მეცნიერებს ჰქონდათ ეჭვი, რომ ქოლესტერული უჯრედის ტრანსპორტირების ცილის მუტაცია ფსიქიატრიულ დარღვევებთან არის დაკავშირებული. თუმცა, ამ პროცესზე დაკვირვება რთული იყო.

ახლახან, იაპონიის კიოტოს უნივერსიტეტის მეცნიერმა, კიზომიცუ უედამ და მისმა კოლეგებმა წარმოადგინეს მტკიცებულებები, რომ თაგვები, რომლებსაც ABCA13 ცილის ფუნქციონირება აქვთ დარღვეული, შიზოფრენიის დამახასიათებელ ქცევას ავლენენ. გუნდმა გამოიკვლია ABCA13–ის ცილის ფუნქციები და შესაბამისი დასკვნები ჟურნალ Biological Chemistry-ში გამოაქვეყნა.

ABCA13 მიეკუთვნება უჯრედული გადამტანი ცილების ოჯახს, რომლებიც მონაწილეობენ უჯრედებში ქოლესტერინისა და სხვა მოლეკულების გადატანაში.

აღსანიშნავია, რომ უედა და მისი გუნდი 35 წლის განმავლობაში სწავლობდა ABC ცილებს. თაგვებზე ჩატარებული კვლევების შემდეგ, მათ გამოიკვლიეს მუტირებული ABCA13-ის ცილების მოქმედება ადამიანის უჯრედებში. შედეგად დაადგინა, რომ ABCA13 არის დიდი ცილა, რომელიც ლოკალიზებულია უჯრედულ ბუშტუკებში და ხელს უწყობს ქოლესტერინის გადატანას უჯრედის მემბრანიდან ბუშტუკებში.

"ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ABCA13 აჩქარებს უჯრედებში ქოლესტერინის ინტერნალიზაციას. ხოლო მისი ფუნქციის დაქვეითება ასოცირდება ფსიქიატრიული აშლილობის პათოფიზიოლოგიასთან", — ამბობს უედა.

რაც შეეხება თაგვებს, რომლებსაც ABCA13 აკლდათ, ისინი ნორმალურად გამოიყურებოდნენ და სიცოცხლის ხანგრძლივობაც კარგი ჰქონდათ, თუმცა, ქცევითი გამოკვლევების სერიამ პათოლოგიური შედეგები აჩვენა. მეცნიერები დაინტერესდნენ, თუ როგორ მოქმედებს ტვინის ნერვულ უჯრედებზე ABCA13-ის წაშლა. მათ დაადგინეს, რომ თაგვები, რომლებსაც ABCA13-ის ნაკლებობა აქვთ, ვერ აგროვებენ ქოლესტერინს.

მკვლევრების თქმით, სინაფსური ნერვის ბუშტუკები მნიშვნელოვანია ერთი ნერვიდან მეორეზე ინფორმაციის გადასაცემად, ამიტომ ამ გაუმართაობამ შეიძლება ხელი შეუწყოს ფსიქიკური აშლილობების ჩამოყალიბებას.

მკვლევარებმა შეისწავლეს ადამიანის უჯრედები, რომლებიც შეიცავდა ABCA13-ის მუტირებულ ვერსიებს. სწორედ ისინი ასოცირდება ზოგიერთ ფსიქიატრიულ დარღვევებთან. მათ აღმოაჩინეს, რომ მუტაცია აქვეითებს ABCA13–ის ფუნქციას და უჯრედული ბუშტუკების მდებარეობის დადგენის უნარს.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ABCA13-ის შემდგომი კვლევები, ფსიქიკური აშლილობების მკურნალობის ახლებურ გზებს შემოგვთავაზებს. შესაბამისად, შეიძლება მალე შიზოფრენიას, ბიპოლარულ აშლილობასა თუ დეპრესიას ახალი მკურნალობის მეთოდები დავუპირისპიროთ.