აუდიტის სამსახური Covid 19-ის ფარგლებში მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით განსაზღვრული საკითხების შესწავლას გეგმავს. აუდიტი 2021 წელს დაიწყება და შეისწავლიან მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიანობას და კანონმდებლობასთან შესაბამისობას.

კერძოდ, უწყება დაინტერესდება შემდეგი საკითხებით:

  • ჯანდაცვის სისტემაში პანდემიის საპასუხო ღონისძიებებისათვის განხორციელებული შესყიდვების შესაბამისობის აუდიტი — აუდიტის მიზანია შეისწავლოს 2020 წელს ჯანდაცვის სისტემის მიერ პანდემიის საპასუხოდ შეძენილი საქონელი და მომსახურების (სამედიცინო აღჭურვილობა და მომსახურება) საკითხები;
  • საკარანტინო ზონების მართვის ეფექტიანობის აუდიტი — აუდიტის შესწავლის საგანი იქნება კოვიდ-სასტუმროების მართვის საკითხი;
  • მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის ღონისძიებების ეფექტიანობის აუდიტი — პანდემიამ უარყოფითი გავლენა იქონია მცირე და საშუალო ბიზნესის ფუნქციონირებაზე. აუდიტის მიზანია შეისწავლოს აღნიშნული გავლენის შემსუბუქებისათვის გატარებული ღონისძიებები.

უწყების განცხადებაში მითითებულია, რომ ანტიკრიზისული გეგმის შესაბამისად, საქართველომ ევროკავშირთან გააფორმა ხელშეკრულება 75 მლნ ევროს ოდენობით და პირველი ნაწილი (60 მლნ ევრო) უკვე მიიღო, მეორე ნაწილს კი მიიღებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებისა და ევროკავშირს, საქართველოს მთავრობასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შორის გამართული კონსულტაციების შედეგად, ანტიკრიზისული გეგმით განსაზღვრულ საკითხებზე აუდიტების ჩატარების შემდგომ.

საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიანობას და კანონმდებლობასთან შესაბამისობას სახელმწიფო აუდიტორები სწორედ ამ შეთანხმების ფარგლებში შეისწავლიან.

უწყების განცხადების მიხედვით, პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების დაინტერესებიდან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ასევე განიხილავს პანდემიის საპასუხოდ გატარებული სხვა ღონისძიებებისა თუ აქტივობების შესწავლასაც. მათ შორის იქნება საჯარო სკოლებში დისტანციური სწავლება, სადაც დაიფარება სკოლების მზაობისა და სასწავლო პროცესის გამართულობის საკითხები.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში განცხადებაში აღნიშნულია, რომ აუდიტებს ატარებენ უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების საერთაშორისო სტანდარტების (ISSAI) შესაბამისი მეთოდოლოგიებით, სადაც მოცემულია აუდიტის პრინციპები და პროცედურები.

უწყების განმარტებით, აუდიტის პროცესი მოიცავს შიდა კონტროლის მექანიზმების შეფასებას, დოკუმენტების შესწავლას, ინტერვიუების, კითხვარების, ანალიზის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მეთოდების გამოყენებას. აღნიშნული მეთოდების შერჩევა ხდება აუდიტის მასშტაბისა და მიზნებიდან გამომდინარე.