ყველაზე ღირებული მოთამაშე (MVP) გახდა.

ჩემბერლენი ჰარლემში თამაშისას.

ფოტო: Wikimedia Commons

იმ სეზონში, მართალია, ფილადელფია ფლეი-ოფში ბოსტონთან დამარცხდა, მაგრამ უილტმა თავისი სტატისტიკითა და თამაშის სტილით მაყურებლებისა და გულშემატკივრების გული მოიგო.

თუმცა უილტის აღმასვლა ჯერ მხოლოდ იწყებოდა. მომდევნო, 1960-1961 წლების სეზონში მან საშუალო შედეგები გააუმჯობესა და 38.4 ქულასა და 27.2 მოხსნას მოუყარა თავი. ამ მაჩვენებლით იგი ლიგაში საუკეთესო იყო. სატურნირო თვალსაზრისით, ფილადელფია გათამაშებას სირაკუზამ გამოთიშა. თუმცა, უილტის პოპულარობა დღითიდღე იზრდებოდა და მას უკვე სრულყოფილ კალათბურთელად აღიარებდნენ, რომელსაც საჩემპიონო მიზნებისთვის უნდა ებრძოლა. ცნობისთვის, ეს მოლოდინი მომავალში გამართლდა კიდეც: თავის კარიერაში უილტმა ჩემპიონობა ორჯერ, 1966-67 და 1971-72 წლების სეზონებში მოიპოვა.

ჩემბერლენი ფილადელფია უორიორსში 13-ნომრიანი მაისურით.

ფოტო: Dick Raphael / NBAE / Getty Images

ფილადელფიაში მოხვედრის ერთი წლის თავზეც, 1961-62 წლების სეზონში უილტი კვლავ ლიდერობდა ლიგას ქულებითა და ფარზე ბურთის მოხსნებით. მას ამ დროისთვის უკვე ისეთი მეტსახელებით მოიხსენიებდნენ, როგორებიცაა "გოლიათი" და "ოჩოფეხა". ვარსკვლავი ცხოვრების ბოჰემური სტილითაც გამოირჩეოდა და მის შესახებ ლეგენდები ითხზებოდა. მაგალითად, ერთი ვერსიის თანახმად, მას სიცოცხლის განმავლობაში 20 ათასზე მეტ ქალთან ჰქონია ურთიერთობა.

თუმცა ამ ყველაფერს ჩემბერლენისთვის კარიერულ წინსვლაში ხელი არ შეუშლია. ის გამუდმებით აწესებდა თამასას, რომელსაც თვითონვე აუმჯობესებდა: მან ჩააგდო ყველაზე მეტი ქულა ორ ტაიმში და ჰქონდა სეზონში ყველაზე მეტი 40-50-60-ქულიანი თამაშები. ასეთი სტატისტიკა მოთამაშისგან, რომელიც NBA-ში მესამე სეზონს ატარებდა, მართლაც წარმოუდგენელი იყო. მაგრამ მისი კარიერის მწვერვალად მაინც ის დაუვიწყარი მატჩი უნდა ჩაითვალოს, როცა უილტმა 100 ქულა ჩააგდო, რაც, მის სხვა ბევრ რეკორდთან ერთად, დღემდე განუმეორებელ შედეგად რჩება.

ჩემბერლენი კადილაკთან.

ფოტო: Getty Images

1962 წლის 2 მარტი, ისტორიული მატჩი

დავუბრუნდეთ 2 მარტის მოვლენებს: კადილაკიდან გადმოსული ჩემბერლენი ჰერში არენასკენ გაემართა. ფილადელფია უორიორსის დანარჩენი შემადგენლობა კი დანიშნულების ადგილზე საერთო ავტობუსით მივიდა.

ფოტო: Getty Images

მატჩის ოფიციალური დოკუმენტური ვიდეოჩანაწერი არ მოგვეპოვება. ჰერშის არენას კამერები არ ჰქონდა, თუმცა, საბედნიეროდ, ფოტოსურათები მაინც შემოგვრჩა. ამაში უდიდესი წვლილი Associated Press-ის ჟურნალისტს, პოლ ვათისს მიუძღვის. ასევე, სტადიონზე არმყოფთათვის მიმდინარეობდა თამაშის რადიოტრანსლაცია. ჩვენც მხოლოდ ის დაგვრჩენია, რომ დავბრუნდეთ 60-იან წლებში და სიტყვიერად მიმოვიხილოთ მატჩის ძირითადი პერიპეტიები.

ჩემბერლენს საქმე ოდნავ გაუადვილა იმ ფაქტმა, რომ ნიუ-იორკ ნიქსის ძირითადმა ცენტრმა, დარალ იმჰოფმა ტრავმის გამო თამაში მატჩის დაწყებიდან 20 წუთის შემდეგ ვეღარ გააგრძელა. მის მაგიერ პარკეტზე 206 სანტიმეტრის სიმაღლის ახალბედა კლივლენდ ბუკნერი შემოვიდა (მიუხედავად დაუგეგმავი შეცვლისა, ბუკნერს მაინც კარგი თამაში გამოუვიდა და აქტივში 33 ქულა ჩაიწერა).

ფოტო: Getty Images

პირველ მეოთხედში ფილადელფიამ 42-ით 26 იმარჯვა, საიდანაც 23 უილტის იყო. მეორე მეოთხედი ნიქსის სასარგებლოდ წარიმართა, როცა მეტოქე 42-ით 37 დაამარცხა. ამ პერიოდში უილტმა 18 ქულა მოიპოვა და ჯამში 14 მოხსნასაც მოუყარა თავი.

ამის შემდეგაც ჩემბერლენი ჩვეულ ტემპში განაგრძობდა თამაშს და დასვენებაზე უარს ამბობდა. მისი მოძრაობა გოლიათის გადაადგილებას წააგავდა, ფარზე თამაშში კი სრულ დომინანტობას ავლენდა.

ლეგენდარული კალათბურთელი, ოსკარ რობერტსონი აღნიშნავდა, რომ უილტის ეპოქა უდიდესი იყო კალათბურთში, რაც ამ მატჩით ნამდვილად დასტურდება: მესამე მეოთხედში ჩემბერლენმა თავის მონაგარს კიდევ 28 ქულა დაუმატა, რაც გაოცებას იმსახურებს. იგი ნიუ-იორკის გუნდს პერსონალურად ანადგურებდა.

როგორც წერენ, მეოთხე მეოთხედის დაწყებისას ფანები და მოთამაშეები აცნობიერებდნენ, რომ ისინი რაღაც დიდის მონაწილენი იყვნენ. "დავიღალე, მე 80 ქულა მაქვს, ამდენი ჯერ არავის ჩაუგდია", — ამბობდა უილტი, თუმცა ხალხი მისგან მეტს ითხოვდა. გუნდელებიც გაუთავებლად აკეთებდნენ პასებს უილტის მისამართით, რომელიც მათ ქულებად გარდაქმნიდა.

ფოტო: Paul Vathis / AP

როცა უილტმა მოწინააღმდეგის ფარს ყველაზე მეტჯერ, 21-გზის შეუტია, მისი ქულა 98-ს გაუტოლდა. ყოფილი მოთამაშე და მწვრთნელი, ალ ატლესი იხსენებს, რომ ჩემბერლენი თამაშამდე არ ჰგავდა რაიმე რეკორდის დამამყარებელს. ატლესის აზრით, ახალგაზრდა კალათბურთელს მისთვის ჩვეული მატჩი უნდა ჩაეტარებინა. თუმცა, განგებას სხვა გეგმები ჰქონდა: როცა უილტმა წარმატებული ორქულიანით 98-ე ქულა აიღო, ჰერშის არენა აპლოდისმენტით შეირყა.

ატლესი იხსენებს, რომ ამის მერე ჩემბერლენს სიფრთხილე შეეტყო — მას არ უნდოდა სამნიშნა ქულაზე გასვლა. ამის გამო სათადარიგო სკამზე გადაყვანაც მოითხოვა, თუმცა ფილადელფიას მწვრთნელმა, ფრენკ მაკგუაერმა, ამის უფლება არ მისცა და მატჩის გმირი მოედანზე დატოვა.

ჩემბერლენი მეასე ქულას იღებს.

ფოტო: AP

თამაშის დასარულებამდე 46 წამით ადრე ჯო რუკლიკის პასის შემდეგ უილტი აიწია და გუნდს — მორიგი 2 ქულა, ორგანიზაციას — მორიგი რეკორდი, ხოლო საკუთარ თავს საყოველთაო აღიარება მოუტანა.

"გოლიათი" 100 ქულას ფლობდა, რაც აქამდე არავის გაეკეთებინა. მატჩის დარჩენილ დროში მას რამდენიმე ქულის აღება კიდევ შეეძლო, თუმცა როგორც თვითმხილველები იხსენებენ, ის ბურთს აღარ შეხებია. როგორც მისი ბიოგრაფი აღნიშნავდა, "100 უკეთ ჟღერდა, ვიდრე 102". ორივე შემთხვევაში ლეგენდა უკვე შექმნილი იყო: "უილტ ჩემბერლენი მსოფლიოს მერვე საოცრებაა", — აღნიშნავდა შემდგომში ჯორჯ კარლი.

ფილადელფიამ ნიუ-იორკის ნიქსი იმ დღეს 169-ით 147 დაამარცხა, საიდანაც 100 ქულა მხოლოდ ერთ ადამიანს ეკუთვნოდა, რომელმაც 63 შესაძლებლობიდან 36 ორქულიანი გამოიყენა და 32 საჯარიმო სროლიდან 28-ჯერ გაახვია ბურთი ბადეში. სირაკუზა ნეიშენალსში მოთამაშე ჯონ კერი გაოცებული იყო, თუ როგორ მოახერხა საჯარიმო სროლის ერთ-ერთმა ცუდმა შემსრულებელმა მხოლოდ 4 ბურთის გაფუჭება.

მატჩის დასრულების შემდეგ უილტ ჩემბერლენს აღფრთოვანებული ხალხი არ ასვენებდა. ყველა ცდილობდა, მას შეხებოდა. კალათბურთელი გასახდელში შევიდა, ჰარვი პოლაკმა უბრალო ქაღალდზე სულ რაღაც სამი სიმბოლო დაწერა და უილტს გადასცა. ჩემბერლენმა ფურცლზე წაწერილი "100-იანით" დაიწყო პოზირება და როცა პოლ ვათისმა თავისი ფოტოაპარტი გააჩხაკუნა, კალათბურთელის ისტორიული შედეგის უკვდავმყოფი კადრიც ფირზე სამუდამოდ აღიბეჭდა.

ფოტო: Paul Vathis / AP

100-ის შემდეგ

საინტერესოა, რომ 100 ქულა, როგორც მოვლენა, არ გახდა მხოლოდ ერთი ადამიანის საკუთრება: მომხდარი ამერიკული ხასიათის სიმბოლოდ იქცა და ბევრი პოზიტიური ცვლილებაც მოიტანა.

კალათბურთის ლეგენდა, ოსკარ რობერტსონი აღნიშნავდა, რომ 100-ის შემდეგ საზოგადოების ყურადღება NBA-ისა და მოთამაშეებისადმი ძალიან გაიზარდა. თავად თამაშებზეც მეტმა ადამიანმა დაიწყო დასწრება. რეკორდის დამყარებისას ჩემბერლენი 25 წლის იყო, რამაც წაახალისა ახალგაზრდები და უილტი მათთვის წარმატებისთვის საჭირო მოტივაციის წყაროდ იქცა.

ჩემბერლენმა 1972 წელს ლეიკერსის რიგებშიც მოიპოვა ჩემპიონობა.

ფოტო: Getty Images

დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მატჩს რასისტული სტერეოტიპების მსხვრევისთვისაც — შავკანიანმა ჩემბერლენმა ხომ ყველა დროის რეკორდი მოხსნა. იმ დროისთვის არათეთრკანიან მოთამაშეებზე ორგანიზაციებს გარკვეული კვოტა ჰქონდათ დაწესებული. ჩემბერლენმა ამ სისტემის რღვევას შეუწყო ხელი. უილტის ბიოგრაფის, პიტერ პომერანის წიგნის სათაური ალბათ საუკეთესოდ გამოხატავს მოვლენის მნიშვნელობას: უილტი, 1962: 100 ქულის ღამე, ახალი ეპოქის განთიადი.

100 ქულის სიმბოლური დატვირთვა კიდევ ერთხელ მაშინ გამოაშკარავდა, როცა ფილადელფიადან წამოსვლის შემდეგ უორიორსი კალიფორნიაში, ოკლენდში გადავიდა და გოლდენ სტეიტ უორიორსმა იმ პარკეტის ნაწილი შეიძინა, რომელზეც უილტმა ისტორიული მატჩი გამართა.

როგორც აღვნიშნეთ, დღევანდელი კალათბურთი რადიკალურად განსხვავდება ჩემბერლენის პერიოდის თამაშისაგან. ახლა უფრო მეტი ყურადღება ექცევა დაცვას და გამკაცრდა ჯარიმების სისტემაც, რაც უფრო ართულებს ისტორიული შედეგის გამეორებას. ჩემბერლენთან ყველაზე ახლოს კობი ბრაიანტი მივიდა, რომელმაც 2006 წელს ტორონტოს 81 ქულა ჩაუგდო.

უილტის რეკორდთან დღესდღეობით ყველაზე ახლოს კობი ბრაიანტის შედეგია. მან ტორონტო რეპტორსს 81 ქულა ჩაუგდო.

ფოტო: Getty Image

ამის გამო გასაკვირი არაა, რომ 100 ქულის მნიშვნელობას სკეპტიკოსებიც გამოუჩნდნენ. მათი თქმით, დღევანდელთან შედარებით ცუდი დაცვის და სწრაფი შეტევების გამო იმ დროს მაღალი ქულების აღება სავსებით შესაძლებელი იყო. თუმცა ფაქტია, რომ ეს მხოლოდ უილტმა მოახერხა: მისი პერიოდის კალათბურთში მოქმედი წესებით ასეთი შედეგი არავის დაუფიქსირებია. ის ერთპიროვნულად აღემატებოდა ყველას ქულებითა და მოხსნების რაოდენობით და ქმნიდა გამორჩეული, ამაყი, ვარსკვლავური მოთამაშის სახეს.

1987 წელს, როცა ლეგენდარული მატჩის 25 წლისთავი აღინიშნა, ჩემბერლენს უფრო დიდი ყურადღება მიექცა. მისი პიროვნება და მიღწევები კალათბურთში დღესაც აქტიური განხილვების თემაა.

ფოტო: Art Rogers / Los Angeles Times

ამგვარი უკვდავების მიზეზი ისაა, რომ უილტ ჩემბერლენი მაღალი მიზნებისა და ადამიანური სიძლიერის სახეა. "ხალხი ამბობს, რომ ჩემი ეგო გრანდიოზულია, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ის ჩემი პროპორციულია", — ამბობდა იგი. როგორც ნიუ-იორკის რადიოს კორესპონდენტი, ჯიმი ფაუერსი აღნიშნავდა: "ჩემბერლენმა ახალი ამერიკა აღმოაჩინა. გიგანტების, გულივერების ამერიკა, სადაც ჩვენ ლილიპუტები [...] ვიყავით".