საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში არშესულ პარტიებს დაფინანსებას შეუწყვეტს, პარტნიორების მხრიდან გაჩენილი შეკითხვების შემდეგ ვენეციის კომისიაში გადააგზავნეს.

"იმ საკანონმდებლო ცვლილებაზე, რაზეც თქვენ საუბრობთ, როგორც კი ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად ვნახეთ, რომ შეკითხვები იყო, ავდექით და გავგზავნეთ ვენეციის კომისიაში. კიდევ რა გავაკეთოთ? რა არის ეს, თუ არა კონსტრუქციული პარტნიორობა და დისკუსია", — განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, ისინი მეგობრებისგან კრიტიკას ყოველთვის ჯანსაღად აღვიქვამენ და უსმენენ მათ.

"ახლა მეორე მხარეს შეხედეთ — მაშინ, როდესაც ჩვენი მეგობრები, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები რასაც მოგვიწოდებენ, ჩვენ იმას ვაკეთებთ. რასაც მოუწოდებენ ოპოზიციას, მარტივ რამეს მოუწოდებენ — პოლიტიკა გააკეთეთ პარლამენტში და არა ქუჩაში და თუ თქვენ ამომრჩეველმა ხმა მოგცათ და პასუხისმგებლობა დაგაკისრათ, მაშინ ნება იბოძეთ და იმ მიზნების მისაღწევად გამოიყენეთ საპარლამენტო ტრიბუნა და არა ქუჩა", — თქვა გიორგი გახარიამ.'

ქართულმა ოცნებამ პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში არშესულ პარტიებს დაფინანსებას შეუწყვეტს.

კანონპროექტს არ ეთანხმება ამერიკის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი. აშშ-ის ელჩი იმედს გამოთქვამს, რომ ქართული ოცნების მიერ ინიცირებული კანონპროექტი გადაიხედება.

დასჯად აფასებს პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტის საკითხს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც.