ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის თქმით, კარგი სანახავია, რომ პარლამენტი ასე ადეკვატურად უყურებს გამოწვევებს.

"ვალზე ხშირად ვსაუბრობ და ძალიან კარგია, რომ ამ პარლამენტმა აიტაცა. მართლა, გულწრფელად გეუბნებით, რომ ძალიან კარგი სანახავია, როდესაც პარლამენტი ასე ადეკვატურად უყურებს გამოწვევებს, საუბრობს მაკროთემებზე, საუბრობს ფისკალზე, საუბრობს ვალზე, საუბრობს დეფიციტზე. ეს ხომ მოსაწყენი თემებია საჯაროდ. ზოგადად, გაცილებით უფრო საინტერესო და პოპულარულ თემებზე უყვართ ხოლმე საუბარი, მაგრამ ახლა, ალბათ, ყველას აქვს გაცნობიერებული, თუ რამდენად რისკიან ეტაპზე ვართ და ამიტომ, წამოწეულია", — განაცხადა მაჭავარიანმა.

დღეს პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე 2021 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ. ბიუჯეტის პროექტს ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი წარადგენს.