ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის წინააღმდეგ Pfizer/BioNTech ვაქცინა საგანგებო მოხმარებისთვის დაამტკიცა.

აღნიშნული ვაქცინა პირველად, 8 დეკემბერს, დიდმა ბრიტანეთმა დაამტკიცა, მას მოყვნენ აშშ, კანადა და ევროკავშირის ქვეყნები. ვაქცინაციის პროცესი თითოეულ ქვეყანაში უკვე დაწყებულია.

ჯანმოს მიერ ვაქცინის დამტკიცება ნიშნავს იმას, რომ იმ ქვეყნებს, რომელთაც არ ჰყავთ თავიანთი მარეგულირებელი ორგანოები ან ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესამოწმებლად არ აქვთ შესაბამისი საშუალებები, შეუძლიათ ვაქცინაციის პროცესი დაიწყონ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილებით, UNICEF-სა და ჯანდაცვის პანამერიკულ ორგანიზაციას შეუძლიათ შეიძინონ და გაავრცელონ ვაქცინა იმ ქვეყნებში, რომელთაც ამის საშუალება არ აქვთ.

ჯანმოს გენერალური მდივნის თანაშემწის, მარიანგელა სიამოს თქმით, ეს ძალიან პოზიტიური ნაბიჯია COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაზე გლობალური ხელმისაწვდომობისთვის.

ვაქცინის მოლოდინშია საქართველოც. როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, კოვაქს პლატფორმის ფარგლებში საქართველოს უკვე შეკვეთილი აქვს 700 ათასი ადამიანისთვის საჭირო 1,4 მილიონი დოზა. მისივე თქმით, საქართველოში სწორედ ის ვაქცინა ჩამოვა, რომელიც ჯანმოს მიერ იქნება დამტკიცებული და ასეთი შეიძლება არაერთი იყოს. ამასთან, გამყრელიძემ არაერთხელ განაცხადა, რომ ვაქცინის მისაღებად პირდაპირ მოლაპარაკებებსაც აწარმოებდნენ.