2020 წელი ნამდვილად რთული იყო. გლობალურმა პანდემიამ მთელი მსოფლიო მოიცვა. ყველამ ახალ და უცნაურ რეალობაში ამოვყავით თავი და დიახ, ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს დისტოპიურ სამყაროს. ყოველდღიურობის დრამატულად შეცვლა, როგორც ადამიანების ფსიქიკას, ისე გლობალურ ეკონომიკას მძიმედ დააწვა.

ეს ყველაფერი ბევრად უფრო რთული იქნებოდა, რომ არა ტექნოლოგიები, რომლებიც ძალიან ბევრ ასპექტში გვეხმარება. შესაბამისად, ჩვენს ყოველდღიურობაში ტექნოლოგიების საჭიროება კიდევ ერთხელ დავინახეთ.

მიუხედავად დაბრკოლებებისა, პანდემიის ფონზე, ტექნოლოგიური პროგრესი არ გაჩერებულა და რაღაც ასპექტში, დაჩქარდა კიდევაც. ეს სტატია სწორედ ამ თემას ეძღვნება — გაგიზიარებთ 15 ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ გამოგონებას, რომელიც 2020 წლის ნეგატიური სიახლეების ფონზე, შეიძლება გამოგრჩათ კიდეც. ახლა კი, მათი შეხსენების დროა.

1. მიიღე სამუშაო გამოცდილება დისტანციურად — Virti

პანდემიამ და მისგან გამოწვეულმა დისტანცირების პრაქტიკამ ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიების საჭიროება კიდევ უფრო დაგვანახა. ადამიანებს სჭირდებათ სამუშაოსთვის მომზადება, რისთვისაც აქამდე ფიზიკური დასწრება იყო საჭირო. დღეს კი ეს ხშირ შემთხვევაში, შეუძლებელია. რა უნდა ვქნათ?

დოქტორ ალექს იანგმა ასეთი გამოსავალი შემოგვთავაზა — რა აუცილებელია ადგილზე ყოფნა, თუ სახლიდან, დისტანციურად შეგვიძლია შევიძინოთ სამუშაო პრაქტიკა და ვისწავლოთ როგორც ახალი რამეები, ისე განვიმტკიცოთ ძველი ცოდნა. Vitri-ის ვირტუალური სასწავლო პლატფორმა ამის საშუალებას იძლევა. მისი გამოყენება უამრავი პროფესიის მქონე ადამიანს შეუძლია. ვირტუალური რეალობის (VR) და დამატებითი რეალობის (AR) ტექნოლოგიების გამოყენებით ადამიანებს გამოცდილების მიღება უკვე დისტანციურად შეუძლიათ.

აღსანიშნავია, რომ Vitri-ის COVID-19-ის სპეციალური მოდულებიც აქვს, რისი მიხედვითაც, ვირუსთან ბრძოლის ფრონტის პირველ ხაზზე მყოფ მუშაკებს ისეთი უნარ-ჩვევების გამომუშავება შეუძლიათ, როგორიცაა პირადი დამცავი აღჭურვილობის სწორად გამოყენება, პაციენტის შესაბამისი მკურნალობა და ბევრი სხვა.

2. ივარჯიშე სადაც გინდა — Supernatural

პანდემიის ფონზე მოგზაურობა გართულდა, ამასთან, დაიხურა სავარჯიშო დარბაზებიც. კომპანიამ Supernatural ამ წლის აპრილში დაიწყო მოღვაწეობა და მათი გამოგონება სრულიად ინოვაციურ ვარჯიშს გვთავაზობს. შეიძლება სახლიდან ვერ გადიხართ, მაგრამ ახალი გამოგონების ხარჯზე, ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიების გამოყენებით, ვარჯიში გალაპაგოსის კუნძულებზე, ეთიოპიის ვულკანთან, მარსის ზედაპირზე და ბევრ სხვა გასაოცარ ადგილზე შეგიძლიათ.

ამასთან, თქვენ ხელში გიჭირავთ სპეციალური იარაღი, რითაც ვირტუალურ რეალობაში წარმოქმნილ ფიგურებს იგერიებთ და რაც მთავარია, ამ "ექსტრემალურ" ვარჯიშში თქვენ ვირტუალური მწვრთნელიც გყავთ, რომელიც ყველაფერში გეხმარებათ.

3. ფუტურისტული მოდა — ჟაკეტი, რომელიც ვირუსებს ებრძვის

რას იტყვით ჟაკეტზე, რომელიც ვირუსებს ებრძვის? შეიძლება, პანდემიამდე ამაზე ბევრი არ ფიქრობდა, მაგრამ დღეს ეს ნამდვილად აქტუალურია. კომპანია Vollebak-მა სულ ცოტა ხნის წინ ინოვაციური ტანსაცმელი შექმნა. Full Metal Jacket-ის მთლიანი მასალის 65 პროცენტი შედგება მიკროსკოპული სპილენძის ბოჭკოებისგან, რომელიც კლავს ვირუსებს.

დიახ, ეს ნამდვილად ჰგავს ფუტურისტულ სამყაროს, სადაც ტანსაცმლის ფუნქცია ბევრად მრავალფეროვანია და სამოსი ერთგვარ ანტივირუსადაც კი გვევლინება.

4. როგორ გამოვცადოთ მუსიკა საკუთარ სხეულზე (პირდაპირი მნიშვნელობით)

თქვენ შეგიძლიათ ჩაიცვათ სპეციალური ტანსაცმელი და მისი გამოყენებით მუსიკა ფიზიკურად შეიგრძნოთ. ამ სამოსს აქვს 30 მინიატურული ჰაპტიკური ძრავა, რომლებიც ვიბრირებს მუსიკის შესაბამისად, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს "იგრძნოს" მუსიკა ვისცერალური გზით. ქვედა სიხშირე, ისეთი ინსტრუმენტებიდან, როგორიცაა დრამი, იგრძნობა მუცლის ქვედა ნაწილში, ხოლო ფლეიტისა და ვიოლინოს ინსტრუმენტები გავლენად მკერდის მიდამოზე, მკლავებსა და მხრებზე ახდენენ.

ადამიანს, ვისაც სმენის პრობლემა აქვს, მაგრამ მეგობრებთან ერთად უნდა ცეკვა, Wearable-ის ტექნიკური ბრენდის CuteCircuit-ის გამოყენებით მუსიკის ფიზიკურად შეგრძნება შეუძლია.

ამასთან, ეს ზოგადადაც საინტერესო ინოვაციაა, წარმოიდგინეთ ხართ კლუბში, უკრავს თქვენი საყვარელი არტისტი და თქვენ მუსიკის შეგრძნება ფიზიკურ დონეზეც შეგიძლიათ.

აღსანიშნავია, რომ კომპანია მსგავს ტანსაცმელზე უკვე წლებია მუშაობს, თუმცა, დღეს უკვე მისი წინასწარი შეძენა ყველას შეუძლია.

5. სახლის მინი ლუდსახარში — Greater Good Fresh Brewing

სახლის პირობებში, საკუთარი ლუდის დამზადებაზე თუ გიფიქრიათ?

კომპანია Greater Good Fresh Brewing-მა ამის შესაძლებლობა მოგვცა. თქვენ შეგიძლიათ სპეციალური ბალონი შეიძინოთ და შეუკვეთოთ თქვენთვის საჭირო ინგრედიენტები. კომპანია მას ძალიან მალე მოგაწვდით და საოცრება, უმარტივესი პროცედურით, თავად ამზადებთ ლუდს. ხოლო ახალ, რამდენიმე წუთის ჩამოსხმულ ლუდს ნამდვილად არაფერი ჯობია.

6. კომპიუტერთან კომუნიკაცია კლავიატურასთან კონტაქტის და სიტყვის თქმის გარეშე — AlterEgo

AlterEgo-ს ინოვაციური ტექნოლოგია თქვენს აზრებს ვერ კითხულობს, მაგრამ მას შეუძლია თქვენი კომპიუტერთან კომუნიკაცია კლავიატურასთან კონტაქტის და სიტყვის თქმის გარეშე უზრუნველყოს.

იმისთვის, რომ მოწყობილობამ იმუშაოს, პირველ რიგში მოთხოვნას აყალიბებთ გონებაში. ყურსასმენების სენსორები კითხულობენ თქვენი ტვინიდან წამოსულ სიგნალებს და ხდება იმიტაცია, თითქოს თქვენ ეს ხმამაღლა თქვით. ამის შემდეგ Mit media lab-ის მიერ შექმნილი მოწყობილობა უკავშირდება თქვენს ლეპტოპს და თქვენ მიერ გაცემული ბრძანება აისახება კომპიუტერში. ტექნოლოგია ჯერ ძალიან ახალია და მისი დამუშავება კვლავაც გრძელდება, თუმცა, მკვლევრების თქმით, მსგავსი სენსორები უკვე მუშაობს და მალე მისი შეძენაც იქნება შესაძლებელი.

7. ავტონომიური მტვერსასრუტი, რომელიც თავის თავს თვითონ ისუფთავებს — Narwal T10

რობოტები, რომლებიც სახლს ალაგებენ, მტვერს ხვეტენ, უკვე რამდენიმე წელია რაც არსებობს, მაგრამ მათ ერთი პრობლემა აქვთ — სამუშაოს შესრულების შემდეგ, თავად სჭირდებათ დასუფთავება და მოვლა. რას იტყვით რობოტზე, რომელიც მტვერს ხვეტს და შემდეგ თავის თავსაც თავად ასუფთავებს?

უახლესი გამოგონების ხარჯზე, ეს უკვე შესაძლებელია. Narwal T10 ჰიგიენას თავად იცავს. მას აქვს თვითგამწმენდი ტექნოლოგია, რითაც ის შევსებადი წყლით რეცხავს და აშრობს თავის შემადგენლობას.

8. მაღალტექნოლოგიური რეპეტიტორი — Van Robotic ABii

რობოტებს ჩვენი სახლის დალაგება და დასუფთავება შეუძლიათ, მაგრამ რას იტყვით მასწავლებლების დამხმარე რობოტზე. Van Robotic-მა შექმნა რობოტი, რომელიც მასწავლებლებს და მშობლებს ბავშვის მეცადინეობაში ეხმარება. მასში შეგიძლიათ ჩატვირთოთ სპეციალური სასწავლო პროგრამა. ამასთან, რობოტი გაკვეთილის პროცესში ბავშვის კონცენტრაციას აკვირდება და ცდილობს მას ინდივიდუალური ყურადღება მიაქციოს.

9. კიბორგული სამოსი — Sarcos Robotics Guardian XO

ფილმი "რობოკოპი" ბევრს გვაქვს ნანახი და აი, ისიც — Sarcos Robotics-მა შექმნა Guardian Xo, კიბორგული სამოსი. ეს არის ეგზო-ჩონჩხი, რომლის გამოყენებით ადამიანს 200 კილოზე მეტი სიმძიმის აწევა შეუძლია. ის შეიქმნა ფიზიკური სამუშაოების გაწევისას დაზიანებების თავიდან ასაცილებლად და პროდუქტიულობის გასაზრდელად. ამ ტექნოლოგიის გავრცელებასთან ერთად, ფიზიკური სამუშაო ბევრად უსაფრთხო და პროდუქტიული იქნება.

10. ტელეფონი, რომელიც იკეცება და იშლება, როგორც ლეპტოპი — Microsoft Surface Duo

მობილური თუ ლეპტოპი? Microsoft-ის ახალი გამოგონება ამ შეკითხვას ასე პასუხობს, ორივე! ამ გამოგონების ხარჯზე, შეგიძლიათ ერთ ეკრანზე ტექსტი წაიკითხოთ, მეორეზე კი ჩანაწერები აკეთოთ. ასევე, შეგიძლიათ ერთ ეკრანზე მეგობრებთან ისაუბროთ, მეორეზე კი თქვენთვის საინტერესო ვიდეო გქონდეთ ჩართული.

ეს შეიძლება მობილურების მომავალი იყოს, რაც კიდევ უფრო გააერთიანებს ტელეფონებსა და კომპიუტერებს.

11. დაიჭირე მომენტი მოძრაობაში — Infinite Objects Video Prints

ფანტასტიკურ ფილმებში ჩვენ ხშირად გვინახავს მოძრავი ფოტოები, "ცოცხალი" გაზეთები, სადაც გამოსახულება მოძრაობს. Infinite Objects-ის გამოგონება ფანტასტიკას რეალობად ხდის. კომპანიამ შექმნა ჩარჩო, რომელიც ერთი შეხედვით, აქამდე არსებული სურათის ჩარჩოსგან არაფრით განსხვავდება, თუმცა, ჩარჩოში მოძრავი კადრებია.

ამ გამოგონების ხარჯზე, ჩარჩოში გადაღებული ვიდეოს ჩატვირთვა შეგიძლიათ. დადეთ ჩარჩო თქვენს საყვარელ ადგილას და გაუშვით შიგნით თქვენთვის სასიამოვნო კადრები, რომელიც 24 საათის განმავლობაში იტრიალებს.

12. ეკრანი ყველა სეზონისთვის — Samsung The Terrace TV

პანდემიის ფონზე, ადამიანები მეტ დროს ატარებენ სახლში, შესაბამისად, ისინი ტელევიზორსაც უფრო ხშირად უყურებენ. სწორედ ამისთვის, Samsung-მა შექმნა ტელევიზორები, რომლის ყურება ვერანდაზეც შეგიძლიათ.

ეს ახალი ტელევიზორი უძლებს წვიმას, თოვლს, ზაფხულის სიცხეს და აღარც მზის სიკაშკაშე შეგაწუხებთ. მისი ყურება მზიან დღეებში, გარეთაც შეგეძლებათ.

13. ვერტიკალური ტელევიზორი — Samsung Sero

არა, ეს გიგანტური მობილური არ არის, ეს ტელევიზორია. სოციალურმა ქსელებმა ჩვენი ცხოვრება შეცვალა, როგორც ჩანს, ახლა ტელევიზორების დიზაინის შეცვლის დროც მოვიდა. Samsung-ის ეს ახალი გამოგონება სხვა ტელევიზორებს არ ჰგავს. ის მხოლოდ ტელემაყურებლებისთვის არ არის შექმნილი.

ტელევიზორის დიზაინი ოპტიმიზირებულია სოციალიალური მედიის პოსტების, სტრიმინგის სერვისებისა და სპეციფიური თამაშებისთვის. ასევე, ტელევიზორს აქვს ბორბლები და მისი გადაადგილება ბევრად მარტივია.

14. კომპიუტერული თამაშების რევოლუცია — Sony Playstation 5

Sony–ს ახალი სათამაშო კონსოლი მოთამაშეებს ბევრ სიახლეს სთავაზობს. მეხუთე თაობის კონსოლი სიგრძეში ყველაზე დიდია, რაც აქამდე შექმნილა. ეს ყველაფერი კი განსაკუთრებული ვიზუალური და გრაფიკული გამოსახულებების მისაღებად. წინა კონსოლთან შედარებით, გრაფიკული პროცესორი 10-ჯერ უფრო სწრაფია. რაც შეეხება ახალ კონტროლერს, მას უამრავი სენსორული ფუნქცია აქვს დამატებული, რაც თამაშებს ახალ განზომილებით ეფექტებს ანიჭებს.

როდესაც პერსონაჟი დადის ქვიშაზე, მოთამაშე კონტროლერით შეიგრძნობს მას, ხოლო როდესაც პერსონაჟს რაღაცა ეჯახება, მოთამაშე ამასაც ჯოისტიკით გრძნობს.

არ იქნება გაზვიადებული, თუ ვიტყვით, რომ აქამდე არსებულ კონსოლებთან შედარებით, ეს ყველაზე მძლავრი და საინტერესოა.

15. ლოგინის ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ამშვიდებს — Cradlewise Smart Crib

დიახ, როგორც ვხედავთ, 2020 წელი სავსეა ახალი და საინტერესო გამოგონებებით. ჩვენი სიის დასასრულს, შეგვიძლია მოვდუნდეთ და გავეცნოთ სპეციალურ ჭკვიან ლოგინს, რომელიც ამშვიდებს.

6 თვის ბავშვების დაახლოებით 60 პროცენტი ღამით კარგად ვერ იძინებს. ამის ფონზე, ჩვენ უკვე გვაქვს სპეციალური სარწეველები, რომლებიც ბავშვის ტირილზე რეაგირებენ და რწევას იწყებენ. თუმცა, Cradlewise-ის ინოვაციური გამოგონება ეყრდნობა მანქანურ დასწავლის მეთოდს, რისი მეშვეობითაც ლოგინში ჩამონტაჟებული ხელოვნური ინტელექტი აკვირდება ბავშვის ძილის რეჟიმს და ამის მიხედვით, ახერხებს მისი უშფოთველი ძილის უზრუნველყოფას.