ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პარასკევს მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მიგრანტების მიღებისას, ამერიკა დევნილ ქრისტიანებს პრიორიტეტს მიანიჭებს.

"მათ საშინლად ექცევიან, თითქმის შეუძლებელი იყო სირიელი ქრისტიანებისთვის ამერიკაში შემოსვლა. თუ მუსლიმი იყავი, მარტივად შემოხვიდოდი, მაგრამ თუ ქრისტიანი არა, და ეს ძალიან, ძალიან დიდი უსამართლობაა, ახლა კი ჩვენ მათ დავეხმარებით" - დასძინა ტრამპმა.

CNN-ის ცნობით, ამერიკის პრეზიდენტს არ დაუსახელებია მტკიცებულება, ან მიზეზი, თუ რის გამო ანიჭებდნენ უსაფრთხოების და სახელმწიფო დეპარტამენტები ან სააგენტოები უფრო დიდ პრიორიტეტს მუსლიმებს და არა ქრისტიანებს.

აღსანიშნავია, რომ სირიის მოსახლეობის 87% მუსლიმია და მხოლოდ 10 პროცენტია ქრისტიანი. უკანასკნელი კვლევის მონაცემების მიხედვით, 12 600 სირიელიდან, რომლებსაც მიგრანტის სტატუსი მიენიჭათ, 99% მუსლიმი იყო ხოლო 1 პროცენტი - ქრისტიანი.

ამავე დღეს ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებებს, რომლებიც 4 თვით მიგრანტების მიღებას ზღუდავს, ხოლო 7 მუსლიმური ქვეყნის მოქალაქეებს ამერიკაში შესვლას უკრძალავს. ჯერჯერობით უცნობია, როგორ შეძლებენ სირიელი ქრისტიანი მიგრანტები ამერიკაში შესვლას.