ოკუპირებულ გალში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა, შესაძლოა, ბიუჯეტი შეუმციროს. ოკუპირებული აფხაზეთის პარლამენტის დე ფაქტო დეპუტატებმა კომიტეტის გაფართოებულ სხდომაზე რაიონების ბიუჯეტებში სუბსიდიების წილი განიხილეს. ეხო კავკაზას ცნობით, ყველაზე მწვავე დისკუსია გალის რაიონის ბიუჯეტმა და მისი მოსახლეობის მოქალაქეობის საკითხმა გამოიწვია. რაიონში მცხოვრები 30 000 ქართველიდან აფხაზეთის ე.წ. მოქალაქე მხოლოდ 1 000-ია.

სხდომაზე ნატალი სმირი დაინტერესდა, თუ, რამდენი აფხაზეთის მოქალაქე ცხოვრობს გალის რაიონში. პასუხის მიღების შემდეგ კი იკითხა: "ვის ვუხდით ფულს?" მეუხერხულება, რომ გეკითხებით", — განაცხადა სმირმა.

გალის რაიონის ადმინისტრაციის დე ფაქტო ხელმძღვანელმა, კონსტანტინე ფილიამ განაცხადა, რომ გალის ბიუჯეტის შემცირება მიწის გადასახადის გაუქმებამ გამოიწვია.

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას ინიციატივით, გალის რაიონული კრების 2003 წლის გადაწყვეტილება გააუქმდა, რომლის მიხედვით, გალის რაიონის მცხოვრებლები აფხაზეთის სხვა რაიონების მოსახლეობისგან განსხვავებით, მიწის გაორმაგებულ გადასახადს იხდიდნენ.

კონსტანტინე ფილიას თქმით, თუ პასპორტების მიხედვით იმსჯელებენ, გამოდის, რომ ბიუჯეტი გალის რაიონს საერთოდ არ სჭირდება. მან სხდომაზე აფხაზ დე ფაქტო დეპუტატებს უთხრა, რომ ცენტრალური ბიუჯეტის ფული მთლიანად ხელფასებსა და საბავშვო ბაღების კვებაში იხარჯება. უშუალოდ გალის რაიონის შემოსავალი კი 42 მილიონი რუბლია [570 000-მდე აშშ დოლარი].

დე ფაქტო პარლამენტის ცნობით, მომდევნო წლის გალის რაიონის ბიუჯეტი 231 მილიონი რუსული რუბლია, რაც, დაახლოებით, 3 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს. აქედან, მათი ინფორმაციით, 190 მილიონი ოკუპირებული აფხაზეთის ცენტრალური ბიუჯეტიდან იქნება.

აფხაზეთის აღმოსავლეთით, გალის რაიონში არსებული ეთნიკურად ქართველების უფლებრივი მდგომარეობა წლებია საერთაშორისო და ქართული უფლებადამცველი ორგანიზაციების კრიტიკის საგანია. გალის რაიონში მცხოვრებლებს პერიოდულად ეზღუდებათ გადაადგილების თავისუფლება, არაა დაცული მათი საკუთრების უფლება, მათ მშობლიურ ენაზე სწავლების შესაძლებლობაც არ აქვთ.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, გალელ ქართველებს საკუთარ მიწაზე ცხოვრებისთვის აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ გაცემული საბუთი დასჭირდათ. იმის გამო, რომ გალის რაიონში მცხოვრებთა აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეა, აფხაზურმა მხარემ მათზე ბინადრობის ნებართვის გაცემა დაიწყო.

ბინადრობის დოკუმენტის აღება, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის არის განკუთვნილი და რომელიც გალელ ქართველებს მეორეხარისხოვან მოქალაქეებად აქცევს, საკმაოდ რთული აღმოჩნდა.

რაც შეეხება მოქალაქეობის საკითხს, მის მიღებას აფხაზური მხარე გალელებს საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმის ან მეგრული გვარის აფხაზურად გადაკეთების სანაცვლოდაც სთავაზობს.