გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე პრობაციის ეროვნული სააგენტოსგან ითხოვს, რომ DJ მიხაილოს უფლება მიეცეს, საღამოს 9 საათის მერე გარეთ გავიდეს, ჯაფარიძის დაბადების დღის ღონისძიებას დაესწროს და ამისთვის თავდებში თავად დაუდგება. ამის შესახებ ჯაფარიძემ საკუთარ ფეისბუქგვერდზე ლაივში ისაუბრა.

"ჩემს დაბადების დღეზე მინდა, რომ მეგობრები და ახლობლები დავპატიჟო და პლუს მინდა, რომ მოვიდეს მიხაილო. DJ მიხაილო იცით, რომ 9 წელი გამოვკეტეთ ციხეში, ამ 9 წლიდან, თითქმის, 7 წელი მოიხადა, ახლა გამოუშვეს და არის პრობაციაზე. პრობაციაზე რახან არის, ფეხზე სამაჯური უკეთია და საღამოს ათი საათის შემდეგ გარეთ ვერ გავა, ან ნებართვა სჭირდება, რომ გავიდეს. რამდენიმე კვირის წინ გირჩის ივენთზე იყო, დაუკრა, მერე წაიყვანეს სასამართლოში და ახლა 10 საათის მაგივრად 9 საათის მერე აღარ უშვებენ გარეთ. მინდოდა, რომ დღეს ჩემთან ერთად ყოფილიყო. პროცედურულად მინდოდა, ისე მომეგვარებინა, რომ პრობლემა აღარ შექმნოდა. თათია ხოჭოლავა არის დანაშაულის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელი, რომელთან დაკავშირებასაც ვცდილობ რამდენიმე დღეა, ადამიანურად მინდა გასაუბრება და თხოვნა, რომ გამოუშვას მიხაილო. მიხაილო არ არის არც კრიმინალი და არც არსად გარბის. ესებუა ხო არ არის, მიხაილოა, რა. ვერ მოვიპოვე ტელეფონის ნომერი, მეილზე მივწერე და პასუხი ვერ მივიღე. დღეს მოვაკითხე პრობაციის ცენტრს. ჯერჯერობით პასუხი არ მაქვს", — განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ასევე, ჯაფარიძემ აღნიშნა, მიუხედავად მანდატის გაუქმებაზე დაწერილი განცხადებისა, პროცედურულად არ განუხილავთ და ის ჯერ კიდევ პარლამენტის წევრად მიიჩნევა. ჯაფარიძემ განაცხადა, რომ როგორც პარლამენტის წევრი, მიხაილოს თავდებში ჩაუდგება და უზრუნველყოფს, რომ მთელი საღამო მასთან ერთად იყოს და დილით სახლამდე მიაცილოს.

10 ნოემბერს, ცნობილი გახდა, რომ პრობაციის სამსახურმა მუსიკოს მიხაილო თოდუას ციხეში დაბრუნებას მოითხოვა. მუსიკოსის თქმით, მას საპატიოდ 13-14 და 17 ოქტომბრის ღონისძიებები არ ჩაუთვალეს — 17 ოქტომბერს მან გირჩის პარტიულ ღონისძიებაზე, ღამის ათი საათის შემდეგ დაუკრა.

11 ნოემბერს სასამართლომ არ დააკმაყოფილა მიხაილო თოდუას ციხეში დაბრუნების მოთხოვნა, თუმცა, მას დღის განმავლობაში გარეთ ყოფნის დრო 2 საათით შეუზღუდა.

მუსიკოსი მიხეილ თოდუა (მიხაილო) 2013 წლის სექტემბერში 12 გრამი MDMA-სთვის დააკავეს და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მას საპროცესო შეთანხმება შესთავაზეს, თუმცა, 20 ათასი ლარის არქონის გამო სასჯელს საპატიმროში იხდიდა. საბოლოოდ, თოდუამ საპატიმრო დაწესებულება 2019 წელს დატოვა, ხოლო დარჩენილი ვადა შინაპატიმრობით შეეცვალა.

შინაპატიმრობის პირობებში ის ვალდებულია, ატაროს ელექტროსამაჯური და საღამოს 9 საათის შემდეგ სახლიდან არ გავიდეს. ღონისძიებებზე დაკვრის შემთხვევაში კი პრობაციის სამსახურს უნდა მიმართოს.

ზურაბ ჯაფარიძე 31 დეკემბრის ღამეს საკუთარ დაბადების დღისთვის რიყეზე მისულ ადამიანებს ჰპირდება მუსიკას. ასევე, აღნიშნავს, რომ დაბადების დღეზე მოსახვედრად საჭირო პირობების გასაცნობად მსურველებმა გვერდის ჩატში უნდა მისწერონ. ასევე, მოუწოდებს ყველას, რომ პანდემიის პირობებში რეკომენდებული უსაფრთხოების წესები.

გაიგე მეტი: