თელავის პოლიციის უფროსის მოადგილეს თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობის ბრალდებით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

"პროკურატურამ მიმართა შუამდგომლობით სასამართლოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა", — განაცხადა პროკურორმა.

ბრალდებულის ადვოკატის თქმით კი, შესაძლებელი იყო ნაკლებად მძიმე აღკვეთის ღონისძიების შეფარდება, მაგრამ მოსამართლემს არ გაიზიარა.

რამდენიმე საათით ადრე მკვლელობაში ბრალდებულ თელავის პოლიციის უფროსის მოადგილეს ბრალი წარედგინა.

როგორც ბრალდებულის ადვოკატმა აღნიშნა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი 108-ე და 117-ე მუხლებით წარედგინა. მისივე თქმით, ამ ეტაპისთვის დაცვის მხარისთვის კიდევ არის გადასაცემი გარკვეული მტკიცებულებები.

გუშინ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში, თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, ზურა საჩიშვილი მოკლეს. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულია თელავის პოლიციის უფროსის მოადგილე.

პროკურატურის ინფორმაციით, დადგინდა, რომ 2020 წლის 26 დეკემბერს, თელავის რაიონის სოფელ იყალთოში, ვ.ზ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით განზრახ მოკლა ზ.ს. შემთხვევის ადგილზე, ასევე, ურთიერთშელაპარაკებისას ხელის არეში დაიჭრა ლ.ბ.

აქამდე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, დღეს კი 117-ე მუხლი დაემატა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მკვლელობის საქმეზე სამართალდამცავს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა