ორი ქალის დაპატიმრების ნაცვლად, მასაჩუსეტსელმა პოლიციის ოფიცერმა მათ მიერ მაღაზიიდან მოპარული პროდუქციის საფასური თავად გადაიხადა.

სომერსეტის პოლიციის განყოფილების თანამშრომელი, მეთ ლიმა, გასული წლის 20 დეკემბერს ერთ-ერთ მაღაზიაში გამოიძახეს. მაღაზიის თანამშრომლები ირწმუნებოდნენ, რომ ქალებმა სალაროსთან ყველა აღებული პროდუქტი არ გაატარეს.

პოლიციის განცხადებით, ქალები, რომელთაც მცირეწლოვანი შვილები ახლდათ თან, მაღაზიის დატოვებისას შეაჩერეს.

"მე თვითონაც ორი გოგო მყავს, დაახლოებით, მათი ასაკის, ამიტომ გულმა ცოტათი რეჩხი მიყო", — იხსენებს ლიმა.

მან ერთ-ერთი ქალი მოშორებით გაიყვანა, რათა ბავშვების გარეშე დალაპარაკებოდა მომხდარზე. ამ დროს მაღაზიის თანამშრომლები ბავშვებს ართობდნენ, რათა არ გაეგოთ, რა ხდებოდა.

"ქალმა, რომელსაც ველაპარაკე, ამიხსნა, რომ მას სამსახური ჰქონდა, თუმცა მისი თანმხლები, რომელიც ბავშვების დედა იყო, არ მუშაობდა და ოჯახური პრობლემებიც ჰქონდა. აღებული პროდუქტი კი შვილებისათვის საშობაო სადილის გასაწყობად სჭირდებოდა", — ამბობს ლიმა.

ლიმამ ქვითარი ითხოვა, რათა ენახა, რის ყიდვას აპირებდა ქალი და, როგორც აღმოჩნდა, მასში მხოლოდ სურსათის ჩამონათვალი იყო.

"ცხადია, ოჯახს უჭირდა, მე კი ვერ წარმომედგინა, რომ გამოძახების ადგილზე მისვლისას გადაწყვეტილების მიღება მომიწევდა — გადამეხადა სალაროსთან, რის გადახდასაც შევძლებდი თუ თავად მეყიდა საშობაო სადილი ბავშვებისათვის?", — იხსენებს პოლიციის ოფიცერი.

ფოტო: WJAR

საბოლოოდ, მან გაფრთხილება მისცა ქალებს, თუმცა ისინი არ დაუკავებია.

"ძალიან მადლიერები იყვნენ და ცოტათი გაოცებულებიც. დარწმუნებული ვარ, იმავე სიტუაციაში ბევრი ადამიანი იფიქრებდა, რომ სხვანაირი შედეგი მოჰყვებოდა ყველაფერს — რომ, შესაძლოა, ისინი დაეპატიმრებინათ და სასამართლოს წინაშე წარედგინათ".

საშობაო საჩუქრად კი ლიმამ საკუთარი ჯიბიდან გადაიხადა $250-იანი სასაჩუქრე ბარათის საფასური და იგი ქალებს მისცა, რათა სასურველი პროდუქციის შეძენა შეძლებოდათ.