ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აშშ-ის საელჩოს ხელმძღვანელობით გამოცხადებული საგრანტო პროგრამის "დემოკრატიის განვითარება — კურსდამთავრებულთა საგრანტო პროგრამა 2020" ფარგლებში მოსწავლე გოგოებში ინჟინერიის დარგის პოპულარიზაციისთვის ახორციელებს პროექტს "საინჟინრო სკოლა უფროსკლასელი გოგოებისთვის".

12 კვირის განმავლობაში კონკურსის წესით შერჩეულ უფროსკლასელ გოგოებს საინჟინრო კარიერაში წარმატებული ქალი მენტორები ტექნიკურ და საინჟინრო დარგებს გააცნობენ და მოსწავლეები დაეუფლებიან:

  • ბლოკურ პროგრამირებას;
  • მიკროელექტრონიკის კომპონენტებს;
  • DJI Tello Edu დრონის პროგრამირებას;
  • OTTO bot-ის პროგრამირებას.

ფოტო: ილიაუნი

წინასაახალწლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა პროექტის მონაწილე სკოლის მოსწავლე გოგოებს OTTO bot-ები და ილიაუნის ბრენდირებული ჰუდები გადასცა საჩუქრად.

"ილიაუნის საინჟინრო სკოლა ას უფროსკლასელ გოგოს სთავაზობს შესაძლებლობას, შეისწავლონ ელექტრონიკა, დაპროგრამება და გაეცნონ თანამედროვე ტექნოლოგიებს ყოველ კვირა დღეს, 3 საათის განმავლობაში. თითოეული გოგო საჩუქრად იღებს OTTO bot-ს, რომელსაც ჯერ ონლაინლექციების დროს დააპროგრამებს, ხოლო შემდეგ დამოუკიდებლად შეძლებს მათ დაპროგრამებას, იმისთვის, რომ მათ სხვადასხვა ტიპის ოპერაციები შეასრულონ. გარდა ამისა, ისწავლიან ტრელოს დრონებზე დაპროგრამებას. გოგოებს ლექციებს უტარებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლის თანამედროვე საინჟინრო პროგრამების პროფესორები და სტუდენტები. მსგავსი პროექტები მნიშვნელოვანია, რათა, რაც შეიძლება მეტი გოგო დავაინტერესოთ ტექნოლოგიებითა და ინჟინერიით და მათ აირჩიონ მომავლის პროფესიები, რომლებშიც დღეს ქალების ნაკლებობაა", — ამბობს, ნანა დიხამინჯია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცერექტორი მეცნიერების პოპულარიზაციისა და ინოვაციების მიმართულებით.

ფოტო: ილიაუნი

პროექტის შესახებ

პროექტი ინდივიდუალური ფედერალური დახმარების ჯილდოა, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარების სამსახურის უფროსს, ქეთევან დარახველიძეს, როგორც აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამების (ედმუნდ მასკის 2007-2009 სამაგისტრო პროგრამა, UGRAD 2003-2004) კურსდამთავრებულს, გადასცა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა თბილისში აშშ-ის საელჩოს ხელმძღვანელობით გამოცხადებული საგრანტო პროგრამის ("დემოკრატიის განვითარება — კურსდამთავრებულთა საგრანტო პროგრამა 2020") ფარგლებში.

"პროექტი "საინჟინრო სკოლა უფროსკლასელი გოგოებისთვის" ხორციელდება "დემოკრატიის განვითარება — კურსდამთავრებულთა საგრანტო პროგრამა 2020" ფარგლებში. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მხარდაჭერის პროგრამა, რომელსაც აფინანსებს სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკის საელჩოს ხელმძღვანელობით. კონკრეტულად ამ პროექტის მიზანი სკოლის მოსწავლე გოგოებში ტექნიკური და საინჟინრო მიმართულებით დარგის პოპულარიზაცია და შესაძლებლობების გამოყენებაა", — აცხადებს ქეთევან დარახველიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი, გრანტის მიმღები.

ფოტო: ილიაუნი

პროექტის მთავარი მიზანია, გოგოები დააინტერესოს ტექნიკური და საინჟინრო დარგებით, ანუ დაეხმაროს მათ, აირჩიონ საინჟინრო კარიერა ამ დარგში წარმატებული ქალების მენტორობით, რაც ითვალისწინებს კოდირების, ინჟინერიის სწავლებასა და სახალისო კონკურსებში მონაწილეობას.

"საინჟინრო სკოლის პროექტით დავინტერესდი და სამოტივაციო წერილი გავგზავნე. პროექტში მონაწილეობამდე ნამდვილად არ ვიცოდი, სად მინდოდა ჩაბარება ან რას გადავწყვეტდი სამომავლოდ. ილიაუნის საინჟინრო სკოლაში გადავწყვიტე, კომპიუტერული ინჟინერია ამერჩია პროფესიად. აქ ვსწავლობთ როგორც თამაშების შექმნას, ასევე ბოტების აწყობას, ვქმნით კოდებს. ძალიან მაინტერესებს ჩემ გაკეთებულ ბოტს, რისი შესაძლებლობა ექნება", — ამბობს, ბარბარე ჩხარტიშვილი, ილიაუნის საინჟინრო სკოლის მოსწავლე.

ფოტო: ილიაუნი

პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელია პროფესორი ნანა დიხამინჯია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ინოვაციების განვითარებისა და მეცნიერების პოპულარიზაციის მიმართულებით.