"სამწუხაროდ, რაღაც ნონსენსური სიტუცია გვაქვს, ერთის მხრივ, ვამბობთ, რომ ჰესები არ უნდა აშენდეს, ყოველ შემთხევაში გარკვეული კატეგორია, ვინც ამას აპროტესტებს ამბობს, და მეორე მხრივ, აპროტესტებენ სოციალურ ქსელებში იმას, რომ რატომ ძვირდება ენერგია და ეს ასე არ გამოვა", — განაცხადა სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ. მისი თქმით, "უწყინარი ჰესები" ქვეყანას სჭირდება.

"უწყინარი ჰესები, სადაც საშუალება გვეძლევა შედარებით იაფი ადგილობრივი რესურსი გვქონდეს, განახლებადი ენერგიის წყაროები, აუცილებლად უნდა აშენდეს და განვითარდეს, რომ მეტი ადგილობრივი რესურსი იქნას გამოყენებული ჩვენს ელექტროენერგიის კალათაში.

რაც უფრო მეტი ეკონომიკური აქტივობა იქნება, მით უფრო მეტი იქნება ენერგიაზე მოთხოვნა. ზოგადად, ევროპაშიც ასეა და ყველა ნორმალურ და განვითარებად ქვეყანაში, რამდენი პროცენტითაც იზრდება ეკონომიკა, იმის ადეკვატურად, თითქმის იმდენივე პროცენტით იზრდება ყოველწლიურად ელექტროენერგიაზე მოთხოვნა", — განაცხადა ნარმანია პალიტრანიუსის ეთერში.

სემეკის გადაწყვეტილებით, თელასისა და ენერგო-პრო ჯორჯიას მომხმარებლებისთვის, თბილისსა და რეგიონებში დენის ტარიფი იზრდება. საყოფაცხოვრებო მოხმარების ელექტროენერგიის ნაწილში ზრდა დაახლოებით 3,5 თეთრია. ხოლო რაც შეეხება კომერციულ ნაწილს, ის დიფერენცირებულია საფეხურების მიხედვით და 11-დან 13-თეთრამდე მერყეობს.

სემეკის სხდომაზე საკითხის განხილვის პარალელურად პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მომავალ წელს მოსახლეობის უმრავლესობას ელ.ენერგიის გაძვირებით გამოწვეული სხვაობა აუნაზღაურდება. შეღავათი შეეხება მათ, ვინც 300 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარს.