რუსთავის ბაზრის მოვაჭრეებმა მუშაობის უფლების მოთხოვნით აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ითხოვენ ახალ წლამდე დარჩენილი რამდენიმე დღის განმავლობაში მაინც მიეცეთ ვაჭრობის საშუალება.

"ვითხოვთ მთავრობისაგან, რომ დაგვრთოს ნება, რომ გავიხსნათ ეს რამოდენიმე დღე, რაც არის ახალ წლამდე დარჩენილი და შევძლოთ ჩვენც, რომ ჩვენი შვილებისთვისაც დადგეს ბედნიერი ახალი წელი", — ამბობს ნათია ედიშერაშვილი, რუსთავი 2-თან კომენტარში.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ბაზარი მათი შემოსავლის მთავარი წყაროა.

"ეს არის მთავრობის გადასაწყვეტი, ვინც ზიან შიგნით, ვინც ზიან პარლამენტში. თავიანთ მაღაზიებს ხსნიან, მოლებს და აქ არავინ არ აქცევს ყურადღებას", — ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ზვიად მჭედლიშვილი.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის პერიოდში შეზღუდვების დიდი ნაწილი არ მოიხსნება. თუმცა დამატებითი რეგულაციების პირობებში, დაშვებული იქნება სავაჭრო ობიექტების მუშაობა. თუმცა, ეს არ ეხება სასურსათო ბაზრობებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ბაზრობებზე რეგულაციების დაცვა გაჭირდებოდა.

გაიგეთ მეტი: