ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის თქმით, საგადასახადო შეღავათების დიდი ნაწილი არ ემსახურება იმ მიზანს, რისთვისაც თავის დროზე დაწესდა. მაჭავარიანი ამბობს, რომ ყოველთვის, ბევრად უფრო მიზანშეწონილია მოწყვლადი სოციალური ჯგუფების დახმარება, ან სერვისის ხელშეწყობა, ვიდრე შეღავათების დაწესება.

"უამრავ მაგალითს გეტყვით. წინა პარლამენტში იყო საუბარი თხევად გაზზე, რომ თხევად გაზს იყენებს მთელი რიგი რეგიონები, სოფლები, სადაც არაა ბუნებრივი გაზი და ეს არის სოციალური გაზი. თუმცა, რომ დავთვალეთ, ვნახეთ რომ 20 მილიონია შეღავათი ბიუჯეტიდან. 20 მილიონს ვკარგავდით. ამ შემთხვევაში ვეთანხმები ბიზნესასოციაციას და იმ მეწარმეებს ვინც ეს თემა წამოწია, რომ უნდა გათანაბრდეს დაბეგვრა და ეს შეღავათი თავის მიზანს არ ემსახურება", — ამბობს მაჭავარიანი.

ფინანსთა მინისტრის თქმით, უნდა გადაიხედოს უკვე არსებული საგადასახადო შეღავათები და თავი უნდა შევიკავოთ ახალი შეღავათების დაწესებისგან.

"ეს, როგორც მინიმუმ, ნიშნავს, რომ ახალი შეღავათებისგან უნდა შევიკავოთ თავი და მაქსიმალურად ფრთხილები უნდა ვიყოთ და ძველ შეღავათებს უნდა გადავხედოთ. და იმ დაზოგილი ფულით ისევ შეგიძლია, რომ სოციალურად დაუცველებისთვის და შეჭირვებულებისთვის დამატებითი პროგრამები შეიმუშაო", — განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

საგადასახადო შეღავათების გადახედვასა და გაუქმების ალბათობაზე ისაუბრა პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ. პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომაზე, სამთავრობო პროგრამაზე საუბრისას მან განაცხადა, რომ საგადასახდო შეღავათებისა გარდა, უნდა გადაიხედოს საგადასახადო შეთანხმებაც.

გაიგეთ მეტი: