2020 წელი იმდენად დაუნდობელი აღმოჩნდა კინოსამყაროსთვის, რომ ვინმეს, შესაძლოა, უადგილოდაც მოეჩვენოს წლის მიწურულს კინოზე საუბარი: დაიხურა კინოთეატრები, ჩაიშალა კინოფესტივალები და გადაიდო კინოპრემიერები. სანაცვლოდ თვითიზოლაციასა თუ კარანტინში განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა სერიალებმა, რამაც კინოსთვის კიდევ უფრო მცირე ადგილი დატოვა.

თანაც ეს მაშინ, როცა 2019 წელი გამორჩეულად ნაყოფიერი იყო კინოსთვის და მაყურებლებს ლამის მთელი წელი არ ეყოთ, ერთმანეთზე უფრო საინტერესო ფილმების განხილვა რომ მოესწროთ. მიუხედავად ამისა, თუ განვლილ თვეებს ოდნავ უფრო მეტი დაკვირვებით გადავავლებთ თვალს, დავინახავთ, რომ არც 2020 იყო მთქნარებამდე მოსაწყენი წელი კინოსთვის, მეტიც — საერთო სასოწარკვეთის ჟამს აქა-იქ ნამდვილმა მარგალიტებმაც გაიბრწყინა.

მთავარი დაბრკოლება, ალბათ, მაინც ის იყო, რომ ახალი ფილმების ხილვის მეტისმეტად შეზღუდული საშუალებები დაგვრჩა: საქართველოში ლამის მთელი წლის განმავლობაში დახურული კინოთეატრების გამო ინტერნეტის ძირითადად არალეგალური რესურსის იმედად დავრჩით, რაც არც ისე მრავალფეროვანი არჩევანით გამოირჩეოდა, რადგან არაერთი ფილმის გამოსვლის თარიღი გაურკვეველი დროით შეიცვალა. კინომოყვარულებისთვის ნაწილობრივი შვება იყო ისეთი ფესტივალების ონლაინ ჩატარება, როგორებიცაა BIAFF და თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი.

ამ სტატიაში როგორც ერთი მაყურებელი, რომელმაც სცადა, გასული წლის მძიმე თუ ნაკლებად მძიმე დღეები კინოსთან ერთად გადაეგორებინა, იმ რამდენიმე გამორჩეულ კინოსურათზე მოგიყვებით, რომლებმაც ჩემზე განსაკუთრებულად იმოქმედა. თქმა არ უნდა, ქვემოთ მოცემული სია სუბიექტური მოსაზრებებითაა შედგენილი და თანაც ისე, რომ ჯერ კიდევ არაერთი მაღალი მოლოდინების მქონე ფილმის ხილვა ვერ შევძელი (მაგალითად, ქლოი ჩჟაოს Nomadland). გეტყვით იმისაც, რომ ნუმერაცია პირობითია და არაფერს ისახავს მიზნად გარდა იმისა, რომ ერთად მოუყაროს თავი ფილმებს იმ იმედით, რომ ისინი კიდევ უფრო მეტი მაყურებლისთვის ისევე აღმოჩნდება სევდის, თანაგრძნობის, შვებისა თუ აღფრთოვანების მომტანი, როგორც ამ სტატიის ავტორისათვის.

1. There Is No Evil / ბოროტება არ არსებობს, რეჟისორი მუჰამედ რასულოფი (ირანი)

ფოტო: Cosmopol Film

ალბათ, როგორც მანამდე ხშირად, წელსაც სხვადასხვა გარემოების გამო საქართველოში ვიღაცებმა დაახლოებით შემდეგი შინაარსის რამ გულდაწყვეტილი იკითხეს: გასაგებია, რომ შენი სამუშაო ამას მოითხოვს და ზემდგომებს ემორჩილები, მაგრამ როგორ შეიძლება, პოლიციელი თუ სხვა ნებისმიერი პროფესიის ადამიანი ბრმად იყოს იმის მონაწილე, რაც აშკარა უსამართლობაა?! ზოგი ფიქრობს, რომ ასეთ დროს ადამიანებს უბრალოდ სხვა გზა არ აქვთ, უფრო სკეპტიკოსებს კი მიაჩნიათ, რომ ისინი ზუსტადაც რომ იაზრებენ საკუთარი ქმედებების შედეგებს და შესაძლოა, იზიარებდნენ კიდეც "ბოროტების აუცილებლობას". ფილმიც ბოროტება არ არსებობს დაახლოებით ამ კითხვაზე პასუხის ძიებაა, რომელიც ისეთ მძიმე თემას ეხება, როგორიც სიკვდილით დასჯაა, ოღონდ მისი კინოკამერა მსჯავრდებულებისკენ კი არაა მიმართული ან ის კი არ აინტერესებს, როგორ და რატომ აღმოჩნდნენ ისინი სახრჩობელაზე, არამედ იმათთვის თვალებში ჩახედვა სურს, ვინც სასიკვდილო განაჩენს საკუთარი ხელით უყოყმანოდ ან თუნდაც სინდისის ქენჯით აღავლენს. ხშირად პირადი დანაშაულის შესამსუბუქებლად გარემოებებს, სისტემას ვადანაშაულებთ, თუმცა მუჰამედ რასულოფი ერთ ფილმში გაერთიანებული ოთხი სხვადასხვა ამბით გვაჩვენებს, რომ რაოდენ მძიმეც არ უნდა იყოს წნეხი, მაინც ყველას გვეკისრება ჩვენი პასუხისმგებლობა.

2. The Woman Who Ran / ქალი, რომელიც გაიქცა, რეჟისორი სანგ-სუ ჰონი (სამხრეთ კორეა)

ფოტო: CMC Pictures

თანამედროვე მაყურებლის თვალი იმდენადაა მიჩვეული მძაფრსიუჟეტიან ისტორიებს, ერთმანეთზე უფრო მასშტაბურ სცენებსა თუ კომპიუტერულ სპეცეფექტებს, რომ მათ გარეშე დიდია ალბათობა, ფილმმა ბევრისგან ისეთი შეფასებები დაიმსახუროს, როგორებიცაა "მოსაწყენია", "ჩამომეძინა", "ვერ ჩამითრია" და ა.შ. ამ კრიტერიუმით სანგ-სუ ჰონის ფილმი ნამდვილად მოსაწყენია: რეჟისორი ერთი შეხედვით იმდენად უმნიშვნელო და არაფრით გამორჩეულ სიტუაციებს აღწერს, რომ კინოს პირველ შემოქმედებს მოგვაგონებს, რომლებიც მხოლოდ ყოფით დეტალებს იღებდნენ განსაკუთრებული ქვეტექსტების გარეშე. თითქოს, ასეთივეა მთელი ფილმის განმავლობაში პერსონაჟებს შორის გამართული დიალოგებიც, რომლებიც ხშირად ჭამის — ვაშლის ხრაშუნის, სპაგეტის შესრუტვისა თუ ხორცის ღეჭვის თანხლებით მიმდინარეობს და იქ არ იჩენს თავს ატირებული სახეები თუ დაძაბული საუნდტრეკები. თუმცა, თუ ოდნავ მეტი გაფაციცებით დაუგდებთ ყურს სიტყვებს, ჯერ ეჭვი გაგიჩნდებათ, ხოლო თუ ბოლომდე გაჰყვებით მას, საზარელ შედეგამდეც შეიძლება მიხვიდეთ ისე, როგორც ეს რეალურ ცხოვრებაში ხდება: არ არის აუცილებელი, ადამიანმა ღიად და ცხადად გვითხრას, როგორ არის, რას გრძნობს, რადგან თუ უბრალოდ ყურადღებით მოვუსმენთ ერთმანეთს, უკეთ დავინახავთ ჩვენი ცხოვრებს იმ საშინელებებს, რომლებზეც საუბარს არათუ სხვასთან, არამედ საკუთარ თავთანაც გავურბივართ. სწორედ ასე გიჩენს აკვიატებულ კითხვებს ეს სამხრეთკორეელი რეჟისორიც: ვინ არის ქალი, რომელიც გაიქცა? რატომ სტუმრობს მთავარი პერსონაჟი ძველ მეგობრებს და თან მაშინ, როცა, მისი თქმით, ქმარს ფიზიკურად პირველად დაშორდა? რატომ შეიჭრა თმები? ამ კითხვებზე შესაბამისი ვერსიების პოვნა არც ისეთი რთულია, ისევე, როგორც ჩვენ ირგვლივ ქალების წინაშე არსებული უსამართლო გარემოს შემჩნევა.

3. DAU. Natasha / დაუ. ნატაშა, რეჟისორები ილია ხრჟანოვსკი და ეკატერინა ერტელი (რუსეთი, გერმანია)

თუ ამ სტატიაში დასახელებული ფილმებიდან რომელიმე თავისი ატმოსფეროთი ყველა ჩვენგანის 2020 წლის საერთო განწყობას ჰგავს, ეს სწორედ დაუ. ნატაშაა: თითქმის ორსაათნახევრიანი ქრონომეტრაჟის განმავლობაში მაყურებელს ერთდროულად შეიძლება სიცილის, ტკივილის, სასოწარკვეთისა და ჩახუთულობის შეგრძნება მოაწვეს ყელში. დაუ წარმოუდგენლად მასშტაბური და ამბიციური საერთაშორისო პროექტია, რომლის ფარგლებშიც თხუთმეტწლიანი მუშაობის შემდეგ არაერთი ფილმი გადაიღეს და მათ შორისაა ნატაშაც, რომელიც საბჭოთა კავშირის საიდუმლო კვლევითი დაწესებულების ბუფეტში მომუშავე ქალის შესახებ მოგვითხრობს. ამ ფილმში ყველაფერი თითქოს ნათელი და თან აბსურდულია, რადგან ერთად თანაარსებობენ სიცილი და ტირილი, სიყვარული და სიძულვილი, სიხარული და სასოწარკვეთა, ჭამა და გულისრევა, მეცნიერება და უგუნურება, თუმცა ამ ყველაფერს მაინც ძალადობა, ტოტალური კონტროლი და საყოველთაო შიშის შეგრძნება ფარავს, რაც ტოტალიტარული სახელმწიფოს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, საბჭოთა კავშირის ბუნებას საუკეთესოდ გამოხატავს. ცალკე აღნიშვნის ღირსია მთავარი როლის შემსრულებელი ნატალია ბერეჟნაია, რომელიც თავისი ბასრი გამომეტყველებითა თუ ძალადობისა და ვნების თანაბარი შეგრძნებით იზაბელ იუპერსაც მოგაგონებთ.

4. Mank / მანკი, რეჟისორი დევიდ ფინჩერი (აშშ)

Mank

ფოტო: Netflix

დევიდ ფინჩერს უყვარს უჩინარი, მაგრამ მნიშვნელოვანი ადამიანები: ფილმებში მებრძოლთა კლუბი, ზოდიაქო თუ გოგონა დრაკონის ტატუთი ისეთ პროტაგონისტებზე მოგვითხრობს, რომლებსაც გარშემომყოფები ხშირად ვერ ამჩნევენ, მაგრამ ისინი მაინც ახერხებენ, რომ ფორმალური დაფასების მიუხედავად, რაღაც დიდის ნაწილები გახდნენ (რამდენად კარგის თუ ცუდის, ეს ცალკე საკითხავია). მსგავს თემას ვაწყდებით მის ახალ კინოსურათშიც მანკი, რომელიც ჰოლივუდის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გენიალურ ფილმად აღიარებული მოქალაქე კეინის შექმნის წინაპირობებზე მოგვითხრობს, ოღონდ ფინჩერს ის კი არ აინტერესებს, თუ როგორი იყო გადაღების პროცესი რეჟისორისთვის — ადამიანისთვის, რომელიც რომელიმე ფილმის ღირებულების აღნიშვნისას პირველი გვახსენდება, არამედ ის, თუ როგორ იწერებოდა სცენარი. ასე გადაიღო მან 2020 წლის უდავოდ შესანიშნავი ფილმი სცენარისტ ჰერმან მანკევიჩის შესახებ, რომელიც ისტორიამ მიივიწყა, სანაცვლოდ კი ყველას კარგად ახსოვს რეჟისორი ორსონ უელსი. ფილმს ცალკე მნიშვნელოვან მეტაფორულ დატვირთვას ანიჭებს ის ფაქტიც, რომ ფინჩერმა ის თავისი მამის, 2003 წელს გარდაცვლილი ჯეკ ფინჩერის სცენარის მიხედვით გადაიღო, რომელიც 1990-იანებში დაიწერა და წლების განმავლობაში დავიწყების მტვრით იფარებოდა. თავად დევიდ ფინჩერზე ვერ ვიტყვით, რომ ბოლომდე დაუფასებელიაო — თანამედროვე გავლენიან ამერიკელ რეჟისორებს შორის ხშირად მოიხსენიებენ, თუმცა სხვებთან შედარებით, მაინც დიდად არ სწყალობენ როგორც ამერიკის კინოაკადემიის წევრები, ისე მაყურებლები. თუმცა, ოსკარების მომავალ დაჯილდოებაზე დიდი შანსი აქვს, რომ ამჯერად მაინც მიიღოს დამსახურებული ჯილდო ისევე, როგორც გარი ოლდმანმა შესანიშნავი შესრულებისთვის.

5. პირველი ძროხა / First Cow, რეჟისორი კელი რეიჰარდტი (აშშ)

ფოტო: A24

რამდენადაც ერთი შეხედვით პოეტურობისგან სრულიად დაცლილი, მოუხეშავი სათაური აქვს, იმდენად სრულიად საპირისპირო ემოციებით სავსეა თავად ფილმი: რეჟისორი კელი რეიჰარდტი საოცრად სადად და ნაზი გრძნობებით აღწერს მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში ორი უსახსრო მეგობრის ცხოვრებას ორეგონის შტატში. კაცების მეგობრობა, როგორც წესი, ძალაუფლების მოპოვებას, კაპიტალის დაგროვებას და ქალების დამორჩილებას ემყარება. ამ ფილმის გმირებსაც გადარჩენისთვის ფინანსურად მომგებიანი საქმის პოვნა სურთ: საკუთარი ფერმის, საცხობის ან სასტუმროს ფლობა, თუმცა როგორც ჩინელი ემიგრანტი კინგ-ლუ ეუბნება თავის მეგობარს, "ღარიბს შესაძლებლობა არ აქვს, რომ საქმე წამოიწყოს. ამას ქონება სჭირდება ან სასწაული... ან კიდევ ბოროტმოქმედება". რადგანაც მათ საწყისი ქონების ან სასწაულის გამოჩენის იმედი ნაკლებად აქვთ, სწორედ მესამე გზას მიმართავენ, ოღონდ მათი "ბოროტმოქმედება" შუაღამით იმ ძროხის ფარულად მოწველაა, რომელიც ერთადერთია რეგიონში და ის მდიდარ ინგლისელს ეკუთვნის. და რისთვის სჭირდებათ ეს რძე? ზეთში შემწვარი დარიჩინიანი ფუნთუშების მოსამზადებლად. მთელი ეს ისტორია ერთგვარი იგავია "ამერიკულ ოცნებაზე" და მისი განხორციელების სასაცილო თუ დაუნდობელ გზებზე. როგორც ვახსენე, კაცების ერთიანობა ხშირად ძალაუფლების დემონსტრაციის, სხვების დამორჩილების სურვილში გადაიზრდება ხოლმე, თუმცა იმის გამო, რომ ეს ოდნავადაც არ ამოძრავებთ ამ ფილმის გმირებს და მათი ოცნებები სულ სხვა სახისაა, დროის დაუნდობლობას ვერ გადაურჩებიან — იმათთან ბრძოლაში დამარცხდებიან, ვინც ძროხის მოწველაზე უარესი დანაშაულების ჩადენას არ თაკილობს. "ისტორიას აქ ჯერ არ მოუღწევია" — ამბობს კინგ-ლუ კიდევ ერთ ეპიზოდში და მართლაც, მთელი ფილმი ბუნების ისეთი მომაჯადოვებელი შეგრძნებითაა გადაღებული, რომ მდინარის ხმაური, ვედროში რძის ჩხრიალი თუ ტალახში ფეხების ჭყლაპუნი ყველაზე მშვენიერ საუნდტრეკებად მოგეჩვენებათ.

6. Bad Tales / ცუდი ზღაპრები, რეჟისორები დამიანო და ფაბიო დინოჩენცოები (იტალია)

ფოტო: Vision Distribution

შეიძლება, ბოლო ათწლეულში ეს ტრადიცია ხელში პლანეშეტისა თუ სმარტფონის შეჩეჩებამ ჩაანაცვლა, რათა მოზარდებმა მონოტონურად უყურონ გაუფილტრავი შინაარსის აურაცხელ ვიდეოებს ინტერნეტში, თუმცა მანამდე ყველაზე ხშირად ბავშვებს ზღაპრებს უყვებოდნენ, რომლებშიც თავიდან ცუდი ამბები ვითარდება, ბოლოს კი ყველაფერი ბედნიერად სრულდება: გვინდა, რომ ბავშვებს სამყარო ასეთი ეგონოთ და გვჯერა, რომ ბავშვების მიერ ყველაფრის აღქმა ამ ნაივურობას არც კი სცდება. იტალიელი ძმები დამიანო და ფაბიო დინოჩენცოები წლევანდელი ფილმით საპირისპიროს დამტკიცებას ცდილობენ: ბავშვები იმაზე მეტს ხედავენ და ესმით, ვიდრე ჩვენ შეიძლება წარმოვიდგენდეთ. შესაბამისად, ყველა ჩვენ მიერ ნათქვამი სიტყვა თუ გადადგმული ნაბიჯი საბედისწეროდ შეიძლება აისახოს მათ ცხოვრებაზე და პრინციპი "დიდი გაიზრდება და დაავიწყდება", საერთოდ არ მუშაობს. ცუდი ზღაპრები, რომელშიც კამერა ბავშვის მზერად გვევლინება და ისე გროტესკულად გადმოგვცემს მოვლენებს, როგორიც ყველა ჩვენი ბავშვობის მოგონებაა ხოლმე (თუ კარგად დავაკვირდებით), თავისი სულისშემძვრელი ფინალით გვაჩვენებს, რომ ხშირად ზრდასრულების წინააღმდეგ ბავშვების შურისძიება, ყველაფრისგან გათიშულობა ან თვითდესტრუქცია პასუხია იმ საყოველთაო გულგრილობასა და ძალადობაზე, რომელსაც უფროსები ზღაპრების მიღმა რეალური ცხოვრების სახით სთავაზობენ მათ.

7. Never Rarely Sometimes Always / არასდროს, იშვიათად, ხანდახან, ყოველთვის, რეჟისორი ელიზა ჰიტმანი (აშშ)

ფოტო: Focus Features

ისინი, ვინც აბორტის ლეგალურობას აპროტესტებენ, არასდროს ინტერესდებიან ხოლმე იმ მიზეზებით, თუ რატომ შეიძლება სჭირდებოდეს ქალს ამ გადაწყვეტილების მიღება, თავი რომ დავანებოთ იმას, თუ რას სთავაზობენ მომავალში ქალებს აბორტის სანაცვლოდ: ქალების უფლებების შეზღუდვის მომხრეები არ იაზრებენ, თუ რამდენად მძიმე ნაბიჯი შეიძლება იყოს ეს თავად ქალისთვის, თუმცა ამავდროულად — უკიდურესი აუცილებლობა. მათთვის, ვისთვისაც ქალის სხეული მხოლოდ ჭურჭელია, რომელმაც რელიგიური თუ ბიოლოგიური მოტივებით (მნიშვნელობა არ აქვს) აუცილებლად უნდა შეასრულოს თავისი "მოვალეობა", უხილავია ის გენდერული წესრიგი, რომელიც ქალების ცხოვრებას ძალადობის მუდმივ შიშად აქცევს. თანაც აბორტთან დაკავშირებით მორალურ გაკვეთილებს ყოველთვის ქალებს უტარებენ და არა კაცებს, რომლებიც მეტწილად სწორედ არასასურველი ორსულობის მთავარი გამომწვევები არიან: ძალადობის აურაცხელ ფაქტებს რომ თავი დავანებოთ, ხშირად ხუშტურების გამო პრეზერვატივის გამოყენებაზეც კი ამბობენ უარს. რეჟისორი ელიზა ჰიტმანი ამ ფილმში დეტალურად გვაჩვენებს 17 წლის გოგოს აბორტის გაკეთებამდე განვლილ გზას, რომელიც რეალურადაც (პენსილვანიიდან ნიუ-იორკში) და ემოციურადაც წარმოუდგენლად გრძელი და მძიმე აღმოჩნდა, ერთადერთ მხარდამჭერად კი ისევ მეგობარი გოგო მოევლინება. ფილმში ერთი კონკრეტული და მთავარი სცენა, როდესაც ვიგებთ, თუ რატომ აქვს ამ კინოსურთს ეს უჩვეულო სათაური შერჩეული, მაყურებელზე წარუშლელ კვალს ტოვებს და ჰიტმანის ნამუშევარი საერთო სათქმელით კრისტიან მუნჯიუს შესანიშნავ ფილმს 4 თვე, 3 კვირა და 2 დღე უახლოვდება.

8. The Assistant / თანაშემწე, რეჟისორი კიტი გრინი (აშშ)

ფოტო: Bleecker Street

არსებობს ჩუმი ფილმები, რომლებიც ჩვენს გონებაში ძალიან ახმაურდება ხოლმე. სწორედ ასეთივეა თანაშემწე, რომელიც კინოსტუდიაში ფილმის სათაურის შესაბამის პოზიციაზე მომუშავე ახალგაზრდა ჯეინის შესახებ მოგვითხრობს. სამყაროში, სადაც ლამის ყველაფერი სოციალური კაპიტალითა და თანამდებობის რანგით განისაზღვრება, ჯეინი უზარმაზარ კომპანიაში, ცხადია, სრულიად უხილავი წერტილია, თუმცა სანაცვლოდ თავად ხედავს ბევრ რამეს და როგორც მოგვიანებით ეტყვიან, "არასაჭირო" რაღაცებსაც. ეს ფილმი ერთი მხრივ გვაჩვენებს რიგითი ადამიანების თითქოს უმნიშვნელო, თუმცა ამავდროულად ძვირფას იშვიათობად ქცეული მზრუნველი ბუნების სინატიფეს (თუნდაც ოფისში სხვის მიერ დატოვებული ჭურჭლის პირადი სურვილით გარეცხვა) და ამასთანავე ილუსტრაციაა იმისა, თუ რას უდრის დღეს "წარმატების კიბეზე" ასვლა: ყოველგვარი პრინციპის, სამართლიანობისა და ადამიანობის დავიწყებას. თუ გინდა, საერთო წესრიგის ნაწილი გახდე და ბაზრის პრინციპებით "ღირებული" იყო, მაშინ თვალი უნდა დახუჭო ყოველგვარ ძალადობასა და უსამართლობაზე. "ასეა, შენ რას გააწყობ" — როგორც იტყვიან ხოლმე. და მართლაც, ხანდახან ძალიან, ძალიან რთულია ხმა ამოიღო იმის წინააღმდეგ, რაშიც ყველა ასე ძალიან გათქვეფილა, რადგან მაშინვე ეცდებიან გაგაჩუმონ და გაგახსენონ, რომ თუ შენ საწინააღმდეგო გზას აირჩევ, გაირიყები, შენს ადგილს კი სხვა დიდი სიამოვნებით დაიკავებს.

9. Lovers Rock / ლავერს როკი, რეჟისორი სტივ მაკქუინი (დიდი ბრიტანეთი)

ფოტო: BBC One

სტივ მაკქუინი ბოლო წლების განმავლობაში უზომოდ საინტერესო პროექტზე მუშაობდა: ანთოლოგიური სერიის სახით ხუთი დამოუკიდებელი ფილმი გადაიღო, რომლებიც 1960-70-იან წლებში კარიბებიდან (ვესტ-ინდოეთი) ლონდონში წასული ემიგრანტების ცხოვრებაზე მოგვითხრობს. ხუთივე ფილმი ლეგენდარული ბობ მარლის ცნობილი სიმღერის სახელწოდების Small Axe ქვეშაა გაერთიანებული და თითოეულ მათგანში რეგის, იამაიკური მუსიკალური ჟანრის ნამდვილი ზეიმია, რაც ამ ფილმებს ერთგვარ კინო-მუსიკალურ ალბომადაც აქცევს. მათ შორისაა ამ სერიის რიგით მეორე კინოსურათი ლავერს როკი, რომელიც რეგის ერთ-ერთი რომანტიკული მიმდინარეობის სახელწოდებას იმეორებს. ფილმის სიუჟეტი ძირითადად ერთ სივრცეში ვითარდება, სადაც შავკანიანი ემიგრანტები თუ წინა თაობის ემიგრანტების შვილები საყვარელი სიმღერების თანხლებით ცეკვავენ. ეს პროცესი კი ისეთ ცოცხალ სახეს იძენს, რომ მაყურებელი ფიზიკურად შეიგრძნობს კაბების ფრიალს, ტანზე მომჯდარი პერანგების ქსოვილს, ოფლით დაცვარულ შუბლებსა თუ ქუსლიანი ფეხსაცმელების მოუხერხებლობას ცეკვისას. ხმაურიანი რეგით, თამბაქოს კვამლითა და დაუოკებელი ვნებით გაჟღენთილი სივრცე ამ სანახაობის მნახველს ნამდვილ ექსტაზში ჩააგდებს, განსაკუთრებით კი 2020 წელს, როცა სახლში გამოკეტილებს ფილმში აღწერილი დეტალები პრეისტორიულ ტრადიციებად მოგვეჩვენება. ლავერს როკი ზაფხულის ხანმოკლე, თუმცა სამუდამოდ დასამახსოვრებელ მშვენიერ საღამოს ჰგავს.

10. Kajillionaire / მულტიმილიონერი, რეჟისორი მირანდა ჯულაი (აშშ)

ფოტო: Focus Features

ეს არის ერთდროულად ძალიან სასაცილო და სევდიანი ფილმი, რომელიც რაღაცით ბონგ ჯუნ ჰოს გასული წლის ტრიუმფატორ სურათს პარაზიტი წააგავს: განსაკუთრებით ერთ სცენაში, როცა ამ ისტორიის მთავარი მოქმედი პირები სხვის სახლში შეიჭრებიან და იმ ოჯახის წევრების როლის თამაშს ცდილობენ. გარკვეული განწყობების მსგავსების გამო ამ ფილმს ამერიკული პარაზიტიც შეგვიძლია ვუწოდოთ, თუმცა რეჟისორ მირანდა ჯულაის პლაგიატში ნამდვილად ვერ დავადანაშაულებთ, რადგან ამ პროექტზე მანამდე დაიწყო მუშაობა, სანამ ბონგ ჯუნ ჰოს ნამუშევარი იხილავდა მზის სინათლეს. ეს ირიბი დამთხვევა ამ ნამუშევარზე ცუდად საერთოდ არ მეტყველებს, მეტიც — მას ძალიან ბევრი დამოუკიდებელი ღირსებაც აქვს, რაც მაყურებელს საშუალებას აძლევს, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე მიადევნოს თვალი უსიყვარულობაში გაზრდილი პროტაგონისტის სასოწარკვეთით, სევდითა და კომიკურობით სავსე მცდელობებს, რომ უანგარო სიყვარული იპოვოს.