შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი აცხადებს, რომ საქართველოს უწყენები ყველა ბერკეტს იყენებენ, რათა დათა ვანიშვილის ვითარებას ადეკვატური რეაქცია მოჰყვეს.

"ბატონი დათა ვანიშვილის ავადმყოფობის დადგენისთანავე, ბუნებრივია ჩვენ ინტენსიურად ჩავერთეთ პროცესში, ამოქმედდა ცხელი ხაზი და საქართველოს შესაბამისი უწყებები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ყველა ჩვენს ხელთ არსებულ ბერკეტს ვიყენებთ იმისთვის, რომ ადეკვატური რეაგირება მივცეთ ამ ვითარებას. კერძოდ, ჩვენ ვიმყოფებით რეგულარულ კონტაქტზე საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ასევე ბატონი დათა ვანიშვილის ოჯახის წევრებთან. ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ჩვენს ხელთ არსებული არაფორმალური კომუნიკაციის არხები. ამ ეტაპისთვის თქვენთვის ცნობილია, რომ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი კრძალავს თავისუფალ გადაადგილებას, მათ შორის ისეთი მძიმე პაციენტებისთვის როგორიც ამ ეტაპზე არის ბატონი დათა ვანიშვილი. მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, არსებული შესაძლებლობებიდან და რეალური ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ ვმოქმედებთ, მათ შორის ოჯახის ინტერესების გათვალისწინებით", — განაცხადა ახველდიანმა.

რამდენიმე დღის წინ დათა ვანიშვილის შვილიშვილი, მალხაზ ვანიშვილი-ქურთაევი დააკავეს და ამჟამად ახალგორში იმყოფება. როგორც ვალია ვანიშვილი ამბობს, შვილიშვილი თავის ცოლთან ერთად მათ მოსავლელად გადავიდა. ცოლი 17 დეკემბერს დააბრუნეს. ვანიშვილის მდგომარეობა მძიმე. როგორც დათას ცოლი, ვალია ვანიშვილი ამბობს, მოხუცს ფილტვების ანთება აქვს, ექიმი მათთან ხან ცხინვალიდან მიდის, ხანაც ახალგორის ამბულატორია უწევს კონსულტაციას, საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან ავადმყოფს ვერ ეხმარებიან.