ნაციონალური მოძრაობიდან გამოყოფილმა პოლიტიკოსებმა დღეს პარტიის პრეზენტაცია გამართეს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, პარტიას მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო ერქმევა.

„დღეს თქვენთან ერთად, საზოგადოებასთან ერთად, ვდგამთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს იმ გზაზე, რომელმაც უნდა მიგვიყვანოს საქართველოში ახალი, ძლიერი ცენტრის გაჩენამდე. მთავარი ამოცანა იქნება იმის ჩვენება, რომ საქართველოშია ალტერნატივა, რომელიც მიგვიყვანს უკეთეს ცხოვრებამდე, განვითარებამდე, რომელიც ამ ქვეყანაში დააბრუნებს წინსვლის განცდას,“ - აღნიშნა ბაქრაძემ, რომლის თქმითაც, პარტია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს.

ბაქრაძის აზრით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მისული ამომრჩევლების რაოდენობამ აჩვენა, რომ ხალხს უიმედობის განცდა აქვთ. ის მიიჩნევს, რომ ამომრჩეველს არც ხელისუფლების და არც ოპოზიციური პარტიების იმედი არ აქვს.

„ეს იქნება ის პოლიტიკური ძალა, რომელიც, ერთი მხრივ იქნება ნამდვილი მოძრაობა და არა პარტია. მოძრაობა, სადაც მოვა ათიათასობით ადამიანი. მოძრაობა, რომელიც შექმნის განვითარების განცდას. ეს იქნება მოძრაობა თავისუფლებისთვის. იშვიათია ერი, რომელიც ისე აფასებს თავისუფლებას, როგორც ქართველები, ამიტომ ჩვენ უდნა ვიყოთ ნამდვილი მოძრაობა თავისუფლებისთის. ამ მოძრაობით ყველამ უნდა ვიაროთ ევროპისკენ. ევროპა არის საქართველოს საბოლოო ნავსაყუდელი,“ - აღნიშნა დავით ბაქრაძემ, რომლის თქმითაც, მათი პარტია იქნება ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ცოდნითა და ინტელექტით მოახერხებს საქართველო წინ წაიყვანოს.