სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, ბრალდებულ/მსჯავრდებულებს ეპიდსიტუაციის გამო, ხანმოკლე პაემნების უფლება 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით შეუჩერდათ.

პენიტენციურის ცნობით, ბრალდებულ/მსჯავრდებულებს პაემნის უფლება 28 ნოემბრიდან 1 იანვრამდე ჰქონდათ შეჩერებული, ახალი რეგულაციით კი, შეზღუდვა 1 თვით გახანგრძლივდა.

"შეგახსენებთ, Covid-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, პენიტენციურ დაწესებულებებში მოქმედი შეზღუდვების პირველი ეტაპის მოხსნის შემდეგ, ბრალდებულ/მსჯავრდებულებს ხანმოკლე პაემნით სარგებლობის შესაძლებლობა მიმდინარე წლის 25 მაისიდან ჰქონდათ, თუმცა, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, 28 ნოემბრიდან ეს უფლება კვლავ შეუჩერდათ. ამ ეტაპზე კი, მიღებული იქნა ამ შეზღუდვის 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით გაგრძელების გადაწყვეტილება", — ნათქვამია პენიტენციურის განცხადებაში.

გარდა ამისა, პენიტენციური დაწესებულების ცნობით, 28 დეკემბერს, ახალი წლის დღესასწაულებთან დაკავშირებით პენიტენციურში ამანათების მიღება დაიწყო და ამანათების მიღებაზე შეზღუდვა აღარ იმოქმედებს.