თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობაში ბრალდებულ თელავის პოლიციის უფროსის მოადგილეს ბრალი წარედგინა.

როგორც ბრალდებულის ადვოკატმა აღნიშნა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი 108-ე და 117-ე მუხლებით წარედგინა. მისივე თქმით, ამ ეტაპისთვის დაცვის მხარისთვის კიდევ არის გადასაცემი გარკვეული მტკიცებულებები.

გუშინ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში, თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, ზურა საჩიშვილი მოკლეს. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულია თელავის პოლიციის უფროსის მოადგილე.

პროკურატურის ინფორმაციით, დადგინდა, რომ 2020 წლის 26 დეკემბერს, თელავის რაიონის სოფელ იყალთოში, ვ.ზ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით განზრახ მოკლა ზ.ს. შემთხვევის ადგილზე, ასევე, ურთიერთშელაპარაკებისას ხელის არეში დაიჭრა ლ.ბ.

აქამდე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, დღეს კი 117-ე მუხლი დაემატა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.