პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ წყალმომარაგებაზე საუბრისას განაცხადა, რომ გაცილებით უკეთესია, თუ ის კერძო მმართველობაში იქნება და სახელმწიფომ ამ და მსგავსი კომპანიების გასხვისება უკვე დაიწყო.

"2021 წელს წყლის სისტემის წესრიგში მოსაყვანად, დაახლოებით, 350 მილიონი ლარია დაგეგმილი. ეს პროგრამა გაგრძელდება სანამ საბოლოოდ არ მოგვარდება. დასჭირდება ამას, დაახლოებით, 4-5 წელი. ამას დასჭირდება არაორდინალური ნაბიჯები. რა თქმა უნდა, აქ კერძო სექტორია შემოსაყვანი. სახელმწიფომ ინვესტიციები ჩადო მართვის ნაწილში, უკვე რისკები და ხარჯები თავის თავზე არ უნდა აიღოს იქ, სადაც გასხვისება არის შესაძლებელი, იმიტომ, რომ კერძო მმართველი გაცილებით უფრო ეფექტურია ვიდრე სახელმწიფო მმართველი. და ვფიქრობთ უკვე დავიწყოთ გასხვისება იმ კომპანიების, რომელშიც წესრიგშია ინფრასტრუქტურა", — განაცხადა გიორგი გახარიამ.

გახარიამ აღნიშნა ისიც, რომ მერწმუნეთ, ყველაფრის ევროპულ დონეზე სისტემაში მოყვანას ათოbით მილიარდი ლარი და ბევრი წელი დასჭირდება.

დღეს მე-10 მოწვევის ერთპარტიული პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა იმართება, სადაც პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ მომავალი მთავრობის პროგრამა წარადგინა. ასევე, დღეს დამტკიცდება მინისტრთა კაბინეტი, რომლის ყველა წარმომადგენელი ქართული ოცნების წევრი იქნება.

თუ გინდა გაიგო, როგორ მუშაობს ან ვერ მუშაობს მე-10 მოწვევის პარლამენტი, რა ინიციატივები აქვთ დეპუტატებს და ზოგადად, როგორ მიიღება გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურობას განსაზღვრავს, შემოგვიერთდი ჯგუფში — რა ხდება პარლამენტში.