საქართველოს სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ უძრავი ქონების აგენტი ტრანსგენდერ ქალს დისკრიმინაციული მოტივით ბინის მიქირავებაზე უარს ეუბნებოდა, ასევე მის მიმართ აგრესიულად იყო განწყობილი. ინფორმაციას ამის შესახებ თანასწორობის მოძრაობა ავრცელებს.

ტრანსგენდერი ქალის ინტერესებს სწორედ თანასწორობის მოძრაობა იცავდა. ორგანიზაციის იურისტმა ტრანსგენდერი ქალის სახელით საქართველოს სახალხო დამცველს სავარაუდო დისკრიმინაციის შესახებ საქმის მოკვლევის თაობაზე განაცხადით მიმართა.

"უძრავი ქონების აგენტმა მას უთხრა რომ გასაქირავებელი ბინები არ ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი საიტის მეშვეობით გასაქირავებელი უძრავი ქონება იძებნებოდა. აგენტი საუბრისას იყო აგრესიული და ტრანსგენდერ ქალს მიაყენა შეურაცხყოფა გენდერული იდენტობის ნიშნით", — წერია განცხადებაში.

ორგანიზაციის ცნობით, ტრანსგენდერმა ქალმა უძრავი ქონების აგენტს ჰკითხა მიზეზი, თუ რატომ ეუბნებოდა უარს ბინის მიქირავებაზე, მაშინ როდესაც საიტზე ხელმისაწვდომი ბინები ჩანდა, რაც აგენტმა უპასუხოდ დატოვა. მათივე განცხადებით, შემდგომ ტრანსგენდერი ქალი აგენტს განმეორებით დაუკავშირდა და სთხოვა, რომ ბინის გამოჩენის შემთხვევაში მისთვის ეცნობებინა, რაზეც აგენტმა უთხრა, რომ სხვას დაკავშირებოდა, რადგან "ჯერ არ ექნებოდა".