7 წლის ამერიკელმა ბიჭმა, სახელად ელიმ, რომელიც დევიდსონების ოჯახმა, დაახლოებით, ერთი წლის წინ იშვილა და ორ შვილთან ერთად ზრდიდა, დის სიცოცხლე ხანძრის დროს მის ოთახში ფანჯრიდან გადაძრომით გადაარჩინა. ოჯახის სახლში, რომელიც ტენესიში მდებარეობს, 8 დეკემბერს ჩვეულებრივი საღამო იყო. კრის და ნიკოლ დევიდსონებმა სამ შვილს ავახშმეს და ცხრის ნახევრისთვის დასაძინებლად წაიყვანეს.

რამდენიმე საათის შემდეგ, ნიკოლი კვამლის სუნმა გააღვიძა. სულ რაღაც წუთებში, სახლი ცეცხლის ალში მოექცა, წლის და 10 თვის ერინ დევიდსონი კი თავის საძინებელში მარტო აღმოჩნდა.

სანამ წყვილი 2 წლის ელაიჯასა და ელის სახლიდან გამოიყვანდა, ერინის ოთახი ყველა მხრიდან ცეცხლში გაეხვა.

ერინ დევიდსონს ხანძრის დროს მარტოს ეძინა თავის საძინებელში.

ფოტო: WVLT

"კვამლი და ცეცხლი იმდენად დიდი იყო, რომ არანაირად არ შემეძლო მისი შველა", — ამბობს კრის დევიდსონი, — "გარეთ გავედით, რომ ფანჯრიდან აგვეყვანა, თუმცა გარშემო არაფერი იყო, რომ ფანჯარას მივწვდომოდი. ამიტომ ელი ავსვი, რომელიც ოთახში გადაძვრა და ერინი მისი აკვნიდან აიტატა.

"ელითი ძალიან ვამაყობთ", — აცხადებს დევიდსონი, — "ისეთი რამ გააკეთა, რასაც ზრდასრული კაცი არ იზამდა".

თან, რაც მთავარია, ყველაფერი მოასწრო.

"ვიფიქრე, ამას ვერ შევძლებ-მეთქი, თუმცა მერე დავიძახე: 'ავიყვანე, მამიკო'", — იხსენებს ელი, — "მეშინოდა, თუმცა არ მინდოდა, ჩემი და დაღუპულიყო".

როცა 20 მეხანძრე ადგილზე მივიდა, სახლი მთლიანად ცეცხლის ენებში იყო შთანთქმული, მეორე დღეს კი მისგან აღარაფერი დარჩა.

დევიდსონების სახლი ხანძარმა მთლიანად გაანადგურა.

ფოტო: WVLT

დევიდსონებს, რომლებიც თავადაც ყოფილი მეხანძრეები არიან, სამივე შვილი — ერინი, ელი და ელაიჯა — ნაშვილები ჰყავთ. ახლა, როცა ოჯახს ყველაფრის თავიდან დაწყება მოუწევს — პანდემიის გამო დაკარგული სამსახურის, ნიკოლის პაპის გარდაცვალების და ხანძრის გამო — GoFundMe-ზე ოჯახის დასახმარებლად პლატფორმა შეიქმნა.

"ყველაფერი დავკარგეთ, რაც კი ოდესმე გვქონია", — ამბობს კრის დევიდსონი, — "ჩვენი მთელი ცხოვრება იმ სახლში იყო. ხანძარმა ჩვენი სამი მანქანაც დააზიანა.

"განადგურებულები ვართ. აღარაფერი გვაქვს", — დასძენს იგი, — "ისეთი მორცხვი და თავმდაბალი არასდროს ხარ, როგორც მაშინ, როცა საკუთარი საცვალიც კი არ გაქვს ჩასაცმელად".