რუსეთის ყოფილ საელჩოსთან სამოქალაქო აქტივისტებმა ოკუპაცია გააპროტესტეს და საოკუპაციო რეჟიმის მიერ დატყვევებული პირების გათავისუფლება მოითხოვეს. აქციის მონაწილეები ადგილზე ბანერებით მივიდნენ და რამდენიმე წუთით გზის სავალი ნაწილიც დაიკავეს.

აქციაზე მისული იყვნენ როგორც სამოქალაქო აქტივისტები, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები. ანტისაოკუპაციო პროტესტს შეუერთდა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც საოკუპაციო რეჟიმს უკანონოდ ჰყავდა დაკავებული.

"ეს არის საქართველოს ნომერ პირველი პრობლემა, სანამ არ გადაიჭრება საქართველოს მომავალი ყოველთვის საფრთხის ქვეშ იქნება. მოგვეხსენება ეს პრობლემა და ჩათვალეთ, რომ ყველასთვის პრობლემების 50 პროცენტი მოგვარდება. ამიტომ მე თავს ვალდებულად ვგრძნობ, რომ იქ ვიყო სადაც, საქართველოს მომავალია", — განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა On.ge-სთან.

ევროპული საქართველოს ყოფილი წევრი, ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ოკუპანტების მიერ გატაცებული ადამიანების პრობლემა ხელისუფლებისთვის მეასეხარისხოვანია. მისი თქმით, ასეთი აქციები შეხსენებაა მთავრობისთვის და მხარდაჭერაა გატაცებული ადამიანების ოჯახის წევრებისთვის.

"ყურადღების დეფიციტია ტოტალური ამ თემის მიმართ პოლიტიკურადაც, საერთაშორისო თვალსაზრისით. პრაქტიკულად, 21-ე საუკუნეში ყოველკვირეულად ადამიანებს იტაცებენ საოკუპაციო ხაზებთან. ეს უნდა იყო ჩვენი საერთაშორისო ერთ-ერთი მძლავრი თემა. ადგილზეც ამ ოჯახების მიმართ ყურადღების დეფიციტია. პოლიტიკურად ანგაჟირებული პოზიცია არ მაქვს. ვიცი, ვესაუბრები ამ ადამიანებს და მთავრობის მხრიდან არის ყურადღების დიდი დეფიციტი", — აღნიშნა ხოშტარიამ.

ფოტო: ქეთი ღვინიაშვილი / On.ge

ფოტო: ქეთი ღვინიაშვილი / On.ge

ფოტო: ქეთი ღვინიაშვილი / On.ge