ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის თქმით, 2021 წელი პრივატიზაციაში გარღვევის წელი, ალბათ ვერ იქნება.

"პრივატიზაციაზე ყველანაირად მხარს ვუჭერ და ვიქნები იმდენად აგრესიული, რამდენადაც შესაძლებელია. ერთი რამე უნდა ვიცოდეთ, რომ 2021 წელი ვერ იქნება პრივატიზაციაში, ალბათ, გარღვევის წელი. ზოგადად, წელი იმდენად მძიმეა, ჩვენ საკმარისი უცხოელი ინვესტორები, ვინც დიდი ალბათობით ინტერესს გამოიჩენდა სხვა შემთხვევაში, უბრალოდ არ გამოჩნდება", — განაცხადა მაჭავარიანმა.

აღნიშნულით მაჭავარიანმა ქართული ოცნების დეპუტატის, ბექა დავითულიანი კითხვას უპასუხა იმის შესახებ თუ რა ეფექტს მოიტანს ეკონომიკის აღდგენის და შემდგომში წახალისების თვალსაზრისით სახელმწიფო კომპანიების, მაგალითად სახელმწიფო მიწების და სხვა ასეთი აქტივების გასხვისება, ასევე, რამდენად არის გამოკვეთილი როდის შეძლებს ქვეყანა ამის დაწყებას.

მაჭავარიანის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეს აქტივი სწორ საინვესტიციო პროექტში მოხვდეს.

"ყოველთვის მნიშვნლოვანი იყო ვის ხელში ჩავარდება და რამდენად მალე ეს აქტივი ჩერთვება ეკონომიკურ საქმიანობაში, თუმცა აქ მეორე რისკიც არის — გვაქვს ეს გამოცდილება, რომ არიან ხალხი, რომლებიც მომენტს უცდიან, იაფად აიღებენ და სხედან და სხედან, წლები უცდიან. ეგ რა არის? მაგას ჩვენც მოვუცდით. ეგრე სახელმწიფოც აზის კრუხივით და უცდის. ეგ არ არის გამოსავალი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, მოხდეს სწორ საინვესტიციო პროექტში, სწორ ხელში მოხვდეს. მეორადია თანხა, თუმცა ესეც მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით ვიქნებით აგრესიული, უბრალოდ, ჩემი პირადი განცდაა, რომ საკმარისი მოთამაშე ინტერესს 21-ში, ალბათ, არ გამოაჩენს. ჩვენ მაინც უნდა გამოვიტანოთ, მაინც უნდა შევეცადოთ, მაგრამ თვითონ სენტიმენტებია ისე დავარდნილი, რომ ცოტა უფრო გაუჭირდება ამ ამბავს", — განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

დღეს პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე 2021 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ. ბიუჯეტის პროექტს ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი წარადგენს.