კიბორჩხალები ძალიან უცნაური ცხოველები არიან. მათი ზომა რამდენიმე მილიმეტრიდან 3 მეტრამდე ვარირებს. ისინი პრაქტიკულად ყველგან ბინადრობენ: ზღვებში, მტკნარ წყალსატევებში და ხმელეთზე. ამ უხერხემლოების დამცავი ზედაპირი აქვთ, რაც მათ გამძლეობას აძლევს.

მიუხედავად იმისა, რომ კიბორჩხალა ერთი შეხედვითაც კი უცნაურად გამოიყურება, მისი ევოლუციაც საკმაოდ უცნაურია.

ფოტო: J. Antonio Baeza - Baeza, J. Antonio

შეხედეთ ამ ფოტოს, რას ხედავთ? — თუ ფიქრობთ, რომ ფოტოზე კიბორჩხალებია ასახული, ცდებით. არსებობს ჭეშმარიტი (Brachyurans) და ცრუ (Anomuran) კიბორჩხალები. ცრუ კიბოები დასაცავად ხშირად მოლუსკების და მსგავსი ცხოველების ბაქანს იყენებენ, როცა ჭეშმარიტი კიბორჩხალები დამცავი აღჭურვილობით იბადებიან.

ფოტოზე ასახული ეგრეთ წოდებული "პორცელანა კიბოები" სინამდვილეში ცრუ კიბორჩხალები არიან. ცრუ კიბორჩხალების ფენომენი ბუნებაში მოქმედი პრინციპით აიხსნება, რომელიც 1911 წელს ლ.ა ბორადეილმა შენიშნა და მას კარცინიზაცია უწოდა. ბორადეილი წერდა, რომ ბუნება მუდმივად ცდილობს "ცხოველები კიბორჩხალებად აქციოს".

ფართომასშტაბიანი კვლევა აჩვენებს, რომ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, გარკვეული ცხოველები, ხანგრძლივი ევოლუციის შემდეგ, ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებლად კიბორჩხალებს დამსგავსნენ.

ეს პროცესი, კარცინიზაცია, უფრო ფართო "კონვერგენტული ევოლუციის" ფარგლებშია. ანუ ზოგი, ერთმანეთთან არამონათესავე ცხოველი მსგავს ნიშან-თვისებებს ივითარებს. ეს ბუნებრივიცაა, რადგან თუ ორი ცხოველი სხვადასხვა, მაგრამ მსგავს გარემოში აღმოჩნდა, ბუნებრივი გადარჩევა მათ, სავარაუდოდ, მსგავსი ოპტიმალური ფორმების მიღებისკენ უბიძგებს.

ზუსტად არავინ იცის, რატომაა კარცინიზაცია ასეთი მოგებიანი. მეტიც, ჩვენ მიერ ნახსენები პორცელანა კიბოებში, სქესობრივი დიმორფიზმიც განვითარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გენიტალიების და ფარდობითი ზომის გარდა, სახეობის წარმომადგენელი მდედრები და მამრები მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ეს ნიშან-თვისება ჭეშმარიტ კიბორჩხალებში ხშირია, თუმცა ცრუ კიბოებში ნაკლებად. ამის გამო, მეცნიერები ამბობენ, რომ პორცელანა კიბოებმა ჰიპერკაცინიზაცია განიცადეს.

არავინ იცის რატომ ცდილობს ბუნება ცხოველების კიბორჩხალებად გადაქცევას. ცხადია ისინი თავიანთ გარემოსთან კარგად არიან შეგუებულები, რაც ცხოველის გადარჩენის შანსებს ზრდის, მაგრამ ფენომენი მაინც უცნაურია და ბოლომდე შესწავლილი არაა.

რაც არ უნდა იყოს "კიბორჩხალიფიკაციის" მიზეზი, თუ ნერვიულობთ, რომ ერთ დღეს კიბორჩხალად გაიღვიძებთ ან მილიონობით წლის მერე, ადამიანებიც კიბორჩხალები ვიქნებით, შეგიძლიათ დამშვიდდეთ, ამის ალბათობა მცირეა (თუმცა, არასდროს 0).