სამეცნიერო სიახლეებს თუ ადევნებთ ხოლმე თვალს, ალბათ, გეცოდინებათ, რომ 2020 წელს მკვლევრებმა არაერთი ახალი სახეობა აღმოაჩინეს, ზოგიც უკვე აღმოჩენილი ჰყავდათ, თუმცა, ოფიციალურად მხოლოდ წელს ცნეს ისინი ახალ სახეობებად.

მსოფლიოში არსებული მდგომარეობის მიუხედავად, გარეული ცოცხალი ორგანიზმები მშვიდად განაგრძობენ ცხოვრებას და მეცნიერებიც ისევ აქტიურად განაგრძობენ მათ შესწავლას. ამ სტატიაში მოგიყვებით იმ ათი არსების შესახებ, რომლებიც წელს აღმოაჩინეს, ან წელს აღიარეს განსხვავებულ სახეობად.

1. დინგნისკარტასებრნის ახალი სახეობა

ფოტო: en.mercopress.com

ვეშაპის ეს სახეობა გასულ თვეს, მექსიკის დასავლეთ სანაპიროსთან აღმოაჩინეს. ამ ვეშაპებს წვეტიანი დინგი აქვთ და სიგრძეში, დაახლოებით, 5 მეტრს აღწევენ. ამ სახეობის სამი წარმომადგენელი, რომლებიც მკვლევრებმა 2020 წელს აღმოაჩინეს, ვიზუალურად ჩვენთვის ნაცნობ არც ერთ სახეობას არ გვანან და მათი ხმოვანი სიგნალებიც უცნობია მეცნიერებისთვის.

ასევე იხილეთ: მექსიკაში ვეშაპის აქამდე უცნობი სახეობა აღმოაჩინეს

2. მფრინავი პოსუმის ორი ახალი წარმომადგენელი

ფოტო: i0.wp.com

ძუძუმწოვრების ეს ორი სახეობა მკვლევრებმა გასულ თვეს, ავსტრალიაში აღმოაჩინეს. სახელმა შეცდომაში არ შეგიყვანოთ — ამ არსებებს სინამდვილეში ფრენა არ შეუძლიათ, თუმცა კიდურებს შორის არსებული აპკისმაგვარი წარმონაქმნი მას დიდი ნახტომის გაკეთების საშუალებას აძლევს. მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ ეს, უბრალოდ, პოპულაციებს შორის არსებული ვარიაციები იყო, თუმცა გენეტიკური ანალიზით დადგინდა, რომ ისინი სრულიად განსხვავებულ სახეობებს წარმოადგენენ. როგორც წესი, ახალი ძუძუმწოვრების აღმოჩენა ხშირად არ ხდება.

ასევე იხილეთ: ავსტრალიაში ორი ახალი ძუძუმწოვარი აღმოაჩინეს

3. ახლადაღმოჩენილი პრიმატი — პომა ლანგური

ფოტო: scx2.b-cdn.net

ამ სახეობას თვალების გარშემო დამახასიათებელი თეთრი რგოლები აქვს. ისინი მიანმარის ტყეში, პოპას მთასთან ბინადრობენ და მხოლოდ 200-250 წარმომადგენელი ჰყავთ. საცხოვრებელი არეალის შემცირებისა და ნადირობის გამო, ისინი უკვე გადაშენების საფრთხის წინაშე დგანან. პრიმატების ახალი სახეობის აღმოჩენა დიდ იშვიათობას წარმოადგენს, თუმცა ურბანიზაციის გამო, ტყეები, რომლებშიც ეს პრიმატები ბინადრობენ, ნელ-ნელა ქრება.

ასევე იხილეთ: ახლადაღმოჩენილი პრიმატი უკვე გადაშენების პირასაა

4. Chelus Fimbriata — ქარიზმატული კუს ახალი სახეობა

ფოტო: hyperaxion.com

მატა მატა კუ Chelus-ის გვარის ერთადერთი წარმომადგენელი ეგონათ, თუმცა მეცნიერებმა წელს ამავე გვარის ახალი სახეობა აღმოაჩინეს, რომელიც მხოლოდ მდინარე ამაზონში ბინადრობს. ეს სახეობა გარეგნობით მომღიმარ მოხუცებულს წააგავს. იგი სულ წყალმცენარეებითაა დაფარული, რაც მას წყალში დამალვისა და ნადავლის მოხელთების საშუალებას აძლევს. ამ სახეობაზე ჩატარებული კვლევის ავტორი მიიჩნევს, რომ Chelus Fimbriata საფრთხის ქვეშ დგას, რადგან მან, მეცნიერების გარდა, შესაძლოა, უცნაური ცხოველებით მოვაჭრეები და ბრაკონიერებიც დააინტერესოს.

ასევე იხილეთ: კუს ახალი სახეობა აღმოაჩინეს, რომელიც მუდმივად "იღიმის"

5. მხტუნავი ობობები ავსტრალიაში

ფოტო: www.sciencealert.com

ფარშევანგთვალა ობობები მხოლოდ ავსტრალიაში ბინადრობენ და მიუხედავად იმისა, რომ ამ გვარის ყველა წარმოამდგენელი შხამიანია, ისინი ადამიანებს საფრთხეს არ უქმნიან. ეს ბრინჯის მარცვლის ზომის ობობების გვარი 85 სახეობას ითვლის. მათგანი შვიდი კი წელს აღმოაჩინეს. ფარშევანგთვალა ობობა "მხტუნავი" ობობების ოჯახს მიეკუთვნება. მიუხედავად იმისა, რომ ისინი საყვარლად გამოიყურებიან, სინამდვილეში საკმაოდ წარმატებულ მტაცებლებს წარმოადგენენ.

ასევე იხილეთ: ავსტრალიაში მხტუნავი ობობების კიდევ 7 სახეობა აღმოაჩინეს

6. ისევ ავსტრალია — ხავერდოვანი გეკონების ახალი სახეობა

ფოტო: qmnblog.files.wordpress.com

ხავერდოვანი გეკონი, ძირითადად, სამხრეთ აფრიკაში ბინადრობს, თუმცა 2020 წელს აღმოჩენილი Oedura nesus ავსტრალიაში, გრუტ ეიტლანდტის კუნძულზე იპოვეს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში, ავსტრალიის ამ რეგიონში, მეცნიერებმა 9 ახალი სახეობა აღმოაჩინეს. ყველა სიკეთესთან ერთად, ავსტრალიის მიმდებარე კუნძულებზე ბევრი გადაშენების პირას მყოფი სახეობა ცხოვრობს.

ასევე იხილეთ: ავსტრალიაში ხავერდოვანი გეკონის ახალი სახეობა აღმოაჩინეს

7. ავსტრალია — მოსიარულე ზვიგენების ოთხი ახალი სახეობა

ფოტო: www.ctvnews.ca

1 მეტრი სიგრძს მქონე საყვარელი მტაცებლების ეს სახეობა დაახლოებით 2 მილიონი წლის წინ აღმოცენდა. ევოლუციური გადმოსახედიდან, ეს საკმაოდ მოკლე დროის პერიოდია. მოსიარულე ზვიგენები, ამ ოჯახის სხვა წარმომადგენლებისგან განსხვავებით, მეჩხერ წყლებში ბინადრობენ და ფარფლებს ფსკერზე და მარჯნის რიფებზე გადასაადგილებლად იყენებენ. ისინი კვერხებსაც მარჯნის რიფებში დებენ, დაბადების შემდეგ კი საცხოვრებელ ადგილთან ახლოს რჩებიან.

ასევე იხილეთ: ავსტრალიაში "მოსიარულე" ზვიგენების კიდევ 4 სახეობა აღმოაჩინეს

8. Duobrachium sparksae — უცნაური ჟელესმაგვარი არსება

ფოტო: Scientists Confirm Entirely New Species of Gelatinous Blob From The Deep, Dark Sea

სავარცხლურების კლასის ეს წარმომადგენელი პირველად 2015 წელს დაინახეს, თუმცა, ოფიციალურად მხოლოდ 2020 წელს აღიარეს იგი ახალ სახეობად. სავარცხლურების უმეტესობასთან შედარებით, იგი უჩვეულოდ მოძრაობს და ჰელიუმის ბუშტს მოგვაგონებს. ბევრი მსგავსების მიუხედავად, მისი გარჩევა სავარცხლურების სხვა სახეობებისგან საკმაოდ ადვილია. ისინი პატარა ფეხსახსრიანებითა და სხვადასხვა ტიპის ლავრებით იკვებებიან.

ასევე იხილეთ: ოკეანის ფსკერზე ახალი ცოცხალი ორგანიზმი — უცნაური ჟელესმაგვარი არსება აღმოაჩინეს

9. Xenophyophorea-ს და Abyssalia-ს ახალი სახეობები

ფოტო: www.sciencealert.com

მიუხედავად იმისა, რომ მათი აღწერა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში დაიწყეს, მათზე ჯერ კიდევ ძალიან ცოტა რამაა ცნობილი, ამის მთავარ მიზეზს კი იმ რეგიონის ექსტრემალური სიღრმე წარმოადგენს, რომელშიც ამ ჯგუფის წარმომადგენლები ბინადრობენ. Xenophyophorea-ს გარშემო თითქოს ერთმანეთზე მიწებებული, პატარა ნაწილაკებისგან დამზადებული ნაჭუჭი აქვს. Abyssalia ნაჭუჭი კი ღრუბელას სპიკულისგან შექმნილი ბადითაა დაფარული, რომელსაც ზედაპირის მკვეთრი, აშკარა ფენა არ გააჩნია.

ასევე იხილეთ: მკვლევრებმა წყნარი ოკეანის ფსკერზე უცნაური ახალი სახეობები აღმოაჩინეს

10. გველის ახალი სახეობა ფილიპინების არქიპელაგზე

ფოტო: www.wishtv.com

Levitonius mirus, სინამდვილეში, ბევრად ადრე აღმოაჩინეს, თუმცა, მთელი ამ წლების მანძილზე, მას შეცდომით გველების სხვა სახეობას აკუთვნებდნენ და მეცნიერებმა მხოლოდ ახლა შეძლეს მისი იდენტიფიცირება. იგი ცხოვრების უდიდეს ნაწილს მიწის ქვეშ ძრომიალში ატარებს და ზედაპირზე მხოლოდ თავსხმა წვიმის დროს ამოდის, ამიტომ საკმაოდ რთული მოსახელთებელია და იშვიათად გვხვდება.

ასევე იხილეთ: მეცნიერებმა გველების ახალი სახეობა აღმოაჩინეს