ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის თანამშრომლების ნაწილი გაიფიცა. გაფიცულები მიზეზად შრომითი ანაზღაურების დაგვიანებას ასახელებენ. ისინი აღნიშნავენ, რომ უკვე 2 თვეა, რაც კუთვნილი ანაზღაურება არ აუღიათ.

"ორი თვის ხელფასი გვაქ ბატონო ასაღები. ვმუშაობთ დალაგებაზე, თავზე გვედგნენ, რომ არიქა, ხარისხიანად უნდა გაკეთებულიყო და ხელფასს თავის დროზე მოგვცემდნენ. გვითხრეს 20-სთვის იქნებაო. 4 სამუშაო დღის შემდეგ უნდა ყოფილიყო ხელფასი და მას მერე გავტყუებენ. 20-დან [გვეუბნებიან], ხვალ იქნება, დღეს იქნება, ორშაბათს იქნება, პარასკევს იქნება. ამიტომ დღეს მოვედით, ვითხოვთ ჩვენს ხელფასებს", — ამბობს ერთ-ერთი გაფიცული TV პირველთან.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 21 ნოემბერს, არჩევნებამდე 10 დღით ადრე გაიხსნა. უნივერსიტეტის პროექტის პრეზენტაცია კი 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებამდე 27 დღით ადრე გაიმართა. ღონისძიებას მთავრობის ხელმძღვანელი პირების გარდა, ქვეყნის ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა. მაშინ განაცხადეს, რომ სასწავლო დაწესებულებას სტუდენტთა პირველი ნაკადი 2019 წელს უნდა მიეღო.

უნივერსიტეტი ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" დაფინანსებით აშენდა.

ამავე თემაზე: