სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, 2020 წლის მესამე კვარტალში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0,2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 17,0 პროცენტი შეადგინა.

ფოტო: საქსტატი

გარდა ამისა, 2020 წლის III კვარტალში სამუშაო ძალამ (ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ) შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 50,3 პროცენტი შეადგინა. აქტიურობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია ქალაქის ტიპის დასახლებებში 0,3 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 3,6 პროცენტული პუნქტით.

დასაქმების დონე ქვეყნის მასშტაბით შემცირებულია 1,3 პროცენტული პუნქტით, ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 0,7 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში — 2,1 პროცენტული პუნქტით.

ფოტო: საქსტატი

საქსტატმა უმუშევრობის დონე ახალი სტადარტით დათვალა, რომელზეც მუშოაბა 2019 წლიდან დაიწყეს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ახალი სტანდარტის დანერგვა ითვალისწინებს თვითდასაქმებულთა გადაკვალიფიცირებას და სამუშაო ძალის დამატებითი ინდიკატორების გაანგარიშებას. კერძოდ, ახალი სტანდარტით თვითდასაქმებულად აღარ ითვლებიან საკუთარ ოჯახურ მეურნეობაში მომუშავე პირები, რომლებიც არ არიან ბაზარზე ორიენტირებულები და სასოფლო სამეურნეო პროდუქციას აწარმოებენ უმთავრესად (50%-ზე მეტი) საკუთარი მოხმარებისათვის. აღნიშნული სტატუსის მქონე პირები გადაკვალიფიცირდნენ ან უმუშევართა კატეგორიაში, ან მოსახლეობაში სამუშაო ძალის გარეთ, იმის მიხედვით, ეძებდნენ თუ არა სამუშაოს და მზად იყვნენ თუ არა სამუშაოს დასაწყებად.

საქსტატში აცხადებენ, რომ დღემდე მოქმედი დასაქმებისა და უმუშევრობის სტატისტიკის მეთოდოლოგიურ საფუძველს წარმოადგენდა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ შემოთავაზებული სახელმძღვანელო, რომელიც მიღებულია 1982 წელს, შრომის სტატისტიკოსთა მე-13 საერთაშორისო კონფერენციაზე. ხოლო ახალი სტანდარტი ILO-ს მიერ შემოთავაზებულ იქნა 2013 წელს, რომელიც ოფიციალურად ძალაში შევიდა 2018 წლის ოქტომბერში, შრომის სტატისტიკოსთა მე-20 საერთაშორისო კონფერენციაზე.