თურქეთში საჰაერო და სახმელეთო გზებით შესვლისა და ტრანზიტის წესი შეიცვალა და მოქალაქეები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში განცხადებას ავრცელებს.

"2020 წლის 30 დეკემბრიდან, თურქეთში შემოსვლის მსურველმა და თურქეთის გავლით, ტრანზიტით მიმავალმა მგზავრებმა უნდა წარმოადგინონ ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი ცნობა. ის პირები, რომლებიც ვერ წარმოადგენენ PCR ტესტის უარყოფითი პასუხის ამსახველ ცნობას, არ მიეცემათ ფრენის საშუალება. 6 წელზე ქვემოთ მგზავრებისთვის სავალდებულო არ არის ამგვარი ცნობის წარდგენა", — ნათქვამია განცხადებაში.

თურქულმა მხარემ ეს გადაწყვეტილება, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში შეიმუშავა.

30 დეკემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 1 738 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 225 893-ს.