ბოინგის კოსმოსურ ხომალდს, რომლითაც მგზავრების კოსმოსში გაყვანა მომდევნო ორ წელიწადში იგეგმება, უკვე ოფიციალური სახელი აქვს. მას CST-100 Starliner ჰქვია.

ბოინგს ამჟამად ნასასთან აქვს კონტრაქტი გაფორმებული, რათა 2017 წლისთვის Starliner-ით დაიწყონ ასტრონავტების გადაყვანა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან და სადგურამდე.

ანალოგიური კონტრაქტი აქვს ნასასთან ილონ მასკის კოსმოსურ კომპანიასაც. SpaceX-ის კაფსულას Crew Dragon ჰქვია სიმღერა Puff the Magic Dragon-ის გამო.

საერთაშორისო კოსმოსურ სადგურამდე მისაღწევი ტრანსპორტის შექმნა ერთია, მაგრამ ასტრონავტების ფორმები? როგორც იცით, კოსმოსში ადამიანები სკაფანდრებს ხმარობენ. ბოინგში უკვე შექმნეს სკაფანდრები, რომლებიც კომპანიის დირექტორის განცხადებით, ნასას სკაფანდრებზე ლამაზი და მსუბუქი იქნება.

ბოინგის სკაფანდრი 9 კილოგრამს იწონის და ნასას ამჟამინდელ სკაფანდრზე 40%-ით მსუბუქია, აქვს სენსორული ხელთათმანები, რომლითაც თაჩსქრინზე მუშაობა შეიძლება, სტრატეგიულად განლაგებული ელვა-შესაკრავები და რბილი ჩაფხუტი, რომელიც პერიფერიულ მხედველობას არ ზღუდავს.

ეს სკაფანდრები David Clark Co.-მ დაამზადა, რომელსაც აქამდე ნასასთვის და აშშ-ს საჰაერო ძალებისთვის აქვს შექმნილი სპეციალური ფორმები.

ფოტო: BOEING

თუ ფილმი 2001: კოსმოსური ოდისეა ნანახი გაქვთ, გაგახსენდებათ სკაფანდრი, რომელიც ფილმის დასაწყისში ჩნდება ეკრანზე. მსუბუქი კონსტრუქცია და განიერი ხედვითი ნაწილი - შესაძლოა სწორედ ეს ფილმი გახდა ახალი უნიფორმის ინსპირაცია.

კადრი ფილმიდან 2001: კოსმოსური ოდისეა

ფოტო: 2001: SPACE ODYSSEY

ლურჯი ფერი ბოინგის ბრენდის მიხედვით შეირჩა.