2000 წლის წინანდელი სწრაფი კვების ობიექტი, რომელიც პომპეის ფერფლიდან "აღადგინეს", მკვლევარებს ახალ მინიშნებებს აძლევს. მისი დახმარებით რომაელთა კვების ტრადიციებისა და კულტურის შესახებ სულ უფრო მეტი ხდება ცნობილი.

ბარის ტიპის ობიექტი, რომელიც პოლიქრომული შაბლონებით იყო გაფორმებული და ვულკანური ფერფლით დაფარული, გასულ წელს ნაწილობრივ გამოიკვეთა. მაგრამ არქეოლოგებმა განაგრძეს მუშაობა, რათა ისტორიელი წარსულის ამსახველი ობიექტი სრულად წარმოეჩინათ.

პომპეი დაიწვა და განადგურდა მდუღარე ლავის ზღვაში, ახ.წ. 79 წელს, ვეზუვის მთაზე ვულკანის ამოფრქვევის შედეგად ათასობით ადამიანი დაიღუპა. არქეოლოგები მუდმივად აწარმოებენ კვლევებს განადგურებულ ქალაქში.

ფოტო: Luigi Spina

მკვლევართა გუნდმა თიხის ჭურჭელში იპოვა იხვის ძვლის ფრაგმენტები, აგრეთვე ღორის, თხის, თევზისა და ლოკოკინების ნაშთები. ზოგიერთი ინგრედიენტი ერთად იყო მოხარშული, როგორც რომაული ეპოქის კერძი პაელა. ერთ-ერთ ქილაში იპოვეს, გახეხილი ფავას ლობიო, რომელიც გამოიყენება ღვინის გემოს შესაცვლელად.

"როგორც ჩანს, დახლი სასწრაფოდ დაიხურა და მისმა მფლობელებმა მიატოვეს. შესაძლოა, მას შემდეგ, რაც ამოფრქვევის პირველი საფრთხე დადგა", — განუცხადა პომპეის არქეოლოგიური პარკის გენერალურმა დირექტორმა მასიმო ოსანამ, სააგენტო Ansa-ს.

აქ აღმოაჩინეს ძველ რომაული წყლის ჭურჭელი Amphorae, ასევე შადრევანი, რომლის გვერდითაც იპოვეს, დაახლოებით, 50 წლის მამაკაცის ნეშტი. ასევე საწოლის გვერდით ბავშვის ნეშტსაც მიაგნეს.

"არ არის გამორიცხული, რომ ადამიანები, ალბათ ყველაზე მოხუცნი, დარჩნენ და დაიღუპნენ ვულკანის ამოფრქვევის პირველ ეტაპზე", — განუცხადა ოსანამ სააგენტო Ansa-ს.

"სწრაფი კვების ობიექტთან" კიდევ ერთი ადამიანის ნეშტი იპოვეს, რომელიც შეიძლება იყოს ქურდი ან ვულკანის რისხვას გამოქცეული ადამიანი, რომელიც "გაკვირვებული იყო ლავით, ამავდროულად, მას ხელი ახლახან გახსნილი ქოთნის სახურავზე ჰქონდა დადებული", — დასძინა ოსანამ.

თავიანთი მუშაობის ბოლო ეტაპზე არქეოლოგებმა აღმოაჩინეს მრავალი ნატურმორტის სტილში შესრულებული ნამუშევარი, მათ შორის ცხოველები, რომლებიც სავარაუდოდ, მენიუში იყო.

ადრეულ პერიოდში აღმოაჩინეს ფრესკა, რომელზეც გამოსახული იყო ნერეიდა ზღვის ნიმფა, რომელიც მიჯაჭვული იყო ზღვის ცხენზე და გლადიატორებთან ერთად ბრძოლაში იყო ჩართული.

"პომპეის ყოველდღიური ცხოვრების ასახვის გარდა, აღმოჩენა უნიკალურია იმ მხრივ, რომ მეცნიერების მიერ კონკრეტული ობიექტის მთლიანი აღმოჩენა მოხდა", — თქვა პომპეის არქეოლოგიური პარკის გენერალურმა დირექტორმა მასიმო ოსანამ.

The Thermopolium, ანუ თანამედროვე სწრაფი კვების ობიექტის ძველი ანალოგი ძველ რომაულ სამყაროში ძალიან პოპულარული იყო. ცნობილია რომ მარტო პომპეიში დაახლოებით 80 ასეთი დაწესებულება არსებობდა. ბერძნულად Thermo ნიშნავს "ცხელს" ხოლო Poleo "გაყიდვას".

მასიური უბანი, სადაც სწრაფი კვების ობიექტი შეისწავლეს, 44 ჰექტარზეა გაშენებული და რომის იმპერიის უმდიდრეს ქალაქად მიიჩნეოდა. ვულკანის ამოფრქვევამ მრავალი შენობა და ობიექტი დამარხა თითქმის ხელუხლებელ მდგომარეობაში, მათ შორის დაღუპულთა გვამებიც.