წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სქურის მთაზე ხანძარია. ხანძრის ამსახველ ფოტოს ადგილიდან ჟურნალისტი, ცირა გვასალია ავრცელებს. მისი თქმით, შორიდან ჩანს, რომ ცეცხლი სწრაფად ვრცელდება.

"აქ მშრალი ამინდები იყო ბოლო პერიოდში. ამას ემატება მსუბუქი ნიავიც და იმედი მაქვს, არ მოედება ძალიან. 18:10-ზე დავრეკე 112-ში და წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მითხრეს, რომ ჰყავთ 8-ტონიანი რეზერვუარიანი მანქანა. ვერტმფრენი — არა. იმედი მაქვს, დროზე მოვლენ", — წერს ცირა გვასალია ფეისბუქში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში On.ge-ს განუცხადეს, რომ ცეცხლი ეკალ-ბარდებს გაუჩნდა. მათივე განცხადებით, ხანძარი ლოკალიზებულია, მაგრამ ლიკვიდირებული, ჯერჯერობით, არ არის.

განახლება: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მოგვიანებით განაცხადეს, რომ ტყეში ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარს ორ კერად, 100 და 200 მეტრი სიგრძის ზოლს უკიდია, რთული რელიეფისა და ხილვადობის გამო კი, ხანძრის კერამდე სახანძრო ავტო ტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდება. მათი თქმით, ღამის განმავლობაში მონიტორინგი გაგრძელდება, ხილვადობის აღდგენისთანავე კი ქრობის სამუშაოები განახლდება.