პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა, რომ წინასაახალწლოდ პანდემიის წინააღმდეგ დაწესებული რეგულაციების მოხსნა, 1-2 კვირაში ინფიცირებულთა რიცხვს ისევ გაზრდის.

"შეზღუდვების ეტაპმა თავისი შედეგი გამოიღო, შემცირდა ინფიცირებულთა რაოდენობა, მაგრამ დღევანდელმა დღემ გვიჩვენა, რომ კვლავ არ ვიცავთ ელემენტარულ წესებს და აქედან გამომდინარე, ალბათ, რაოდენობა 1-2 კვირაში ისევ გაიზრდება. ამ შემსუბუქებამ ადამიანების რაოდენობა ქუჩებში და მოლებში გაზარდა, რომლითაც ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობის მატება გვექნება", — განაცხადა ლევან რატიანმა.

კორონავირუსული პანდემიის გამო, ქვეყანაში სხვადასხვა შეზღუდვები მოქმედებს.

24 დეკემბრიდან ძალაში რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა დიდ ქალაქებში — თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდსა და თელავში. ასევე, შეზღუდვები რჩება საქალაქთაშორისო ტრანსპორტთან დაკავშირებით. არ გაიხსნება ბაზრობები და იმუშავებენ მხოლოდ აგრარული ბაზრობები.

ზემოთ ჩამოთვლილ დიდ ქალაქებში დაშვებული იქნება სავაჭრო ობიექტების მუშაობაც, თუმცა დამატებითი რეგულაციების პირობებში. კერძოდ, სამუშაო საათები განისაზღვრება დილის 7 საათიდან საღამოს 7 საათამდე. მაღაზიის ფართის ყოველ 20 კვადრატულ მეტრზე დაშვებული იქნება ერთი მომხმარებელი. შიდა და გარე სივრცეში რიგები უნდა გაკონტროლდეს. ფასდაკლებების აქციები უნდა გამოცხადდეს ან დილის საათებში, ან ონლაინგაყიდვების დროს. ამის მიზეზი კი, როგორც ცქიტიშვილმა თქვა, ისაა, რომ მაღაზიაში ბევრი ადამიანის კონცენტრაცია არ მოხდეს.

დამატებითი შეზღუდვები შეეხება ტანსაცმლის მაღაზიებსაც, სადაც გასახდელები აღარ იმუშავებს. გარდა ამისა, ცქიტიშვილი ამბობს, რომ მაღაზიებმა პროდუქციის დაბრუნება ან გადაცვლა უნდა დაუშვან ერთი თვის ვადაში და ეს უნდა მოხდეს მხოლოდ პირველი თებერვლის შემდეგ. სავაჭრო ცენტრებში იკრძალება კვების ობიექტების ფუნქციონირება, მათ შორის გატანის სერვისით.

27 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 097 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 3 208 პირი, გარდაიცვალა — 25 ადამიანი.

ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 221 605-ს. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 203 547-მდე, ხოლო გარდაიცვალა 2 377 პირი.