მოდის ფრანგი დიზაინერი, პიერ კარდენი, 98 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის სახვითი ხელოვნების აკადემია ავრცელებს ტვიტერზე.

ოჯახის ინფორმაციით, ლეგენდარული დიზაინერი პარიზის მახლობლად, ნუი-სურ-სენის საავადმყოფოში დაიღუპა.

კარდენი მოდის ინდუსტრიაში მეოცე საუკუნის 60-იან და 70-იან წლებში ავანგარდული და ფუტურისტული სტილის შეტანით იყო ცნობილი. 1946 წლიდან იგი ქრისტიან დიორის ახლადგახსნილ დიზაინერულ კომპანიაში მუშაობდა, ოთხი წლის შემდეგ კი თავად დააფუძნა საკუთარი სახელის მქონე მსოფლიოში ცნობილი ბრენდი და თეატრის კოსტიუმებისა და ნიღბების წარმოება დაიწყო.

1953 წელს კარდენმა პირველად წარადგინა ქალის სამოსის კოლექცია, მომდევნო წელს კი, ეგრეთ წოდებული ფაშფაშა კაბების წარმატებული გამოშვების შემდეგ მან პირველი ბუტიკი გახსნა საფრანგეთის დედაქალაქში.

კარდენის ექსპერიმენტული სტილი ხშირად უარყოფდა ტრადიციულ ჩარჩოებს. არაორდინარული ფორმები და უნისექსი სამოსი კი მისი შემოქმედებითობის ამოსავალი წერტილი იყო.