თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გლდანში ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩების რეაბილიტაციისას 500 ტონა თბოქსელის ლითონის მილები მოიპარეს. მთავრობის სხდომაზე მერმა აღნიშნა, რომ დედაქალაქს 200 ათასი ლარის ზარალი მიადგა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩების რეაბილიტაციაზე შიდა აუდიტი ჩაატარეს და სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა. მისივე თქმით, შემდეგი მოკვლევისთვის პროკურატურას მასალები უკვე გადაუგზავნეს.

"მიწაში განთავსებული ძველი მილების ამოღება მოხდა, დასაწყობდა და ეს მილები აღარ არის, მოიპარეს. რა თქმა უნდა, ეს იყო მუნიციპალიტეტის საკუთრება. აქ საუბარი არის 500 ტონა თბოქსელის ლითონის მილების დატაცების ფაქტზე. მინიმუმ 200 000 ლარი იზარალა მუნიციპალიტეტმა. ვინმეს არ ეგონოს, რომ აქ რაღაცების გატარება მოხდება. ყველა აგებს პასუხს, ვინც ამ სავარაუდო დანაშაულში გარეულია", — განაცხადა თბილისის მერმა.