დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, იმისთვის, რომ საზოგადოებრივი იმუნიტეტი გამომუშავდეს, მოსახლეობის 50-60 პროცენტი უნდა აიცრას კორონავირუსზე.

"Covax-ით, ჩვენ ავცრით 20 პროცენტს და დამატებით უნდა შეისყიდოს ქვეყანამ საკმაოდ დიდი დოზა ვაქცინა, მინიმუალური, 50-დან 60 პროცენტამდე, რომ ე.წ. საზოგადეობრივი იმუნიტეტი გამომუშავდეს. უკვე, დაახლოებით, 220 000-ს გადატანილ-დადასტურებული აქვს ოფიციალურად ეს ინფექცია, მაგრამ გათვლებით, დაახლოებით ორჯერ მეტია, ანუ ჩვენთან ინფექცია გადატანილი აქვს სადღაც მოსახლეობის 15 პროცენტს, მარტის ბოლოსთვის ეს პროცენტი უფრო მაღალი იქნება", — განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის თქმით, ფართომასშტაბიანი ხელმისაწვდომობა ვაქცინაზე მომავალი წლის გაზაფხულიდან იქნება. გამყრელიძის თქმით, საქართველოში ხელმისაწვდომი იქნება ის ვაქცინა, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ იქნება დამტკიცებული.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ვაქცინის მოსაპოვებლად ისინი ალტერნატიული გზებითაც მუშაობენ, ანუ სხვადასხვა კომპანიასთან პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებენ. რაც შეეხება ვაქცინაციას, გამყრელიძის თქმით, ეს პირველ რიგში მაღალი რისკის ჯგუფს, სამედიცინო პერსონალს შეეხება. შემდეგ უკვე იქნებიან ხანდაზმულები და თანხმლები დაავადებების მქონე პირები.

ამავე თემაზე: